in

კაცობრიობის ხელოვნებისა და კულტურის „დროის კაფსულას“ მთვარეზე განათავსებენ

სულ მალე თანამედროვე ხელოვნების, პოეზიის, წიგნებისა და კულტურის სხვა ფორმების მულტიმედიური არქივი კოსმოსში გაიგზავნება. მთვარის კოდექსის სახელით ცნობილი კაცობრიობის ეს „დროის კაფსულა“ მუდმივი ინსტალაციის ნაწილია, რომელსაც მთვარის ზედაპირზე უპილოტო რაკეტების სერიით გადაიტანენ.

M2
M2

New York Times-ის ცნობით, ციფრული კოლექცია მოიცავს ხელოვნების ნიმუშებს, ლექსებს, ჟურნალებს, მუსიკას, ფილმებს, პოდკასტებსა და წიგნებს. საერთო ჯამში, მასში 157 ქვეყნიდან 30 000 ხელოვანის, ავტორის, კინორეჟისორისა და შემოქმედის ნამუშევარი იქნება თავმოყრილი. პროექტი, რომელსაც სათავეში კანადელი ფიზიკოსი სამუელ პერალტა ჩაუდგა, შემოქმედებითი ადამიანების მოძიებით დაიწყო, რომლებიც თავიანთ ნამუშევრებს უფასოდ გადასცემდნენ კოსმოსურ არქივს…

ფუნქციურად, მთვარის კოდექსი ოთხ ცალკეულ დროის კაფსულადაა დაყოფილი და თითოეული მათგანი ციფრული მეხსიერების ბარათებზე შენახულ მასალებს შეიცავს. საგულისხმოა, რომ ანალოგიურ შესანახ მოწყობილობას 150 000-მდე ლაზერით ამოტვიფრული მიკროსკოპული ტექსტის ან გამოსახულების შენახვა შეუძლია. პირველი „ორიონის კოლექცია“ NASA-ს არტემისის მისიასთანაა დაკავშირებული, რომელმაც უკვე შემოუარა მთვარის ორბიტას და დედამიწაზე დაბრუნდა.

გარდა ამისა, „ნოვა კოლექცია“ NASA CLPS-2 მისიას შეუერთდება და მთვარის სამხრეთ პოლუსის რეგიონში განთავსდება; „პოლარისის კოლექცია“ VIPER მისიით გაიგზავნება, ხოლო „პერიგრინის კოლექცია“ მალე შეუერთდება Astrobotic-ის Peregrine მისიას.

„ზოგიერთი მთვარის კოდექსს მომავლისკენ გაშვებულ დროის მანქანას უწოდებს. ზოგიერთისთვის კი უკანასკნელი ანთოლოგია ან მთვარეზე განთავსებული მუზეუმია. თავისი არსით, ეს არის დროის კაფსულების ნაკრები, გზავნილი ბოთლში მომავალი თაობებისთვის“, — განმარტავენ იდეის ავტორები.

პერალტას თქმით, ეს შემოქმედებითი მცდელობა ბევრ „პირველს“ უყრის თავს — ეს არის პირველი პროექტი, რომელიც თანამედროვე ფილმსა და მუსიკას მთვარეზე განათავსებს; ასევე, პირველი პროექტია, რომლის ფარგლებშიც, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მხატვრების ნამუშევრებს კოსმოსში გაიტანენ.

„ვიმედოვნებთ, რომ მომავალი მოგზაურები, რომლებიც ამ დროის კაფსულებს იპოვიან, ჩვენი დღევანდელი სამყაროს სიმდიდრეს აღმოაჩენენ. ეს იმ აზრზე მეტყველებს, რომ მიუხედავად ომებისა, პანდემიებისა და კლიმატის ცვლილებებისა, კაცობრიობამ დრო გამონახა ოცნებებისთვის თუ ხელოვნების შესაქმნელად“, — აღნიშნა პერალტამ.

რომელ დღეს გაგზავნილ ელ.ფოსტებს კითხულობენ ყველაზე მეტად? — კვლევა

WhatsApp ვიდეო შეტყობინებებს ამატებს