in

Drakkar – როგორ იქცა ფინანსისტისა და IT სპეციალისტის ჰობი ჰიპერრეალისტური დიორამის ხელოვნებად

Startauperi
Startauperi

თავიდან, ამ ყველაფერს ოჯახურ „ჩხირკედელაობად“ მოიხსენიებდნენ. ლილი წიქარიშვილი და კახაბერ ქარაზანიშვილი სამსახურების პარალელურად, თავისუფალ დროს, მეგობრებისთვის ორიგინალურ საჩუქრებს საკუთარი ხელით ქმნიდნენ და მათი აღფრთოვანებით სულდგმულობდნენ. ცოლ-ქმარს მაშინ არც უფიქრია, რომ ეს საქმე სამსახურებიდან წამოსვლის ბიძგი იქნებოდა. წლების შემდეგ, ჰიპერრეალისტური მინიატურებისთვის საკუთარი სახელოსნო, სპეციალური აღჭურვილობა და სამუზეუმო დონის დიორამის შექმნის შესაძლებლობა აქვთ და B2B სეგმენტის მიმართულებით გეგმავენ წასვლას. საქმესაც საკუთარი სახელი აქვს – „დრაკარი“. ლილი პროფესიით ფინანსისტია და საბანკო სფეროში მუშაობდა წლების მანძილზე, კახაბერი – თავდაცვის სამინისტროს IT სპეციალისტი გახლდათ. ორივეს შორიდან მოსწონდა სხვების ნამუშევრები და ვინ იცის, რომ არა ერთი ბედნიერი შემთხვევა…

„ერთხელაც, ერთ-ერთი მეგობრისთვის მისი სახლის პატარა მოდელის შექმნა გადავწყვიტეთ. წარმოდგენა არ გვქონდა, როგორ უნდა შეგვექმნა, მაგრამ კახამ YouTube-ზე მოძებნა ვიდეოები. ძალიან მოვინდომეთ, ღამეები ვათენეთ და დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან უბრალო ნამუშევარი გამოვიდა. რაც მთავარია ძალიან დიდი ემოციები მოგვგვარა არამხოლოდ ჩვენ, არამედ საჩუქრის ადრესატსაც. საოცარი რეაქცია ჰქონდა. მისმა სიხარულმა ჩვენც დაგვმუხტა და სხვა რამდენიმე მეგობრისთვისაც შევქმენით მსგავსი საჩუქრები“, – გვიამბობენ „დრაკარის“ .

მალე, პირველი შეკვეთაც მიიღეს. ჰობი საქმედ აქციეს და სამსახურების პარალელურად ქმნიდნენ ჰიპერრეალისტურ ნამუშევრებს მომხმარებლების მიერ მიწოდებული ფოტოებიდან. როგორც თავად ამბობენ, ამ საქმის მთავარი საიდუმლო სრული პერსონალიზაციაა. თითოეული დეტალი ზედმიწევნითი სიზუსტით იქმნება.

M: როგორ იქცა დიორამა თქვენთვის საინტერესო ბიზნესსაქმიანობად?

კახაბერი: მაშიონ დიორამა და მაკეტი ჩვენთვის ერთი და იგივე იყო, თუმცა ძიების პროცესში დავაკვირდით, რომ დიორამა მთელი კულტურაა და ხელოვნების ეს მიმართულება საკმაოდ კარგადაა განვითარებული საზღვარგარეთ. დიორამას დიდი ისტორია აქვს და საკმაოდ ფართოდ გამოიყენება საზღვარგარეთ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ფროდაქშენში, მაგალითად, „ვარსკვლავური ომების“, „ბეჭდების მბრძანებლის“ და სხვა არაერთი ცნობილი კინოპროდუქტების ეპიზოდებია ამ მეთოდით გადაღებული. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დიორამები XX საუკუნეშიც მზადდებოდა, დავაკვირდით, რომ მსგავსი ნივთები საცალო ბაზარზე არ იქმნებოდა, მხოლოდ სამუზეუმო და კულტურული დანიშნულების გახლდათ. სრულიად ახალი იდეა იყო, ბიზნესის თვალსაზრისით. ვიფიქრეთ, ადამიანებს დააინტერესებდათ თავიანთი მოგონების ან საყვარელი ადგილის დიორამად ქცევა. რაც ვნახეთ, ეს იმდენად საოცარ ემოციებს იწვევს ადამიანებში, ამ ყველაფერში პერსპექტივა დავინახეთ.

