in

„დღეს, გრაფიკულ დიზაინერს სოციალური ხილვადობა თუ არ აქვს, ვერ გადარჩება!“ – რჩევები Dribbble-ის 3 რჩეული ქართველისგან

გასულ კვირას, ცნობილი გახდა, რომ 3 ქართველი გრაფიკული დიზაინერი: გია ბოხუა, კახა კახაძე და გიგა თამარაშვილი Dribbble-ის 100 000-ზე მეტი მომხმარებლიდან, ე.წ. Like-ების მიხედვით, 50 საუკეთესოში მოხვდნენ.

გია ბოხუა, რომელიც 12 წელია, აშშ-ში მოღვაწეობს და პარალელურად, საქართველოშიც ჩართულია ლოგო დიზაინის შექმნაში, Dribbble-ს 2011 წლიდან შეუერთდა და ყოველ წელს, TOP ათეულის უცვლელი დიზაინერია. Dribbble-ის საერთო რეიტინგში 26-ე ადგილს იკავებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მასზე, 42,531-ზე მეტი გამომწერი მხოლოდ 25 დიზაინერს ჰყავს. 

კახა კახაძე Dribbble-ზე 2015 წელს დარეგისტრირდა და დღეს მისი მიმდევრების რაოდენობა 6,792-ს შეადგენს. 

აც შეეხება გიგა თამარაშვილს, 2016 წლიდან დაიწყო საკუთარი ნამუშევრების Dribbble-ის პლატფორმაზე გამოქვეყნება და დღესდღეობით, 10,467 გამომწერს ითვლის.

რა მნიშვნელობა ენიჭება რიცხვებს გრაფიკულ დიზაინში? რა პერსპექტივებს სთავაზობს სფეროში მოღვაწე ადამიანებს პროფესიულ თუ ზოგადად, სოციალურ მედიაში აქტიურობა? და რას ურჩევს Dribbble-ის სამი რჩეული ქართველი დიზაინერებს? – ამას სტატიიდან შეიტყობთ:


გია ბოხუა, ლოგოდიზაინერი:
2008 წლიდან, მე დავიწყე Logopond-ზე ნამუშევრების დადება – ეს იყო პირველი ონლაინ პლატფორმა, სადაც გრაფიკულ დიზაინერებს შეეძლოთ თავიანთი ლოგოების გამოქვეყნება. ასე თუ ისე მიცნობდა ხალხი და საკმაოდ წარმატებულმა ტიპოგრაფმა გამომიგზავნა მოწვევა, რომ Dribbble-ზეც დავრეგისტრირებულიყავი. 2011 წელს, საწყის ეტაპზე მქონდა „ფოლოვერების“ ბაზა „ლოგოპონდიდან“, რომლებიც დრიბლზეც ამყვნენ. ნელ-ნელა, ამ 400 გამომწერიდან, რამდენიმე წელში ავედი 8000-მდე და 15 000 Follower რომ მყავდა, უკვე მაშინ გამოჩნდნენ კლიენტები და შეკვეთებიც გაიზარდა. ჩემი კლიენტების 90% „დრიბლიდან“ მყავდა.

90-იანების შემდეგ წამოსული თაობის დიზაინერების 90%, ვინც ნორმალურია, ყველას აქვს პროფილები: Dribbble-ზე, Instargram-სა და Behance-ზე. დღეს, გრაფიკულ დიზაინერს სოციალური ხილვადობა თუ არ აქვს, ვერ გადარჩება. ყველაზე დიდი კლიენტები მოდიან „ბიჰანსიდან“, მაგალითად, 3 წლის წინ Disney დამიკავშირდა, NFL, WIRED Magazine, New Balance, Al Jazeera და ა.შ. მეტწილად, სტარტაპები – „დრიბლიდან“ მიკავშირდებიან და „ინსტაგრამზე“ უფრო ინფლუენსერები, ვისაც თავიანთთვის უნდათ რაღაც ნამუშევრები.

