29
Nov
2019

ნახეთ, როგორია მინერალური წყალი მუყაოს შეფუთვაში!

29 Nov 2019

ბრიტანულმა სტარტაპმა DRINKS3 პრემიალური მინერალური წყალი გამოუშვა. ამ ამბავში, თითქოს, არაფერია განსაკუთრებული, რომ არა მისი შეფუთვა – კომპანია ახალ პროდუქტს მუყაოს ქაღალდში ასხამს. მთავარი მიზანია პლასტმასას ბოთლების შემცირება და ეკოლოგიაზე ზრუნვაა.

ამ პროექტისთვის DRINKS3 კომპანია SIG-თან თანამშრომლობს. სწორედ მათ შექმნილ მუყაოს შეფუთვაში ასხამს, ბრენდი, მინერალურ წყალს – Water3, რომელიც გერმანიაში მოიპოვება.

DRINKS3-ის ინიციატივ მოსწონთ წყლის ქართულ კომპანიებსაც. ამბობენ, რომ ეკოლოგიაზე ზრუნვა, დღეს, მთელს მსოფლიოში მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

„ძალიან საინტერესო სტარტაპია, რომელსაც მხოლოდ მივესალმებით. ჩვენის მხრივ, ჩვენ ვართ კომპანია რომელიც რაციონალურად მოიხმარს ბუნებრივ რესურსებს და ვზრუნავთ გარემოზე. მრავალი წელია ჩართულები ვართ ბორჯომში ტყის აღდგენის პროექტში, რადგან გარემოზე ზრუნვა ჩვენი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა“, – ამბობს „IDS ბორჯომი საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნანიკო კუპრაშვილი.

Aqua Geo-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან შავლაყაძე ამბობს, რომ DRINKS3-ის პროექტი და ზოგადად, კომპანიების მხრიდან ეკოლოგიაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია.

„ვთვლით, რომ ეს სტარტაპი ძალიან  მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ჩვენი კომპანიამ პირველად პროდუქცია 2011 წელს გამოუშვა და იმ დღიდან იყენებს მხოლოდ თხელ პეტს. ეს მაღალი ხარისხის თეთრი გამჭვირვალე მასალაა, რომელიც, სხვებთან შედარებით, მარტივად დეგრადირებადია. რაც შეეხება ქაღალდის, მუყაოს შეფუთვას, მსგავსი პროექტის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოშიც, ვგულისხმობ, პეტის შეფუთვის მასობრივად ჩანაცვლებას. თუმცა, აქ უფრო კომპლექსური სამუშაოა და ვთვლი, რომ ბიზნესთან ერთად, მთავრობა და საბანკო სექტორიც  უნდა ჩაერთოს“.

 

განხილვა