„სილამაზე არ განისაზღვრება ფორმებით, ზომებით და არც კანის ფერით. ეს ყველაფერი ადამიანს ბუნებრივად ენიჭება, ბუნებრივობა კი მუდამ ლამაზი და ავთენტურია. ჩვენი პროდუქცია მიზნად ყველა ქალის ჩართვას ისახავს, განურჩევლად. ჩვენ გვინდა, რომ ყოველი მათგანი თავს გრძნობდეს ლამაზად და მოვლილად”, – ეს არის ის კონცეფცია, რომელსაც „მზრუნველის” არქეტიპის მქონე ბრენდი DOVE ეყრდნობა და ამ კონცეფციით ხელმძღვანელობს არსებობის მანძილზე. ეს არის ბრენდი, რომელმაც მრავალი ქალი შთააგონა. მისი კამპანიები ყოველთვის ქალების თვითშეფასების ამაღლებისკენაა მიმართული და პლანეტის ყველა ქალს ეუბნება, რომ ის იმსახურებს მოვლას და ზრუნვას.
როგორც იცით, ჩვენი რუბრიკის ფარგლებში ყოველთვის ცნობილი ბრენდების ისტორიულ მიმოხილვებს გთავაზობთ. ასე რომ, გავიგოთ, რა გზა გამოიარა DOVE-მა დღემდე.
ყველაფერი პირველი ნაბიჯით იწყება
ბრენდს საფუძველი Lever Brothers-მა 1957 წელს ჩაუყარა. მას მიაწერენ საპნის პირველი ალტერნატივის შექმნას, რომელიც ნაკლებად აშრობდა კანს და ჰქონდა გამწმენდი ეფექტი.
უილიამ ლევერი, ბრიტანული საპნის და სარეცხი საშუალებების მეწარმე, 1851 წელს ინგლისში დაიბადა. 1885 წელს თავის ძმასთან, ჯეიმსთან ერთად, საპნის პატარა საწარმო გახსნეს. გადმოცემით ვიგებთ, რომ ისინი კონსულტაციას ნაცნობ ქიმიკოსთან გადიოდნენ, სახელად უილიამ ჰაუ უოტსონთან, რათა შეექმნათ პალმის ზეთისა და გლიცერინისგან დამზადებული საპონი.
პროდუქტს თავდაპირველად Honey დაარქვეს, ანუ „თაფლი”, თუმცა გაყიდვამდე გადაარქვეს და “Sunlight Soap”-ად გადააკეთეს. ეს საპონი 134 ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში უწყვეტად იყიდებოდა.
წარმოების გაფართოება და კონკურენცია
იმის გამო, რომ ძმების პროდუქტი მოთხოვნადი გახდა და წარმოების მასშტაბები სულ იზრდებოდა, 1887 წლისთვის უილიამ ლევერმა იყიდა დიდი ქარხანა ლივერპულში და გაფართოვდა მთელ ევროპაში, ამერიკასა და ბრიტანეთის კოლონიებში.
1929 წლისთვის Margarine Unie-მ, რომელიც იყო მარგარინის დომინანტური მწარმოებელი დიდ ბრიტანეთში, Lever Brothers-თან ხელშეკრულება გააფორმა და მათ ერთად ჩამოაყალიბეს ორგანიზაცია, Unilever. ამავე დროს ბაზარზე შემოვიდა მათი უდიდესი კონკურენტი, Procter & Gamble.
1957 წლისთვის Dove-მა ამერიკაში „რევოლუციური სილამაზის გამწმენდი ნაკრები” გამოუშვა, რომელიც დერმატოლოგებმა ნომერ პირველ გამწმენდ საშუალებად აღიარეს. მას შემდეგ მან პროდუქციის გაფართოება კვლავ გააგრძელა და თავის მოვლის ყველანაირ საშუალებაზე გადავიდა, როგორებიცაა შამპუნები, ლოსიონები და სახის კრემები.
კამპანიები, რომელმაც Dove-ის წარმატება განაპირობა
Dove-ის წარმატება მხოლოდ მის პროდუქციას არ განუპირობებია. ის იქცა ბრენდად, რომელმაც მზრუნველის როლი მოირგო და მსოფლიო მასშტაბით ყველა ქალს თავისი გვერდშიდგომა გამოუცხადა.
ამის საუკეთესო მაგალითი იყო Real Beauty კამპანია, რომელიც 2004 წელს დაიწყო. ბრენდი აკვირდებოდა ქალებს და მიხვდა, რომ სულ უფრო ბევრი ადამიანი იყო უკმაყოფილო იყო იმით, თუ როგორ გამოიყურებოდა. გარდა ამისა, Dove-მა დაინახა მზარდი უფსკრული ხალხის სურვილებსა და იმას შორის, რა პროდუქციასაც ბაზარი აწვდიდა.
Real Beauty კამპანია ნეგატიურ სტერეოტიპებს დაუპირისპირდა, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში დამკვიდრდა სილამაზის ინდუსტრიის მიერ. კამპანიის ფარგლებში ბრენდმა ქალებს სთხოვა, გაეზიარებინათ თავიანთი ფოტო ჰეშტეგით, #mydovemessages Twitter-ზე, YouTube-ზე ან Facebook-ზე, რათა აჩვენონ, თუ როგორ იპოვეს ადამიანებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებმა, სილამაზე და თავდაჯერებულობა Dove-ის პროდუქტების მეშვეობით.
მარკეტერების მიერ Real Beauty ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კამპანიადაა აღიარებული, რადგან მან მოახერხა და გავლენა მოახდინა მომხმარებელთა ემოციებზე. ის შეეხო ისეთ სენსიტიურ თემებს, როგორებიცაა ქალების დისკრიმინაცია სხეულის ფორმების მიხედვით, რითაც შეძლო ბრენდის ირგვლივ პოზიტიური ასოციაციების შექმნა.
ეს კამპანია ბრენდის ყველაზე მნიშვნელოვან წარმატების ისტორიად იქცა.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი