in

DreamWorks – შრეკისა და კუნგ ფუ პანდას შემქმნელის ისტორია

ისტორია ჭაობში მცხოვრები შრეკის შესახებ, რომელმაც პრინცესა ფიონა გადაარჩინა და მოლაპარაკე, მხიარულ ვირსაც დაუმეგობრდა, დიდმა თუ პატარამ კარგად იცის. ასევე ცნობილია ზოოპარკიდან მადაგასკარზე გაქცეული ცხოველებისა და კუნგ ფუს სპეციალისტი პანდას ისტორიები; მოთვინიერებული დრაკონი კი უამრავი ადამიანის საყვარელ ანიმაციად იქცა და ერთ-ერთ საუკეთესო ფილმადაა აღიარებული.

istoriebi
istoriebi

ყველა ამ ისტორიას თავისი შემქმნელი ჰყავს და მის უკან სტუდია DREAMWORKS Animation დგას, ამერიკული კომპანია, რომელმაც ანიმაციური მხატვრული ფილმები, ორიგინალური სატელევიზიო სერიალები და გასართობი შოუები შექმნა. მისი სათავო ოფისი კალიფორნიაში მდებარეობს.

კომპანიის შესახებ

DreamWorks Animation წარმოიშვა როგორც DreamWorks SKG-ს განყოფილება, კომპანიის, რომელიც 1994 წელს დააარსეს სტივენ სპილბერგმა, ჯეფრი კაცენბერგმა და დევიდ გეფენმა, სწორედ მათი სახელებიდან მოდის ინიციალებიც: SKG. ამ ტრიადის წევრ სტივენ სპილბერგს ჩვენი წარდგენა არ სჭირდება. 

რაც შეეხება კაცენბერგს, იგი უოლტ დისნეის კომპანიის კინოსა და სატელევიზიო წარმოების ხელმძღვანელი იყო, ხოლო ახალშექმნილ სტუდიაში ანიმაციური ფილმების წარმოების ხელმძღვანელად დაინიშნა. დისნეიში მუშაობის მის პერიოდს ზოგიერთები დისნეის რენესანსს უწოდებენ. თუ ფილმოგრაფიას გადავხედავთ, ჩვენც აასე ვიფიქრებთ, რადგან მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა: „პატარა ქალთევზა”, „ურჩხული და ლამაზმანი”, „ალადინი” და სხვები.

პირველი გუნდი, რომელმაც DreamWorks-ში მუშაობა დაიწყო, სპილბერგის პირველი ანიმაციური საპროდიუსერო კომპანიის, Amblimation-ის 250 თანამშრომლისგან შედგებოდა. 

ფილმოგრაფიის დასაწყისი

სანამ აქტიურ წარმოებაზე გადავიდოდა, DreamWorks-მა ორი დღეისთვის ცნობილი ფილმი გამოუშვა – Prince of Egypt და Antz. აქედან პირველი ტრადიციული ანიმაციაა, ხოლო მეორე ადრეული კომპიუტერული ანიმაციის პროდუქტია. მართალია, კომპანიამ კომპიუტერული გრაფიკა ექსკლუზიურად თავისი ფილმისთვის გამოიყენა, თუმცა იგი მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა Aardman-თან, ბრიტანულ კომპანიასთან, რომელიც სპეციალიზებულია stop-motion თიხის ანიმაციების კეთებაში. ჭიანჭველებზე გადაღებულმა ამბავმა თავდაპირველ ბიუჯეტზე თითქმის სამჯერ მეტი გამოიმუშავა. 

„ქათმების გაქცევა”

2000 წლის ზაფხულში DreamWorks-მა პარტნიორობა გაუწია ანიმაციურ სტუდიას Aardman Animations, რათა მათ ერთად შეექმნათ სტოპმოუშენის ტექნიკით გადაღებული პირველი მხატვრული ფილმი “Chicken Run”. ამ ფილმში კიდევ ერთხელ გამოჩნდა DreamWorks-ის ერთგულება მრავალფეროვანი ანიმაციური სტილისადმი. ის თანაბრად იყენებდა როგორც ტრადიციულ სტილს, ისე CGI-სა (Computer-Generated Imagery animation)  და სტოპმოუშენს.

ოსკარი საუკეთესო ანიმაციისთვის

2001 წელს გამოვიდა ანიმაციური ფილმი, რომელიც დაფუძნებული იყო ჟურნალის კარიკატურისტის, უილიამ სტეიგის წიგნზე. ეს ფილმია შრეკი, რომელმაც საუკეთესო ანიმაციისთვის ოსკარი მოიპოვა, ხოლო მისმა შემდეგმა სერიამ შემოსავლის ყველა რეკორდი მოხსნა.

რადგანაც შრეკმა ასე გაამართლა, DreamWorks-მა კიდევ რამდენიმე ისეთი ანიმაცია გამოუშვა, რომლებსაც ასევე დიდი მომავალი ჰქონდათ. მაგალითად, „მადაგასკარის”, „როგორ მოვარჯულოთ დრაკონის”, „კუნგ ფუ პანდას” პირველი ნაწილები იმდენად კარგი იყო, რომ მაყურებელი მაშინვე მიხვდა – ისინი მხოლოდ ერთი სერიით არ შემოიფარგლებოდა და მინიმუმ ერთი გაგრძელება მაინც ექნებოდა. ასეც მოხდა. 

გადასვლა CGI ტექნოლოგიაზე

შრეკის მეორე ნაწილის გამოსვლამდე კომპანიამ განაცხადა, რომ ნელ-ნელა სრულად გადავიდოდა CGI ტექნოლოგიის გამოყენებაზე. ეს საშუალებას აძლევდა მას, უფრო ეფექტური გამხდარიყო ფილმების წარმოებაში.

2004 წელს გამოუშვეს „შრეკი 2″ და „ზვიგენის ზღაპარი”. ამ ორი ფილმის გამოსვლის შუალედი 6 თვეზე ნაკლები დრო იყო. ორივე ფილმი გადაღებულია CGI ტექნოლოგიით.

DreamWorks Animation-ის თანამშრომლობა Netflix-თან

წლების განმავლობაში თანამშრომლობდა DreamWorks ისეთ ცნობილ კომპანიასთან, როგორიც Netflix-ია. DreamWorks ანიმაციურ სერიალებსა და სტრიმინგ სერვისებს აწვდიდა Netflix-ს. ამ პროექტებს შორისაა: მადაგასკარის პინგვინები და კუნგ ფუ პანდა: საოცარი ლეგენდები.

თანამშრომლობის გაფართოება

2006 წელი DreamWorks-ისთვის რევოლუციური წელი იყო, რადგან მრავალი სადისტრიბუციო ხელშეკრულება გააფორმა მაღალი რანგის სტუდიებთან. Paramount Pictures-მა შეიძინა უფლება, გაევრცელებინა DreamWorks-ის შემდეგი თორმეტი ფილმი.

2012 წელს კი DreamWorks-მა გახსნა პირველი სტუდია შანხაიში, რომელიც ორიენტირებული იყო ჩინური ფილმების განვითარებაზე. ამ ფილიალს Oriental DreamWorks ეწოდა.

2013 წელს ოფიციალურად ჩაეშვა DreamWorks Television, ერთი წლის შემდეგ კი ტელევიზიას გამომცემლობა დაეწია, სახელად – DreamWorks Press.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

1-ელ მაისს „საჭაშნიკე“ — ისტორიული გასტროსივრცის რეკონცეფცია, თანამედროვე რესტორანი, პაბი და გრილი გაიხსნა

ვების ტელესკოპი ახალ სურათებს გვიზიარებს!