27
Sep
2019

თქვენი ბავშვობისეული ოცნებები თქვენს ზრდას აფერხებს

27 Sep 2019

ერთ დღესაც თქვენ მიხვდებით, რომ ის ადამიანი არ ხართ, ვინც გეგონათ, რომ იქნებოდით. ალბათ ოდესღაც ფიქრობდით, რომ თქვენი ცხოვრება ბევრი “აფეთქებით” იქნებოდა სავსე და მთელ თქვენს თავისუფალ დროსა და შემოსავალს თქვენთვის საყვარელ საგნებსა და საქმეს დაახარჯავდით. შეიძლება, ფიქრობდით, რომ ძალიან ცნობილი გამოხვიდოდით – მთელი სამყარო გაღიარებდათ..

pasha-statiebi
pasha-statiebi

ალბათ, ხშირად გეუბნებოდნენ, რომ ბევრი გეოცნებათ, რომ თუკი საკმარისად მოინდომებდით, ყველაფერს მიაღწევდით და თქვენც გჯეროდათ, გჯეროდათ მძაფრად, თუმცა, ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც გჯეროდათ.. ერთგვარად თქვენ დედლაინები დაუწესეთ თქვენს თავს, კვებეთ თქვენივე მოლოდინები, თუმცა, როდესაც გაიზარდეთ მარცხი იგემეთ. დიახ, ეს ასე ხდება ხოლმე.. არავინ გვაფრთხილებს იმის შესახებ, რომ ჩვენი ბავშვობისეული მოლოდინები სამომავლო რეალობას არ დაემთხვევა. 

როდესაც ახალგაზრდა ხართ, შორეულ გეგმებს სახავთ – ფიქრობთ, როგორი იქნება თქვენი ცხოვრება 10 ან 15 წლის შემდეგ. ამ გეგმების ნაწილი კი, რეალურად არ არის თქვენ მიერ მოფიქრებული – ისინი თქვენ გარშემო მყოფი ხალხიდან მოდის: მოდის თქვენი მშობლების მოლოდინებიდან, თქვენი ქალაქის კულტურული ნორმებიდან, თქვენი მეგობრებიდან და მათი ღირებულებებიდან. როდესაც ახალგაზრდა ხართ, სამყაროს შესახებ საკმარის ცოდნას არ ფლობთ.. ცოდნას, რომელიც რეალურ გადაწყვეტილებებს მიგაღებინებთ.

ამ პერიოდში ყველაზე ხშირად ბავშვებთან გიწევთ კონტაქტი, ან იმ ზრდასრულ ადამიანებთან, რომლებიც თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს შეადგენენ. თქვენი ცოდნა, ძირითადად, ბაღით/სკოლით და თქვენივე სახლით შემოიფარგლება – რასაც ხედავთ და აღიქვამთ, ის იცით. ზუსტად არ იცით, რამხელაა სამყარო.. რამდენი ადამიანი შეიძლება არსებობდეს დედამიწაზე, რამდენი წინააღმდეგობისა და რამდენი ამბის გადატანა მოგიხდებათ ცხოვრების განმავლობაში და ოცნებობთ მხოლოდ იმ მოცემულობით, რომელსაც სხვებისგან იღებთ..

ერთ დღესაც, თქვენ გაიზრდებით და თქვენში არსებული ბავშვის მოლოდინებს ერთიანად დაამსხვრევთ. 

მიხვდებით, რომ თქვენი ცხოვრება იმ პიროვნების შესაბამისად დაგეგმეთ, როგორიც მაშინ – წლების წინ იყავით. თქვენ ისწავლით, რომ თქვენთან შედარებით, თქვენი ოცნებები არ გაზრდილან და გეშინიათ, გეშინიათ, რომ ვერასდროს აიხდენთ ბავშვობისდროინდელ სურვილებს – რომ ვერასდროს გექნებათ სრულყოფილი ქორწინება, ვერასდროს დაემსგავსებით სუპერმოდელს, ვერასდროს გექნებათ მილიონი დოლარი, ვერ ჩაიცვამთ სახელგანთქმული დიზაინერების სამოსს, ვერ გახდებით სახელოვანი მწერალი, მუსიკოსი, ათლეტი..

და მიუხედავად იმისა, რომ მართლაც შეიძლება, ერთ დღეს რომელიმე ზემოხსენებული ოცნება აიხდინოთ, ვერასდროს ვერ დააკმაყოფილებთ იმ სტანდარტს, რომელიც თქვენსავე თავს ბავშვობაში დაუწესეთ. და სწორედ აქედან იწყება წუხილი.. წუხილი არასრულყოფილების, უპასუხისმგებლობისა და სხვა თქვენთვის არასასურველი თვისების შესახებ.

თუმცა, რეალურად, თქვენში არსებული ბავშვი სულაც არ იქნება იმედგაცრუებული იმის გამო, რომ ასტრონავტი ვერ გამოხვედით. 

ბავშვობისეული ოცნებების ახდენაზე მეტად იმაში ხართ ვალდებული, რომ თქვენს თავს თქვენივე ამჟამინდელ პიროვნებაზე მორგებული ცხოვრება შეუქმნათ – სწორედ იმ პიროვნების, რომლის შესახებაც ბავშვობაში წარმოდგენაც კი არ გქონდათ. იმის მაგივრად, რომ თქვენი ბავშვური ოცნებების გამო საკუთარი თავი დააკნინოთ, ურჩიეთ, რა ჯობია ცხოვრების ამ ეტაპზე, რა უფრო რეალური და საინტერესოა..

თქვენ არ გჭირდებათ, რომ საუკეთესო იყოთ. არ გჭირდებათ, წარმატების მწვერვალებს მიაღწიოთ. გჭირდებათ ის, რომ თქვენმა პიროვნებამ მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს იმ საქმიდან, რომელსაც აკეთებთ. ეს კი თქვენს დარდს შეამსუბუქებს და სიმშვიდეს მოგგვრით. ზუსტად იმ ტალღაზე გადახვალთ, რომელზეც ბავშვობაში ოცნებობდით. მერე რა, თუ ასტრონავტი არ გამოხვედით..

ბავშვობისეული ოცნებები ხომ ისაა, რაზე ფიქრიც იმ კონკრეტულ მომენტში უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს, ჰოდა დროის სვლასთან ერთად ეს ოცნებები ფორმას იცვლიან, სხვა ოცნებებად გარდაიქმნებიან, რომელთა ახდენაც ანალოგიურ ბედნიერებამდე მიგვიყვანს. თუმცა ერთი რამ არ იცვლება – ამ ოცნებებისადმი რწმენა ზუსტად იმ დოზის უნდა გვქონდეს, რა დოზისაც ბავშვობაში გვქონდა..

წყარო: Medium



განხილვა