in

სიზმრებში ინტეგრირებული რეკლამები — მარკეტინგის დისტოპიური მომავალი?

დღეს, როდესაც ჩვენი სახლები სავსეა ჭკვიანი მოწყობილობებით და მათგან განუყოფლად ვცხოვრობთ, ბევრ ჩვენგანს ერთი აზრი უტრიალებს გონებაში — ძილი ჩვენი ცხოვრების ერთადერთი ნაწილია, რომელშიც მარკეტერები ვერ აღწევენ… თუმცა, შესაძლოა, ეს დიდხანს არ გაგრძელდეს — გასულ წელს ძილისა და სიზმრების ექსპერტთა ჯგუფმა გააჟღერა იდეა, რომ სიზმრებში ინტეგრირებული რეკლამა მალე რეალობად იქცევა.

ალბათ, ჩვენი სტატიების მკითხველებს გაახსენდათ კიდეც ის ამბავი, თუ როგორ ჩანერგეს ცდისპირებში ლუდსახარშის რეკლამა — ეს მხოლოდ მცირე ნაწილი ყოფილა მასშტაბური გეგმისა და მხოლოდ ერთი კომპანიის ამბავს მოგვითხრობდა. ლოგიკურია, რომ მარკეტერები აქტიურად შეეცდებიან, ჩვენს სიზმრებზე ჰქონდეთ წვდომა, რადგან სწორედ ძილში იქმნება ძლიერი ასოციაციები.

„სიზმარი რეალური მექანიზმია, რომელიც ბიოლოგიურად განვითარდა და, შეიძლება ითქვას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება, თუ როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება მომავალში“, — ამბობს რობერტ სტიკგოლდი, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ფსიქიატრიის პროფესორი და სიზმრების შესწავლის ექსპერტი,

2021 წელს ამერიკული მარკეტინგის ასოციაციის გამოკითხვამ, რომელშიც 400 მარკეტერი მონაწილეობდა, დაადგინა, რომ მათგან სამი მეოთხედის მიზანი ასეთია — 2025 წლისთვის სიზმარზე მორგებული სარეკლამო ტექნოლოგიები დანერგოს…

და მაინც, რა არის ეს — ტიპური მარკეტინგული აჟიოტაჟი თუ მოახლოებული დისტოპიური რეალობის გულწრფელი აღიარება?

მეცნიერებმა უკვე შეიმუშავეს ჩვენი სიზმრების ნარატივის შეცვლის მეთოდები… მაგალითად, 2020 წელს ადამ ჰაარ ჰოროვიცმა, MIT-ის კურსდამთავრებულმა, გამოიყენა ახალი მოწყობილობა, სახელწოდებით Dormio. ეს უკანასკნელი სუბიექტის სიზმრებში ძირითადი იდეების ჩანერგვას ემსახურება. სისტემა ავტომატურად აფიქსირებს, როდის იმყოფება ადამიანის ცნობიერი სიფხიზლესა და ძილს შორის არსებულ გარდამავალ მდგომარეობაში და სწორედ ამ დროს იწყებს აუდიტორული სტიმულის მოქმედებას. ექსპერიმენტის ფარგლებში ჰაარმა და მისმა გუნდმა მართლაც წარმატებით „აიძულა“ ცდისპირი, სიზმრად ხეები ენახა.

რა თქმა უნდა, Dormio შორს არის სრულყოფილად ჩამოყალიბებული სიზმრის რეკლამის რეალიზაციისგან, თუმცა ის მაინც ერთგვარ საფუძველს ქმნის სამომავლო განვითარებისთვის.

რამდენად ეთიკურია ეს ყველაფერი?

ექსპერტები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ სასწრაფოდ უნდა შეიმუშაონ პრევენციული ქმედება და ახალი პოლიტიკა, რათა რეკლამის განმთავსებლებმა ჩვენი არაცნობიერით არ იმანიპულირონ.

ყოველივე ამის შემდეგ, იგივე ტექნოლოგიები — იმპლანტანტებსა და ფუტურისტულ სამოსს, რომლებსაც რეკლამების სიზმრებში დასანერგად გამოიყენებენ, შესაძლოა, სასარგებლო დატვირთვა მოეძებნოს. მაგალითად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ მექანიზმს კოშმარების დასათრგუნად, კრეატიულობის გასაზრდელად და სირთულეების დასაძლევად მიმართავენ.

წიგნი, რომელიც ბავშვებს დიზაინს შეასწავლის

მშფოთვარე ადამიანები მოხუცების მსგავსად მოძრაობენ — კვლევა