Driver Power 2023 New Car გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოკითხვაა, რომელიც ახალი ავტომობილებით მომხმარებელთა კმაყოფილების დონეს ადგენს. მასში მონაწილეობენ სხვადასხვა ბრენდის ავტომობილთა მფლობელები. წლევანდელ გამოკითხვაში ათასობით რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა და თავისი მანქანის შესახებ გააზიარა პირადი გამოცდილება და შეხედულებები.
წარმოგიდგენთ ამ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ ტოპ ათეულს.
Citroen C4 Mk3 – გამოკითხულთა 93.39%-მა დაასახელა. ამ მანქანის მფლობელები მის საუკეთესო თვისებად, ძირითადად, შესრულების მაღალ დონეს ასახელებენ. აგრეთვე, ეს მოდელი დასახელდა, როგორც ეკონომიური მანქანა, რომელიც მფლობელისგან ზედმეტ ხარჯებს არ ითხოვს. ასევე სახელდება მისი უსაფრთხოება და გამოყენების სიმარტივე.

Kia Sorento Mk4 – 92.44% ხმით. მის საუკეთესო მახასიათებლებად საინფორმაციო-გასართობი სისტემა და ექსტერიერი დასახელდა. მფლობელები აღფრთოვანებას გამოთქვამენ სენსორული ეკრანისა და კლიმატ კონტროლის მოხერხებულობის გამო. საუკეთესო მახასიათებლებში ასევე წამყვანი ადგილი უკავია მანქანის ექსტერიერსაც.

Lexus RX Mk4-მა 92.15% ხმა მიიღო. მფლობელები ამბობენ, რომ მანქანა ფოკუსირებულია ფუფუნებასა და კომფორტზე, არის პრაქტიკული, რაც მის ძლიერ შესრულებას უზრუნველყოფს. ასევე, გამოკითხულები ხაზს უსვამენ მანქანის სივრცეს და ტევად საბარგულს.

Dacia Duster Mk2 – 91.75% ხმით. საწვავის ეკონომიის თვალსაზრისით, მფლობელები მას საუკეთესო მანქანად ასახელებენ, რომელიც ოდესმე ჰყოლიათ. ასევე, აღნიშნულია მისი, როგორც SUV-ის უპირატესობები.

Subaru Outback Mk6-მა 91.73% ხმა მოაგროვა. გამოკითხულები მას მაღალ ქულებს უწერენ ინტერიერის კატეგორიაში. აღნიშნულია, რომ მას აქვს მოსახერხებელი სივრცე ბავშვებისთვის, კარგი საბარგული და მძღოლის სავარძლისა და უკანა სავარძელს შორის თავისუფალი ადგილი.

Ford EcoSport – 91.52%. გლუვი საჭე, სამართავად მოსახერხებელი, კომფორტული სავარძლები და საიმედოობა. ასე ლაკონიურად დაახასიათეს და უმაღლესი ქულები დაუწერეს მფლობელებმა ამ მანქანას.

Kia EV6 – 91.50% ხმა. სტილი და პრაქტიკულობა ის მახასიათებლებია, რომლითაც მფლობელებმა Kia-ს ეს მოდელი გამოარჩიეს. ასევე, მათ აღნიშნეს გამართული ელექტრონული სისტემის არსებობა, მართვის კარგი გამოცდილება და სისწრაფე.

Toyota Prius Mk4 – 91.45%. მართვის პრაქტიკულობა, შესრულების დონე და აეროდინამიკური გარეგნობა – ამ მახასიათებლებით დაიკავა ამ მოდელმა გამოკითხვაში მერვე ადგილი.

Mazda CX-5 Mk2 – 91.36%. საიმედოობისა და ექსტერიერის თვალსაზრისით მფლობელებმა Mazda CX-5 Mk2 თავიანთ საუკეთესო გამოცდილებად დაასახელეს. ისინი აღნიშნავენ იმასაც, რომ მოსწონთ მანქანის სტილი და შეგრძნება, რომ მაღალი ხარისხის ავტომობილში ზიხარ.

Kia Ceed Mk3 – 91.29% ხმა. კარგი ვიზუალისა და ხარისხის გამო Kia Ceed Mk3 ათეულში მოხვდა. მფლობელები მას ასახელებენ, როგორც კარგი ინტერიერის მქონე ავტომობილს, კომფორტული სავარძლებითა და საბარგულის ტევადობით.














