13
Nov
2018

დევიდ დროგა – სარეკლამო ინდუსტრიის უპირობო ვარსკვლავი

13 Nov 2018

მათთვის, ვინც კანის ლომებს რეგულარულად ადევნებს თვალს, დიდი ალბათობით, არ გამორჩებოდა მსოფლიოში აღიარებული სარეკლამო სააგენტოს მფლობელი დევიდ დროგა, რომელსაც ჰქონდა პატივი, ფესტივალზე არათუ ერთხელ, არამედ მრავალჯერ წარმდგარიყო. თუმცა, თუკი მის შესახებ დღემდე არაფერი გსმენიათ, ის სარეკლამო სააგენტო „Droga5“-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორია, რომელმაც 30 წლიანი კარიერის განმავლობაში, შეძლო მსოფლიო აღიარება მოეპოვებინა და ყოფილიყო ადამიანი, რომლის იდეებიც ყველასთვის შესაშური და მიმზიდველი იქნებოდა.

0.5 ანაბარზე

ავსტრალიელმა დროგამ წარმატებული საქმიანობა 22 წლის ასაკში დაიწყო. ამ პერიოდიდან, იგი სხვადასხვა სარეკლამო სააგენტოში კრეატიულ დირექტორად შეუდგა მუშაობას. მაგალითად, დევიდი აღნიშნულ პოზიციაზე იყო ისეთ საერთაშორისო სარეკლამო სააგენტოში, როგორიც არის “Saatchi & Saatchi”. წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით, ხელმძღვანელობდა სინგაპურის, აზიის, ბრიტანეთის ფილიალებს. საბოლოოდ, დროგამ მიაღწია იმას, რომ “Saatchi & Saatchi” 2002 წელს დასახელდა წლის სააგენტოდ, ხოლო თავად კი – წლის კრეატიულ დირექტორად.

 „ყოველთვის გატაცებული ვიყავი წერით. მომწონდა უცბად მოსული იდეების დაწერა. 16 წლის ასაკში კი ერთ რაღაცას მივაგენი – რომ არსებობს რეკლამირება, რომ, თურმე, ხალხი ფულს გიხდის შენს იდეებში.“ – განაცხადა მოგვიანებით მან.

მომდევნო კომპანია, რომელშიც დროგამ ფეხი შედგა იყო „Publicis“, სადაც იგი ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობდა. მისთვის ეს სააგენტო ახალი გამოწვევა იყო, რადგან აქ მსოფლიო მასშტაბის კრეატიული დირექტორი გახდა. სამსახურის გამო, ნიუ-იორკში გადასვლაც მოუწია. დროგა, ფაქტობრივად, მარკეტინგული ინდუსტრიის ეპიცენტრში იდგა, თუმცა, რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, მიხვდა, რომ სხვისი კომპანიების ზრდითა და განვითარებით დაიღალა. მას რაღაც უფრო მეტი სჭირდებოდა, რაღაც, რაც მეტად ასიამოვნებდა და დააკმაყოფილებდა.

„სათაურები, ხელფასი და ძალა ჩემში ინტერესს ვერ იწვევს. ლამაზ და ძლიერ იდეებს კი ეს შეუძლიათ. ამ შემთხვევაში, ყველაზე ლოგიკური რამ, რაც კი შემეძლო გამეკეთებინა, იყო საკუთარი სააგენტოს დაარსება.“

სამსახურები, რომლებსაც ქვეყნების მიხედვით იცვლიდა, ნელ-ნელა წარმოშობდა მასში რაღაც ახლის გაკეთების სურვილს  და კვალდაკვალ მიჰყვებოდა დანიშნულების ადგილამდე მისასვლელ გზას. სწორედ ამიტომ, 2006 წელს, საკუთარ სააგენტოზე მუშაობა, არც მეტი, არც ნაკლები, თავისი სამზარეულოს მაგიდაზე დაიწყო.

დროგასგან კომპანიის დატოვებას არავინ ელოდა. მისმა ქმედებამ საზოგადოებაში გაურკვევლობასთან ერთად აღტაცებაც გამოიწვია. მისთვის შენების, რაიმე ახლის შექმნის პროცესი უფრო საინტერესო იყო, ვიდრე სტაბილურობის შენარჩუნება.

დროგას ბიზნეს იდეა იყო: „აკეთე ისეთი საქმე, რომელიც დღეს მნიშვნელოვანია და ხვალინდელი დღე გარანტირებული გექნება.“

კომპანიას დევიდმა „Droga5“ უწოდა. საინტერესოა, ამ სახელის წარმომავლობა: 7 შვილიდან იგი მეხუთე იყო. დევიდის დედამ ბიჭების სასკოლო უნიფორმებზე გვარი და ციფრი ამოქარგა. დევიდის უნიფორმაზე ეწერა „დროგა5“. სწორედ ამიტომ მას ბევრი ფიქრი არც დასჭირვებია. ბიჭს, რომელსაც ოდესღაც ზურგზე საკუთარი გვარი და რიგითი ნომერი ეწერა, თურმე, სასკოლო უნიფორმით მისი მომავალი კომპანიის სახელს ატარებდა.

იგი თვლის, რომ გამართლება ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. ამის მაგალითად მოჰყავს ისტორია, რომელმაც „დროგა5“ დაარსებიდან მალევე გახადა წარმატებული. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო სულ 4 კაცისგან შედგებოდა, ხოლო სივრცე კი მხოლოდ დროგას სამზარეულოს მოიცავდა, მისი შექმნიდან მესამე კვირაში გუნდმა უკვე მიიღო სერიოზული შეკვეთა, კერძოდ, დიზაინერმა მარკ ეკომ დროგას კომპანიას დაავალა მისი ბრენდის პოპულარიზაცია წარწერებითა და გრაფიტით. სააგენტოს უნდა მოეძებნა გზა, რომლითაც ამ ყველაფერს შეძლებდა – მან კი ისეთი ადგილი აირჩია დავალების შესასრულებლად, როგორსაც ვერავინ წარმოიდგენდა. დროგამ დაიქირავა სტრიტ არტისტების გუნდი, რომელმაც ერთ-ერთი საავიაციო კომპანიის თვითმფრინავი ბრენდის წარწერებით ააჭრელა. ამ ყველაფერში მთავარი გათვლა იყო ის, რომ გადაღებული ვიდეო უნდა ატვირთულიყო ინტერნეტში და ენახა ბევრს, თუმცა, „ბევრი“ ის სიტყვა არ არის, რომლითაც შეგვეძლება ნახვების რაოდენობა აღვწეროთ, მას „უამრავი“ უფრო შეესაბამება. ვიდეო გახდა ახალი ამბების მთავარი თემა, მოაგროვა 23 მილიონი ნახვა, გავრცელებიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში. ამასობაში, ბრენდმა პოპულარობის ზენიტს მიაღწია. სწორედ ამ შეკვეთამ მოუტანა დროგას სააგენტოს უდიდესი წარმატება.

Droga5-ის გუნდი

გარდა იმისა, რომ კომპანია, ძირითადად, ბიზნესის კუთხით ამზადებს რეკლამებს, იგი ასევე ჩართულია პოლიტიკურ პროცესებშიც და ამ ტიპის პროდუქტზეც მუშაობს. მაგალითად, დროგას ერთ-ერთი კამპანია ეხება საპრეზიდენტო არჩევნებს ამერიკაში. 2008 წელს, მან ბარაკ ობამას დაუმზადა წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავდა ფლორიდის შტატში მცხოვრებ ებრაელებზე ზეგავლენის მოხდენას. რეკლამაში შვილიშვილები ბაბუებსა და ბებიებს დემოკრატიული პარტიისთვის ხმის მიცემის მნიშვნელობას უხსნიან. საბოლოოდ, ფლორიდის შტატში, ობამამ 170 000 ხმით გაიმარჯვა და ებრაელების უდიდესი მხარდაჭერა მიიღო. აშკარაა, რომ კამპანიის წვლილი მის გამარჯვებაში ძალიან დიდი იყო.

ადამიანი, რომლისთვისაც თითოეული იდეა ძვირფასია, საკუთარ სამსახურს შემოქმედებითად უდგება. იგი თვლის, რომ მისი მისია სათქმელის საზოგადოებამდე საინტერესოდ მიტანაა. ამასთან დაკავშირებით აცხადებს:

„გვსურს, შევქმნათ ისეთი რეკლამები, რომლებიც ხალხის ცხოვრებაზე ზეგავლენას მოახდენენ და მხოლოდ ხმაურს არ გამოიწვევენ.“

მან სწორედ ამ მიდგომით შეძლო პირველი კანის ლომის მიღება 19 წლის ასაკში, რომელსაც შემდგომში ასევე მოჰყვა 70 ოქროს ლომი და 15 გრან პრი. მათში ყველაზე გამორჩეული იყო ლომი საუცხოო წვლილისთვის კრეატიულ ინდუსტრიაში, რომელიც მან 2017 წელს მიიღო. როგორც ის ამბობს, მისთვის მთავარი არ არის ჯილდოების რაოდენობა, თუმცა, მნიშვნელოვანია ის, თუ რისთვის და რატომ იღებს ამ ჯილდოებს – ე.ი რა კუთხით აფასებს მას საზოგადოება.

დევიდ დროგა – ადამიანი, რომელმაც მოახერხა დაეარსებინა ისეთი სარეკლამო სააგენტო, რომელსაც მსოფლიო ყველაზე ინოვაციურ კომპანიად დაასახელებდა და შეექმნა კამპანიები ისეთი ადამიანებისთვის, როგორებიც არიან ჰილარი კლინტონი, ბარაკ ობამა, ჯეიზი, ბიონსე, ასევე ჟურნალ ნიუ იორკ თაიმსისთვის და ა.შ.

2019 წელს, დევიდ დროგა სამხრეთ აფრიკაში გამართულ კონფერენციაზე – „Design Indaba Conference“-ზე წარდგება, სადაც მის მიერ დაგროვებულ გამოცდილებასა და ცოდნაზე ისაუბრებს.



განხილვა