in

Dots Legal: „ჩვენ დავამტკიცეთ, რომ იურიდიულ კომპანიასთან ურთიერთობა შეიძლება იყოს მარტივი და კომფორტული“

ალბათ, ყველა საქმეში მთავარი წერტილების შეერთებაა, საერთო სურათი ნათლად რომ დაინახო. ასე ხდება იურიდიულ სფეროშიც, სადაც სამართლიანობის მისაღწევად, ყველა დეტალის გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია. დღეს, გიამბობთ იურიდიულ კომპანიაზე, რომელმაც გადაწყვიტა ამ სფეროსთვის დამახასიათებელი არაერთი სტერეოტიპი სხარტი მიდგომით დაემსხვრია და ახალგაზრდული სილაღით მიდგომოდა ისეთ სფეროს, სადაც ამას ნაკლებად ვართ შეჩვეული – სამართალს. ციცია ჯავახიშვილმა და სალომე გორგოძემ იურიდიული კომპანიისთვის სახელიც მარტივი შეარჩიეს – Dots Legal, რაც სიმბოლურად აღნიშნავს, რომ ყოველი წერტილი, ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. კომპანიის ჩამოყალიბებისას, მათი მთავარი მოტივაცია იყო, საზოგადოებაში „საადვოკატო ბიუროებსა“ და თავად იურისტებთან დაკავშირებული შეხედულებები შეეცვალათ, იურიდიულ კომპანიასთან ურთიერთობა მარტივ, სასიამოვნო გამოცდილებად ექციათ და დამკვეთისთვის დავის გადაჭრის კომფორტული გზები შეეთავაზებინათ.

M: სანამ, უშუალოდ, მთავარ საკითხებზე გადავალთ, თქვენს გამოცდილებაზე გვიამბეთ…

სალომე გორგოძე: ჩვენი გამოცდილება ძალიან კონტრასტულია. საადვოკატო კომპანიის გარდა, ძირითადად, კერძო სექტორში მაქვს ნამუშევარი, მათ შორის, სამშენებლო სფეროში, რომელიც დეტალების ცოდნას საჭიროებს. შემდეგ, სააგენტო Holmes & Watson-ში გადავინაცვლე. სწორედ აქ მიიპყრო ჩემი ინტერესი ფროდაქშენმა. ძალიან განსხვავებული და მიმზიდველი სფერო აღმოჩნდა ჩემთვის, როგორც შემოქმედებითი, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისითაც, რაზეც ვრცლად მოგვიანებით მოგიყვებით.

ციცია ჯავახიშვილი: კარიერა მეც საადვოკატო კომპანიით დავიწყე, მოგვიანებით, კერძო სექტორში მცირეხნიანი მუშაობის შემდეგ, საჯარო სექტორში გადავინაცვლე და იუსტიციის სამინისტროს სსიპებში ვიმუშავე. დეტალურად შევისწავლე საჯარო სექტორის მუშაობის პრინციპი, რის შემდეგაც კულტურის სფეროში გადავედი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის იურისტი გავხდი. ეს პერიოდი იყო ძალიან ბევრი გამოწვევით, საერთაშორისო დიდი პროექტით და კულტურულ-სამართლებრივი დილემებით სავსე. განვლილმა პერიოდმა ძალიან კარგი გამოცდილება მომცა საჯარო სექტორთან ურთიერთობის, მისი ბიუროკრატიული ბუნების მიუხედავად ლავირების კარგი უნარები გამომიმუშავა. აღნიშნულის შემდეგ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში რეგისტრირებულ უცხო ქვეყნის ფილიალ „სოლიდარობის ფონდი პლ“-ში მქონდა კორპორატიულ იურისტად მუშაობის შესაძლებლობა, სადაც ქართული და ევროპული სამართლის მრავალი თანაკვეთის პოვნა მიწევდა, და ცხადია, სამართლებრივად აქტიური მხარდაჭერა კომპანიის. სწორედ ასეთი განსხვავებული გამოცდილება გვეხმარება დავინახოთ ორივე მხარე და უფრო ფართო თვალსაწიერიდან შევხედოთ ნებისმიერ გადასაწყვეტ საკითხს.

M: როგორ გადაწყვიტეთ საქმის ერთად კეთება?

პირველ რიგში, ამ სფეროს სიყვარულმა გაგვაერთიანა. საბედნიეროდ, ჩვენი გამოცდილებები ერთიმეორეს ავსებს. საქმის წამოწყებამდე ჩვენი პროფესიული თანაკვეთა იურისტი სტუდენტების საერთაშორისო ორგანიზაციით დაიწყო, რომელიც ჩვენი სპეციალობის ადამიანებს 43 ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს, ესაა ELSA (European Law Students’ Association). იქ გავიცანით, დავახლოვდით და საერთო მიზანიც დიდი ხნის წინ ვიპოვეთ. სხვადასხვა მცდელობის შედეგად, პანდემიის დროს, დაიბადა Dots Legal. გვინდოდა, ჩვენთან ურთიერთობისას ადამიანებს ეგრძნოთ ის განსხვავებული ხედვა და მიდგომა, რაც გვამოძრავებს.

მთავარი იდეა არის ის, რომ ჩვენ არ ვართ კონცენტრირებული საკითხის აუცილებლად დავით გადაჭრაზე. მაქსიმალურად ვართ მხარის ინტერესზე ფოკუსირებული.

M: იურიდიულ სფეროსთან დაკავშირებულ რა სტერეოტიპებს გამოცხადეთ ბრძოლა, Dots Legal-ის გუნდის წევრებმა?

სამწუხაროდ, იურიდიული საქმიანობა ასოცირდება სერიოზულ, მკაცრ და პრაგმატულ ურთიერთობებთან. ხშირად, ადამიანებს ეს ხელს უშლით და აბრკოლებთ იურიდიულ კომპანიებთან დაკავშირებაში. მიგვაჩნია, რომ საქმის პროფესიონალურად საკეთებლად არაა აუცილებელი მკაცრი სუბორდინაცია. ვფიქრობთ, უშუალო ადამიანური მიდგომა არამხოლოდ დადებით ურთიერთობას აყალიბებს, არამედ დამატებით სასარგებლო დეტალების გაგებაში გვეხმარება.

ამას გარდა, ხშირ შემთხვევაში, იურისტები არ იყენებენ დავის ალტერნატიულ მეთოდებს, მაგალითად, მედიაციას, არბიტრაჟს. ასეთი გზების შეთავაზება ადამიანებს უქმნით კომფორტს, იზოგება დრო, ფინანსური რესურსები და ეს მოქნილობა ძალიან დადებითად აისახება დამკვეთზე. ჩვენთვის, ესაა ჯანსაღი პარტნიორობა.

რა საქმეებიც აგვიღია, როდესაც დამკვეთი მოდის, დავების 70-80% მორიგებით ვასრულებთ, რითაც კომფორტს ვუქმნით ადამიანებს, ვისაც სრულიად არ აქვთ სასამართლოში სირბილის ხალისი. ჩვენი საქმის ამოსავალი წერტილიც სწორედ ესაა დამკვეთი იყოს მაქსიმალურად მშვიდად, სტრესის გარეშე, ზუსტად გავიგოთ რა სურს და დავეხმაროთ მას ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში. ამას კი, მაქსიმალური მოქნილობით ვახერხებთ.

M: ვის აერთიანებს Dots Legal-ის გუნდი?

ჩვენ მმართველი პარტნიორები ვართ. იმის გათვალისწინებით, რომ დოთსი შრომის უსაფრთხოების სამართლის სფეროშიც გასწევს მომსახურებას, გვყავს შრომის უსაფრთხოების მენეჯერიც, რომელიც HSE მიმართულებით ემსახურება დამკვეთებს, ასევე დოთსის გუნდის წევრია სამედიცინო სამართლის იურისტი, რომელიც სამედიცინო სექტორზეა სრულად ორიენტირებული. გარდა ზემოაღნიშნული გუნდის წევრებისა, სხვადასხვა  საქმის გათვალისწინებით ერთიანდებიან, აუთსორსზე სხვა იურისტებიც. განსაკუთრებით, ჩვენი ყურადღება ფროდაქშენის მიმართულებას ეთმობა. ზემოხსენებულის გარდა, აქტიური თანამშრომლობა გვაქვს HORECA და კვების სფეროსთან. ამ კუთხითაც ხშირად ვემსახურებით ბიზნესსექტორს. საქართველო ინტერნაციონალური ქვეყანაა. ძალიან ბევრი ჩამოდის ბიზნესის საკეთებლად და ბევრიც, აქედან საზღვარგარეთ ცდილობს იმავეს, ამდენად მოთხოვნა უცხოური ბაზრიდანაც დიდია.

M: რა სპეციფიკა აქვს ფროდაქშენის მიმართულებით იურიდიულ მომსახურებას?

