ბიჭებისთვის უფრო რთულია მამებთნ საკუთარი დამოკიდებულებისა და სიყვარულის გამოხატვა, ვიდრე გოგონებისთვის. სწორედ ამიტომ, Dove–მა მამის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ძალიან თბილი კამპანია მოაწყო.
აქტივობაში მონაწილეობას რამდენიმე მოხალისე და ერთი მსახიობი იღებდა. პირველ რიგში, გამოიყო ის ძირითადი და მნიშვნელოვანი, რისი თქმის სურვილიც ამ მონაწილეებს ყოველთვის ჰქონდათ. თუმცა, სამწუხაროდ გულახდილად ამის გადმოცემა არ შეეძლოთ. მსახიობმა, ყველა ამ ადამიანის როლი და ხმა მოირგო.
როგორც იქნა, დადგა მამასთან დარეკვის დროც. საუბარი ჩვეული მოკითხვით დაიწყო, მაგრამ მოულოდნელად გაგრძელდა. მსახიობმა იდენტური ხმით და საუბრის მანევრით მამებს ის ემოციური სიტყვები უთხრა, რის გაგონებასაც ალბათ ყოველთვის ნატრობდნენ: ”მიყვარხარ”, ”მადლიერი ვარ”, ”მინდა შენნაირი ვიყო”, “ძალიან ბევრს ნიშნავ”, ”მჭირდები”. გაოცება და ბედნიერება ტელეფონითაც კი აშკარა იყო. რაც მთავარია, ორმხრივმა სითბომ და ემოციურობამ ახალგაზრდებს აქამდე არსებული შებოჭილობა მოუხსნა, საუბარში თვითონაც ჩაერთნენ და ნელ–ნელა თავიანთი სათქმელი თავად თქვეს.
ყვავილები და საჩუქრები დედებს, მამებისთვის კი უბრალოდ თბილი სიტყვებიც ძალიან ბევრს ნიშნავს.