27
Dec
2018

“დრესლიბი” – საღამოს კაბების გაქირავების ონლაინ სერვისი

27 Dec 2018

Startauperi
Startauperi


წვეულებისთვის კაბის ყიდვა ბევრისთვის რთული გამოწვევაა. ზოგჯერ, სასურველი კაბა აღემატება არსებულ ბიუჯეტს, ან გემოვნებას არ ემთხვევა. არცთუ ისე იშვიათად, კაბას ერთი საღამოსთვის ყიდულობენ, რის შემდეგაც სამოსი კარადის ბნელ კუთხეში დიდი ხნით იდებს ბინას. მათთვის, ვინც კაბას ეძებს წვეულებისთვის, კოქტეილის, საღამოს და ე.წ. “გამოსასვლელი” კაბა სჭირდება, სამოსის ქირაობა Dresslib-ში შეუძლია. “დრესლიბის” მომსახურებით სარგებლობა ონლაინ რეჟიმში არის შესაძლებელი. კაბების გაქირავების სერვისი ლიკა აბლოთიამ და ქეთი ბუჯიაშვილმა შექმნეს. მეგობრებს სურდათ, პრობლემა, რომელსაც თავადაც აწყდებოდნენ წვეულებისთვის მოსამზადებლად, სხვებისთვისაც მოეგვარებინათ. “დრესლიბის” გარდერობში შეხვდებით “მაიკლ კორსის”, “ვერა ვანგის”, “კელვინ კლაინისა” და სხვა ბრენდების კაბებს. დეტალებზე ლიკა აბლოთია გვესაუბრა.

M: გვიამბეთ Dresslib-ზე…

Dresslib ანუ Dress Library არის საღამოს ტანისამოსის ონლაინ “ბიბლიოთეკა”. “დრესლიბის” კოლექციაში შედის მაღალი ხარისხის, პრემიუმ ბრენდების და დიზაინერების კაბები, ჯერჯერობით, მხოლოდ ამერიკიდან. ისეთი ბრენდების, როგორებიცაა: Vera Wang, A.B.S ALLEN SCHWARTZ, Calvin Klein , BCBGeneration, Michael Kors, Donna Morgan, Anthropologue, Adrianna Papell და ა.შ. სამომავლოდ, გვსურს ვითანამშრომლოთ ქართველ დიზაინერებთაბთანაც.

ჩვენ გვჯერა, რომ გაუაზრებელი ხარჯების გაღების და ტანსაცმლის მხოლოდ ერთი დღისთვის შეძენის დრო წარსულს ჩაბარდა. სწორედ ამიტომ, Dresslib გაძლევთ საშუალებას, დახარჯოთ ნაკლები და ჩაიცვათ მეტი. ამავდროულად, გქონდეთ მინიმალისტური გარდერობი და ამით სარგებელი მოუტანოთ როგორც საკუთარ თავს, ასევე გარემოს.

M: იყო ამგვარი სერვისის საჭიროება ბაზარზე?

ამგვარი სერვისის საჭიროების დანახვიდან გაჩნდა ზუსტად “დრესლიბის” შექმნის იდეა. ბევრმა ვიცით, თუ რა ხათაბალასთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებული დღისთვის კაბის შეძენა. ხშირად მოგვწონს კაბები, რომელთა ღირებულებაც ჩვენს განსაზღვრულ ბიუჯეტს ბევრად აღემატება და ამ კაბებს მეორედ არც კი ვიცვამთ. დრესლიბისგან კაბის თხოვებით, თქვენ გეძლევათ საშუალება სწრაფი მოდის უხარსხო ნაწარმის ნაცვლად, მოიხმაროთ მაღალი ხარისხის ტანისამოსი ისე, რომ გადაიხადოთ მათი ღირებულების დაახლოებით მეხუთედი. ქირაობის არჩევით, თქვენ აღარ გექნებათ ტანისამოსით სავსე კარადა და ამავდროულად არაფერი ჩასაცმელი. ასევე, არ მოგიწევთ მაღაზიებში სირბილი განსაკუთრებული კაბის ძიებაში, რადგან თქვენს ფავორიტ კაბას პირდაპირ სახლში მოგიტანთ. გარდა ამისა, ქირაობა გაცნობიერებული არჩევანია, ის გარემოსთვის სასარგებლოა. როგორც მოგეხსენებათ, ტანისამოსის წარმოების ინდუსტრია, გარემოს ერთ-ერთი უდიდესი დამაბინძურებელია. უამრავი ტანსაცმელი იქმნება და მხოლოდ ერთხელ ჩაცმის შემდეგ ნაგავსაყრელზე ხვდება. იმ ტანისამოსის თხოვებით კი, რომელიც მხოლოდ ერთი დღისთვის გჭირდებათ, თქვენ ახალ სიცოცხლეს ჩუქნით უკვე არსებულ და გამოსადეგ ნივთს.

M: ძირითადად, როგორ სამიზნე სეგმენტზეა გათვლილი თქვენი მომსახურება?

Dresslib-ის კოლექცია საკმაოდ მრავალფეროვანია და ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანზეა გათვლილი. ქირაობის ფასი 50-დან 190 ლარამდე მერყეობს და დამოკიდებულია კაბის საბაზრო ღირებულებაზე. ჩვენი მომხმარებელი არის ყველა ქალბატონი, რომელსაც სურს ეცვას გამორჩეული კაბა და აკეთებს გააზრებულ არჩევანს.

M: როგორია სერვისის მიწოდების პროცესი? 

Dresslib, ჯერჯერობით, ონლაინ მაღაზიაა. კოლექციის დათვალიერება ფეისბუკისა და ინსტაგრამის გვერდებზე შეგიძლიათ. სასურველი ნივთის არჩევის შემდეგ, ჩვენი კურიერი მოგემსახურებათ. მომსახურება მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლების კომფორტზე. მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც საღამოს საათებში, ასევე შაბათ-კვირასაც. გარდა ამისა, შესაძლებელია შეუკვეთოთ ორი ან თუნდაც სამი კაბა ერთდროულად და დაიტოვოთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონებათ. თუ ვერ მოირგებთ ვერაფერს, არც ეგ არის პრობლემა. ნივთის უკან წამოღებაზეც ასევე ჩვენი კურიერი ზრუნავს. ფაქტობრივად, სახლიდან გაუსვლელად აგვარებთ ყველაფერს. მსგავსი სერვისის ანალოგი ქართულ ბაზარზე არ არსებობს. ასევე, მინდა დავამატო, რომ ყოველ ჯერზე დაბრუნებულ კაბას უტარდება ქიმწმენდა. ჩვენ მხოლოდ საუკეთესო ქიმწმენდებთან ვთანამშრომლობთ.

M: ასეთი სერვისის შექმნა პროფესიული არჩევანის ნაწილია?

ამ სერვისის შექმნის იდეა, პირველ რიგში იქიდან გამიჩნდა რომ დისკომფორტი მექნებოდა იმით, რომ ყოველი წვეულებისთვის ახალი და მხოლოდ ერთი დღისთვის ჩასაცმელი ტანისამოსის შეძენა მიწევდა. როგორც აღმოჩნდა იგივე პრობლემა ქონდა ჩემს მეგობარს, ქეთი ბუჯიაშვილსაც. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ეს სერვისი ყველა ადამიანისთვის, ვინც ამ იდეას იზიარებს. მართალია, ქეთი ამჟამად სააქართველოში არ ცხოვრობს, მაგრამ სრულფასოვნად არის ჩართული პროქტის მართვაში. ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ და კოლექციასაც ერთად, ჩვენი გემოვნებით ვადგენთ.

განხილვა