საქართველოში ფროდაქშენის კულტურა ძალიან განვითარებულია. ბევრი ღირებული პროდუქტია შექმნილი, თუმცა იურიდიული თვალსაზრისით რეგულირება თითქმის არ არსებობდა. ფროდაქშენის პროდუქტის შექმნისას, არ არსებობდა რაიმე დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებდა საავტორო უფლებებს, უფლებამოსილებებს, ინტელექტუალურ საკუთრებას… ეს სფერო ჩვენთვის დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენს. უკვე ვთანამშრომლობთ რამდენიმე კინოსტუდიასთან. მათ შორისაა Sibler Films, რომლის პორტფოლიოშიცაა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „8 წუთი“.

ფროდაქშენის სფეროს ფინანრუსი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია იურიდიული საკითხების დარეგულირება. აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების ავტორი რამდენიმე ადამიანი თანაბრად შეიძლება იყოს, რაც ქონებრივ უფლებებსა და საბოლოო ჯამში, სარგებელთანაა დაკავშირებული. დეტალები უამრავია და როგორც ვახსენე, აუცილებელია ფროდაქშენის კუთხით იურიდიული საკითხების გათვალისწინება, მაშინაც კი, როდესაც თავდაპირველად, ხელოვანი ადამიანი ვერ აცნობიერებდა თავისი შემოქმედების ღირებულებას. ასევე, მნიშვნელოვანია შემოქმედებითი ჯგუფის საკითხებიც. მათი ხელშეკრულება არაა სტანდარტული მომსახურების ხელშეკრულება. აუცილებელია პირადი მონაცემების დაცვის ფაქტორის გათვალისწინებაც. ამ ყველაფრის უგულვებელყოფა ფროდაქშენ ჯგუფისთვის ძალიან ხშირად ხდება დავებისა და ფინანსური დანაკარგების საფუძველი.

M: სამედიცინო სამართლის კუთხით როგორ მუშაობთ?

ამ სფეროშიც პრობლემა ბევრნაირია და საკმაოდ სპეციფიკური. ერთი მხრივ, ფიზიკურ პირს შეიძლება ჰქონდეს დავა მომსახურებასთან ან კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, მეორე მხრივ, კლინიკა იურიდიულად მაქსიმალურად უნდა იყოს გამართული, რადგან მასზე ვრცელდება სახელმწიფო სამედიცინო რეგულაციები და მთელი რიგი ვალდებულებები აქვს კანონის წინაშე. მთლიანობაში, ეს უამრავ წვრილმანს მოიცავს და მნიშვნელოვანია მათი გათვალისწინება, ფინანსური ზარალის თავიდან ასაცილებლად.

M: თქვენთვის რითაა მიმზიდველი დავის მედიაციით გადაწყვეტა?

თუკი სასამართლოზე მთავარი მოქმედი პირი არის იურისტი, მედიაციის პროცესში ამ როლს მხარე ირგებს და წარმართავს. მთლიანი პროცესი ისეა ორგანიზებული, რომ მხარის ინტერესი იყოს დაცული. სამედიაციო პროცესში თავად ადვოკატს აქვს დიდი მნიშვნელობა, რომელმაც უნდა უზრნველყოს მხარის მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობთ, ამ მიმართულების განვითარება დიდი სიკეთის მომტანია, როგორც ბიზნეს სუბიექტებისთვის, რომლისთვისაც  „დრო ფულია“, ასევე ისეთივე სენსტიური დავებისთვის, როგორიც საოჯახო ურთიერთობებია.

M: რას ნიშნავს თქვენთვის ეს საქმე?

საკუთარ როლს მკაფიოდ ვხედავთ. გვინდა, შევცვალოთ დამოკიდებულება იურიდიული სფეროს მიმართ. სამწუხაროდ, მასთან დაკავშირებული მოსაზრებები, ხშირ შემთხვევაში, საბჭოთა მემკვიდრეობაა მაშინ იურისტი მხოლოდ ისეთ დროს სჭირდებოდათ, თუ ვინმეს იჭერდნენ. დღეს, რეალობა სრულიად სხვანაირია და იურისტი გჭირდება იმისთვის, რომ გაითვალისწინო რისკები, თავიდან აირიდო შესაძლო გართულებები და უბრალოდ, იცხოვრო მშვიდად. საამისოდ, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რაზეც დაუღალავად ვმუშაობთ და კვლავაც განვაგრძობთ მუშაობას.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

[R]

დემნა გვასალია — პირველი ქართველი Time-ის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში!