ბავშვობაში რაიმეს კომპლექსი თუ გქონიათ? შესაძლოა, დღეს ამაზე გეცინებოდეთ კიდეც, მაგრამ კარგად გემახსოვრებათ ემოციებიც… ზოგს ცხვირი არ მოსწონს, ზოგს ფეხი და ზოგსაც წონა, ამ ყველაფერს კი დაბალ თვითშეფასებამდე მივყავართ, რაც უარყოფითად აისახება ჩვენსავე განვითარებაზე. ამ კომპლექსებით დიდად არც ხალხში გამოჩენა გვინდა და არც სკოლის დაწყება გვიხარია…
Dove-ის უახლესი კამპანიაც ზუსტად ამ საკითხს ეხება და გვეუბნება, რომ ეს ასე არ უნდა იყოს. სამწუხარო სტატისტიკას გვაცნობს — ვიზუალის გამო სამიდან ორი გოგო უარს ამბობს სკოლაში ჩართულობაზე, იქნება ეს ხელის აწევა თუ კლასგარეშე აქტივობებში მონაწილეობა. გოგონების დაბალი თვითშეფასება კი, თავის მხრივ, მათ რეალურ პოტენციალს აფერხებს!
ამიტომ, კამპანიით Most Likely To გვეუბნებიან, რომ გოგოებისთვის საკუთარი თავის სიყვარულის სწავლება ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილია. ოღონდ აქ კანადის მაცხოვრებლებს ძალიან გაუმართლათ, მათ ბრენდი უფასო ვირტუალურ ვორქშოფს სთავაზობს, რისი მიზანიც თავდაჯერების ამაღლებაა.
სარეკლამო ვიდეოსთან ერთად, Dove ამ გზავნილს ბილბორდებზეც ავრცელებს და გვაცნობს მოზარდებს, რომლებიც ხან კალორიების თვლით არიან გართულნი, ხან მსხვილი ფეხების გამო უარს ამბობენ სპორტულ აქტივობებში ჩართულობაზე, ხან საკუთარი ცხვირი არ მოსწონთ და ა. შ.
კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო Ogilvy Canada-მ იმუშავა.
აქვე შეგახსენებთ, რომ მიუხედავად მომხიბვლელი კამპანიებისა, Greenpeace-მა Dove გარემოს დაბინძურებაში ამხილა და მოსახლეობას საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდა…