in

დროებითი ტატუ არტერიულ წნევას აკონტროლებს

ხშირად პაციენტებს არტერიული წნევის რეგულარული მონიტორინგი სჭირდებათ, რაც კლინიკაში ინტენსიურ ვიზიტებს მოითხოვს. ხოლო იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გულის ჯანმრთელობა, რაიმე გზა უნდა არსებობდეს ამ პროცესების გასამარტივებლად და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირებისთვის. მართალია ამისათვის სპეციალური მანჟეტებიც შექმნეს, მაგრამ ისინი მაინც მოუხერხებელი გამოდგა.

ახლა კი ოსტინისა და A&M უნივერსიტეტების მკვლევრებმა პოტენციურ გამოსავალს მიაგნეს, არტერიული წნევის მონიტორინგის პრობლემის მოსაგვარებლად. ეს არის დროებითი ელექტრონული ტატუ, რომელიც მაჯაზეა ასახული. ის გრაფენის 12 ზოლისგან შედგება, რომელიც ადამიანის თვალისთვის თითქმის უხილავია. სპეციალური ნიშნები მცირე ელექტრულ სიგნალებს გადასცემს მკლავისკენ, ხოლო შუაში მდებარე — სისხლის ნაკადის ცვლილებებს კონტროლებს.

ეს ელექტრონული ტატუ არტერიული წნევის მუდმივი კონტროლის საშუალებას იძლევა — თანაც, სრულიად ბუნებრივ მდგომარეობაში. ანუ, მაშინ, როცა ადამიანი ამაზე არ ფიქრობს არც სახლში, არც სამსახურში და არც ძილის დროს. იგი ექვსმა პირმა გამოცადა სიარულის, მუშაობის, ვარჯიშისა და დასვენების დროს. New Scientist იუწყება, რომ მოქნილობისა და სხეულთან სიახლოვის გამო, გრაფენის ტატუმ არტერიული წნევის გაზომვა A კლასის უმაღლესი სტანდარტებით შეძლო.

მართალია, პაციენტის სხეულზე მხოლოდ ეს ტატუა გამოსახული და არაფერი არ მაგრდება, მაგრამ ის მაინც მთავარ მოწყობილობასთანაა დაკავშირებული, რომელიც ახლომახლო უნდა იდოს. ამასთან, გუნდი ითვალისწინებს განახლებულ ვერსიას, რომელიც უკაბელო კავშირებით ან თუნდაც თავსებადი ჭკვიანი საათებით ისარგებლებს.

საინტერესო პოდკასტი — ქრონიკული ტკივილი, შეუძლია ტვინს მკურნალობა?

მეცნიერებმა თვალის მიკრონემსი შექმნეს