იმის გათვალიწინებით, რომ დიზაინერებმა იციან, Dribbble არის პლატფორმა, სადაც ყველა ერთმანეთს ეჯიბრება, ძუნწები არიან, რომ სხვისი ნამუშევარი დაალაიქონ, დააკომენტარონ და following გააკეთონ: მე როცა „გალაიქებ“ და „გაფოლოვებ“, გიშვებ ჩემზე წინ, ამის გამო, შემდეგ ვიღაც unfollow-ს გიკეთებს და ა.შ. მოკლედ, გარკვეული weird თამაშებია. ამიტომ, თუ რეალურად, ახალგაზრდას უნდა, გრაფიკულ დიზაინში მიაღწიოს წარმატებას, ძალიან ინტენსიურად და განსხვავებულად უნდა შეუტიოს სხვადასხვა პლატფორმას და სულ უნდა ეძებოს ახალი გზები, როგორ გაუსწროს სხვებს. დღეს, მარტო კარგად შესრულებული ნამუშევარი არ კმარა, ორიგინალურიც უნდა იყოს.

კახა კახაძე: სპეციალობით მენეჯერ-ეკონომისტი ვარ, თუმცა ამ პროფესიით არასდროს მიმუშავია. გრაფიკული დიზაინით ჩემი დაინტერესება სიმბოლოებისადმი განსაკუთრებულმა სიყვარულმა გამოიწვია. თანამედროვე სამყაროს საინტერესოდ აღქმისა და შეცნობისთვის სიმბოლოები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიმაჩნია. ყველაზე დიდი გამოცდილება ამ სფეროში გია ბოხუასთან მუშაობის დროს მივიღე. ამჟამად, ვარ ფრილანსერი და ვმუშაობ ჩემს მეუღლესთან, დიზაინერ ნინო მეგრელიძესთან ერთად, ასევე ვთანამშრომლობ რამდენიმე ქართველ და უცხოელ დიზაინერთან საინტერესო პროექტებზე და ვასწავლი ჯიპაში.

ლოგოდიზაინით როცა დავინტერესდი, „დრიბლიც“ მალევე აღმოვაჩინე, თუმცა მოგვიანებით დავრეგისტრირდი. დრიბლის 50 საუკეთესო დიზაინერში მოხვედრა, ცხადია, ძალიან სასიამოვნო არის, ამავდროულად – საპასუხისმგებლოც. ეს, ალბათ, პირველ რიგში ფოლოვერებისა და შეკვეთების მატებაში აისახება.

ჩემი რჩევა გრაფიკული დიზაინერებისთვის იქნება, რომ თვალი ადევნონ თანამედროვე ტენდენციებს დიზაინში, ეძებონ ახალი გზები და საშუალებები სათქმელის სიმბოლოებით, საინტერესო ფორმებით გამოსახატავად და დაუღალავად იმუშაონ საკუთარი უნარების განსავითარებლად.

  1. გიგა თამარაშვილი: ვსწავლობდი ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის ფაკულტეტზე, თუმცა მივხვდი რომ ეს ის არ იყო, რისი კეთებაც მინდოდა და ამიტომ, მალევე დავიწყე ვებ დიზაინის სწავლა, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა. უკვე 6 წელია ამ სფეროში ვარ და ამჟამად, ვმუშაობ „აჭარა მედიაში“ (www.adjara.com). ვარ დიზაინერების ჯგუფის უფროსი და არტ დირექტორი.

    Dribbble არის პლატფორმა, სადაც მთელი მსოფლიოს დიზაინერები თავიანთ ნამუშევრებს აქვეყნებენ, ასევე ამ გვერდს იყენებს სხვადასხვა კომპანია და პოტენციური დამკვეთი, შესაბამისად, საუკეთესო 50-ს შორის მოხვედრა ნიშნავს, რომ შენით უფრო მეტი კომპანია დაინტერესდება და უფრო მეტ საინტერესო პროექტზე მოგიწევს მუშაობა. „დრიბლზე“ აქტიურობამ განაპირობა ის, რომ შემეკრა გუნდი, ვისთან ერთადაც საერთაშორისო დაკვეთებზე ვიმუშავებთ ჩემი ხელმძღვანელობით. რაც შეეხება რჩევას, საჭიროა, ყოველთვის იზრუნო თვითგანვითარებაზე, მიჰყვე ტრენდებს და გაეცნო სიახლეებს.

„სპილოუს“ #შეცდომები – ანუ როგორ გადაარჩინა ბავშვის ტანსაცმლის ბრენდი 7 წლის სანდრომ

რა არის ტყავის ხელნაკეთი ჩანთების სტარტაპ „აბგას“ კონკურენტული უპირატესობა?