ლილი: პირველი შეკვეთა მეგობრის მეგობრისგან მოვიდა. სამსახურში „სიქრეთ სანტას“ თამაშობდა და ადრესატად საკუთარი უფროსი ამოუვიდა. თბილისის ერთ-ერთი პირველი „გალფ სთორის“ დიორამა უნდა შეგვექმნა. დამწყები რომ ხარ, ბევრ რამეს უფრო ადვილად ეჭიდები ხოლმე და ავიღეთ ეს შეკვეთა. მახსოვს, „სიქრეთ სანტას“ დღემდე არცერთი ღამე არ გვიძინია. ადრესატი აღფრთოვანდა ჩვენი ნამუშევრით და მოგვიანებით, სწორედ ეს იქცა „გალფთან“ ჩვენი თანამშრომლობის საწყისად.

M: როგორ განვითარდა „დრაკარი“ ამ წლების განმავლობაში?

ლილი: ეს საქმე 2019 წლის დასაწყისში წამოვიწყეთ. მაშინ ყველაფერს სახლში ვაკეთებდით და არც სახელოსნო გვქონდა. დღევანდელი ნამუშევრები 180 გრადუსით განსხვავდება მაშინდელებისგან. თითოეული დეტალი გაცილებით რეალისტური და ხარისხიანია. სახელოსნოში 2021 წლის ბოლოდან გადავედით. თავდაპირველად, არ ვიცოდით, როგორ უნდა მოგვეწყო ეს სივრცე, გვეგონა ყველაფერი ხელით უნდა გვეკეთებინა, თუმცა გავერკვიეთ და ეტაპობრივად შევქმენით ტექნიკური ბაზა, შევიძინეთ სპეციალური ინსტრუმენტები და ტექნიკა, რამაც მნიშვნელოვნად წაგვწია წინ. ძალიან შეიცვალა ნამუშევრების ხარისხი.

კახაბერი: შეიცვალა მომხმარებლის დამოკიდებულებაც. თავიდან, ბევრი ვერ ხვდებოდა, რას ვაკეთებდით და სათითაოდ გვიწევდა ახსნა, როგორ კეთდება, რაში შეიძლება გამოეყენებინათ და ა.შ. ნელ-ნელა გათვითცნობიერდა მომხმარებელი და სხვებმაც რომ დაიწყეს ამ მიმართულების ბიზნესი, ამანაც ხელი შეუწყო სფეროს პოპულარიზაციას. რაც უფრო მეტად ვითარდება სფერო, საზოგადოებაც უფრო მარტივად იგებს პროდუქტის დანიშნულებას.

M: „დრაკარის“ განვითარების რა ეტაპზე გადაწყვიტეთ წამოსულიყავით სამსახურიდან და ამ საქმისთვის მიგეძღვნათ თავი?

ლილი: ასეთი გადაწყვეტილების მიღება იმდენად რთულია, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე საერთოდ არ განვიხილავდით სამსახურის ამ საქმით ჩანაცვლებას. ერთხელაც, ინტერვიუს დროს გვკითხეს, თუ ვგეგმავდით სახელოსნოს გაკეთებას. ჩემს გონებაში მაშინვე დაიხატა სცენა, როგორი სახელოსნო გვაქვს, როგორ ვსხედვართ და ვაკეთებთ საყვარელ საქმეს. მოგვიანებით, როდესაც ეს ყველაფერი რეალობად იქცა, ბევრჯერ გავიხსენეთ ეს ამბავი. ტვინი ასეთი საოცარი რამაა – მიაწვდი იდეას, წარმოსახვას და თავად იწყებს მუშაობას მის ასრულებაზე. მართალია, მანამდე არ ვფიქრობდით სახელოსნოს მოწყობას, თუმცა ტვინმა თავად იპოვა გამოსავალი. ინტერვიუდან ზუსტად ერთ წელიწადში გადავედით სახელოსნოში. ამ ყველაფერს მოჰყვა გადაწყვეტილება სამსახურიდან წამოსვლაზე, რადგან „დრაკარის“ სასარგებლოდ გავაკეთეთ არჩევანი.

M: დიორამის ოსტატობის დახვეწასთან ერთად, გადაწყვიტეთ უფრო მეტად B2B სეგმენტზე იყოთ ორიენტირებული. როგორ ხედავთ ამ მიმართულებას?

ლილი: დიორამის შექმნას ახლდა ერთი პრობლემა – სულ უფრო მეტად იხვეწებოდა ჩვენი ხარისხი, უფრო მეტ დროს საჭიროებდა და ფასიც მატულობდა. ბუნებრივია, განვითარების აუცილებლობიდან გამომდინარე, უფრო დაბალხარისხიანს ვერ გავაკეთებთ. ამ დროისათვის, სამუზეუმო დონის ნამუშევრების შექმნის უნარი და რესურსი გვაქვს. ამ დონის ნამუშევარში კი თანხის გადახდა B2C სეგმენტისთვის ადვილი არ არის. ამიტომ, გადავწყვიტეთ შევამციროთ საცალო მომხმარებლების მომსახურება და უფრო მეტად თამამად შევთავაზოთ ჩვენი პროდუქტი B2B სეგმენტს.

