31
Oct
2019

რა უნდა მოიმოქმედოთ, თუკი სასურველ სამსახურში ვერ მოეწყეთ?

31 Oct 2019

ყველა პროფესიონალს არ აქვს იდეალური გამოცდილება. ზოგჯერ, საოცნებო სამსახურში მოხვედრისას, მათაც ეუბნებიან უარს. ყველაფერს დრო სჭირდება. ბუნებრივია, უარის მიღების შემდეგ, ცხოვრება უნდა განაგრძოთ, მაგრამ რა უნდა მოიმოქმედოთ, თუკი საოცნებო სამსახურში არ აგიყვანეს? მოდით, განვიხილოთ ეს ოთხი სტრატეგია, რომლითაც გადალახავთ იმედგაცრუებას და ამოქმედდებით.

pasha-statiebi
pasha-statiebi

შეხედეთ მარცხს სხვა მხრიდან. იმ მომენტში, როდესაც უარის მიღებისას გგონიათ, სამყარო თავზე დაგენგრათ და ყველაფერი დასრულდა, არაფერი გამოგდით და მიზნების მიღწევასაც ვერ შეძლებთ, ღრმად ჩაისუნთქეთ – ეს მხოლოდ თქვენი ფიქრებია. ასეთ დროს, უმჯობესია მარცხი რაღაც კონტექსტში მოაქციოთ. მაგალითად, გადახედოთ წარსულ წარუმატებლობას, რა ისწავლეთ მათ შემდეგ, როგორ განვითარდით და რა შესაძლებლობები შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში. 

აქციეთ თქვენი გულისტკენა მოტივაციად. თუკი საოცნებო სამსახურში მიღებაზე უარს გეუბნებიან, გაარკვიეთ, რა არის ამის მიზეზი: არასაკმარისი უნარები? იქნებ, გამოცდილების ნაკლებობა? ეს დაგეხმარებათ საკუთარ თავზე მუშაობასა და ზრდაში. შეისწავლეთ ახალი კომპიუტერული ენა, შეიძინეთ ახალი პროფესია, განავითარეთ არსებული, მაგრამ აუცილებლად იმუშავეთ საკუთარ თავზე, რომ წაიწიოთ წინ.

თუკი დემოტივირებული ხართ განმეორებითი უარების გამო, იქნებ, არალოგიკურ სტრატეგიას მიმართოთ? არასტანდარტული მიდგომა და შემდგომი მოქმედებები, ჩვეულ შედეგებს აღარ მოიტანენ. ცვლილება კი განსხვავებულ შესაძლებლობებთან მიგიყვანთ.

განსაზღვრეთ მიზნის მიღწევის ალტერნატიული გზები. სასურველ მიზნამდე მისასვლელად მხოლოდ ერთი გზა არ არსებობს ხოლმე. როგორც წესი, მისი მიღწევის ერთადერთ საშუალებაზე ვიციკლებით ხოლმე. დაფიქრდით, რა შეიძლება იყოს ალტერნატიული გზა? ჰკითხეთ საკუთარ თავს:

არსებობს ამავე პოზიციის მქონე კონკურენტი? მაგალითად, კოკა-კოლამ თუ არ შეგარჩიათ, იქნებ პეპსისთან გეცადათ?

იქნებ, სხვა მომიჯნავე ფუნქციები შეგეთავსებინათ, სანამ უშუალოდ სასურველ პოზიციას დაიკავებთ? მაგალითად, გაყიდვები, კომუნიკაციები, დისტრიბუტორებთან ურთიერთობა…

არიან მომმარაგებლები, ვენდორები, ან მსგავსი ბიზნესი, ვისთანაც იმუშავებდით? დააკვირდით ანალოგიური პოზიციის მქონე სხვა ადამიანებს: სცადეთ LinkedIn-ზე მათი დაკვირვება. როგორია მათი კარიერული გზა? იქნებ, იმ პოზიციაზე სცადოთ ბედი, რომელიც მათ უკვე გამოუვლიათ?

ბუნებრივია, რომ ვიმედოვნებთ იდეალური პროფესიული შესაძლებლობის პოვნას. მარცხი კი არც ისე ადვილი გადასატანია. თუმცა, ამ სტრატეგიის დახმარებით, ვიმედოვნებთ, მალევე შეძლებთ შანსის პოვნას და მის გამოყენებას.

ეცადეთ, დარჩეთ თქვენთვის საინტერესო კომპანიის სიახლოვეს. მაშინაც კი, თუკი სხვა აიყვანეს, კადრების გადანაცვლება მაინცაა შესაძლებელი, უახლოესი ორი წლის განმავლობაში. მიზეზი შეიძლება იყოს შეუთავსებლობა, მარცხი ან სხვა რამ.

ნუ მოერიდებით თავიდან დაწყებას. თუკი სასურველი პოზიცია ვერ მოიპოვეთ, მისწერეთ მათ გულწრფელი წერილი, მადლობა გადაუხადეთ შესაძლებლობისთვის და აცნობეთ, რომ კვლავინდებურად ძალიან ხართ დაინტერესებული კომპანიაში მუშაობით და გამოთქვამთ მზაობას კვლავინდებურად განაგრძოთ მოლაპარაკება.

თვალი ადევნეთ კომპანიის აქტივობებს, Google-ის თუ LinkedIn-ის საშუალებით. დააკვირდით, რა პოზიციებზე ცხადდება ვაკანსია და ეცადეთ გქონდეთ რეგულარული კონტაქტი მათ HR მენეჯერთან. თუკი სადმე აქვს ლექცია ან სიტყვით გამოდის, ეცადეთ დაესწროთ ღონისძიებას და პირადად საუბრის შანსიც გამოიყენოთ. ამგვარად შეძლებთ, საჭირო მომენტში საჭირო ადგილას აღმოჩნდეთ, როდესაც ვაკანსია კვლავ გამოცხადდება.

 

წყარო: HBR



განხილვა