ამ მხრივ, ჩვენს გამორჩეულ ნამუშევრებს შორისაა „გალფის“ პროექტი, რომელიც დეკორაციის სახით გადმოსცემს კომპანიის ისტორიას და „გალფის“ სივრცეშია გამოფენილი. B2B სექტორისთვის განსაკუთრებით საინტერესოა დიორამა, რომელიც მაკეტისგან განსხვავებით, რეალური გარემოს დეტალურ მოდელს წარმოადგენს. მაგალითად, იმ მიზანს, რისთვისაც მაკეტი სჭირდებათ ხოლმე სამშენებლო კომპანიებს, დიორამა ბევრად ეფექტურად მოემსახურება. ასევე, დიორამა საინტერესო ალტერნატივაა კრეატიული სააგენტოებისთვის, ვიდეოფროდაქშენისთვის, ისეთი ადგილების გასაცოცხლებლად, სადაც მისვლა ფიზიკურად არის შეზღუდული, მარტივად ვერ გადაიღებ და ა.შ.

მაგალითად, ამ დროისათვის ვმუშაობთ ილორის ტაძრის პროექტზე. ეს ტაძარი რუსებმა დააზიანეს და გვსურს, დიორამის სახით მაინც აღვადგინოთ, რაც აფხაზეთის კულტურული და ღირსშესანიშნაობის პოპულარიზაციასა და ვიზუალიზაციას ემსახურება.

M: როგორც თქვით, თვითნასწავლი ხართ ამ სფეროში. როგორ მუშაობთ საკუთარი უნარების გაუმჯობესებაზე?

კახაბერი: პასუხი მარტივია – არაფერი მოგვწონს, რასაც ვაკეთებთ. პერფექციონიზმი გვიბიძგებს მუდმივად ვეძებოთ და ვისწავლო რაღაც ახალი. თვალს ვადევნებთ იმ ადამიანებს საზღვარგარეთ, ვისაც სერიოზული შედეგები აქვთ ამ მიმართულებით. გლობალურ დონეზე ეს სფერო იმდენად განვითარებულია, რომ კომპანიებიც კი არსებობს, რომლებიც დიორამებისთვის განკუთვნილ მასალას აწარმოებენ. სამწუხაროდ, მათი პროდუქტი საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი და საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ასევე, დიორამების მუზეუმებიცაა, მაგალითად, გერმანიაში საკმაოდ პოპულარულია ტურისტებში.

ლილი: „დრაკარი“ არის ჩვენი ცხოვრება, თავისი სახელოსნოში დარჩენებით და ა.შ. მთელ დროსა და ძალისხმევას ამას ვუთმობთ. თითქმის ყველა პროექტს გავეცანით, რაც მცირე ბიზნესისთვის, ქალებისთვის ან რეგიონული განვითარებისთვისაა განკუთვნილი (მოგეხსენებათ, ჩვენი სახელოსნო რუსთავშია). ვცდილობთ, მაქსიმალურად ვიყოთ ჩართულები – მაგალითად, გავიმარჯვეთ პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“, UNDP-სა და საქართველოს ბანკის პროექტი და USAID-ის დაფინანსებით ლაზერული ჭრის აპარატი შევიძინეთ. ასევე, მერსი ქორფსის მხარდაჭერით ფოტო-ვიდეო ტექნიკა მივიღეთ და გვსურს ფროდაქშენის მიმართულება განვავითაროთ. „კრისტალის ფონდისა“ და USAID-ის პროექტშიც მივიღეთ დაფინანსება. პოტენციური პარტნიორების მოსაძიებლად, გერმანიაშიც ვიყავი, GIZ-სა და „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით. ყველა ეს პროექტი არამხოლოდ დამატებითი რესურსების წყაროა, არამედ ცოდნის, მენტორინგისა და სანაცნობო წრის თვალსაზრისითაც, რაც ასე მნიშვნელოვანია ბიზნესის მართვისთვის. რომ არა ეს პროექტები, საკუთარი სახსრებით ვერ მოვახერხებდით ასეთი აღჭურვილობის შეძენას.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

„რატომ ვაფასებთ ძველ ნივთებს და არა, ადამიანებს?“ — Age UK-ის კამპანია

7 გარემოსდაცვითი მიღწევა, რომელმაც შეცვალა დედამიწის ისტორია