ყოველდღიურ საქმიანობაში ხშირია განცდა, რომ წინასწარ შედგენილი გეგმა სრულად იშლება და ძალისხმევის მიუხედავად, ჩაფიქრებული საქმეების ბოლომდე მიყვანა ვერ ხერხდება. დროის მენეჯმენტის თითქმის ორი ათწლეულის პრაქტიკა მიგვანიშნებს, რომ საკუთარი შედეგებით უკმაყოფილების მთავარი მიზეზი სწორედ დაგეგმილსა და რეალურად შესრულებულ საქმეებს შორის გაჩენილი უფსკრულია.
არარეალურმა გეგმებმა შესაძლოა ვადების დარღვევა და პირობის შეუსრულებლობა გამოიწვიოს. მაშინაც კი, როდესაც ძირითადი ამოცანები დროულად გვარდება, გადაჭარბებული მოლოდინების გამო ადამიანი საკუთარ თავს მაინც წარუმატებლად მიიჩნევს. თუ დაგეგმვის შედეგები მუდმივ იმედგაცრუებას იწვევს, გამოსავალი პროცესზე ხელის ჩაქნევა კი არ იქნება, არამედ მოლოდინების რეალობასთან მორგებაა, რათა შეუსრულებელმა ნაწილმა პიროვნული დანაშაულის განცდა არ დაბადოს.
„შეუძლებელი“ გეგმა
უდიდესი გამოცდილების პირობებშიც კი შეუძლებელია წუთობრივად იმის განჭვრეტა, თუ რამდენ დროს მოითხოვს ესა თუ ის საქმე. სამუშაო დღეს შეიძლება მოულოდნელად დაემატოს წერილების უზარმაზარი ნაკადი, კლიენტის გადაუდებელი მოთხოვნა ან საინფორმაციო ბაზის ტექნიკური შეფერხება. როდესაც საქმე ახალ, უჩვეულო ამოცანას ეხება, დამატებით დროს თავად სწავლის პროცესიც მოითხოვს.
ამ რეალობის გათვალისწინებით, აუცილებელია იმის მიღება, რომ გეგმა მთავარი პრიორიტეტების გამოსაკვეთად, მასშტაბურ პროექტებზე წინსწრებით სამუშაოდ და ახალი მოულოდნელობების შესაფასებლად არსებობს. გეგმა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ დღის განმავლობაში ყველა ჩაფიქრებული დეტალი შესრულდება. დაგეგმვის პროცესისადმი გადაჭარბებული მოლოდინების შემცირება გაღიზიანებას აქრობს და ჩვევის შენარჩუნებას უწყობს ხელს. სასარგებლოა სამუშაო დღეში ერთი საათის თავისუფლად დატოვება, რაც გაუთვალისწინებელი დაბრკოლებების დასაძლევად ერთგვარ ბუფერს შექმნის.
ადამიანური ფაქტორი
გეგმის იდეალურად შესრულებას ხშირად გარე ფაქტორები უშლის ხელს, თუმცა ზოგჯერ მთავარი შემაფერხებელი თავად ადამიანი ხდება. ყურადღების გაფანტვა, დეტალებში ზედმეტი პერფექციონიზმი და გეგმიდან გადახვევა ყველაზე მოწესრიგებულ თანამშრომლებსაც ახასიათებთ.
ამ გარემოების გაცნობიერება ადამიანს უბიძგებს, გადამწყვეტ ამოცანებზე მუშაობა ვადის ამოწურვამდე გაცილებით ადრე დაიწყოს. მცირე მოცულობის საქმეებისთვის მიზანშეწონილია ამოცანის დასრულება საბოლოო ვადამდე ორი დღით ადრე დაიგეგმოს. თუ ხელმძღვანელისთვის მასალის ჩაბარება პარასკევს არის საჭირო, გეგმა ისე უნდა აიგოს, თითქოს საქმე ოთხშაბათს მთავრდება. ასეთ დროს, შეფრხების შემთხვევაშიც კი, სამუშაოს დასასრულებლად სამუშაო საათების მიღმა დარჩენა აღარ გახდბა საჭირო. მასშტაბური პროექტებისას კი სამუშაოს დასრულება საბოლოო ვადამდე ორიდან ოთხ კვირამდე ადრე უნდა განისაზღვროს, რადგან საწყის ეტაპზე მეტი ენერგიის ჩადება გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე ბოლო კვირებში უძილო ღამეების გათენება.
საქმის რეალურ დროზე მორგება
დროის მართვის კიდევ ერთი დიდი შეცდომა ის არის, როდესაც დაგეგმვას იმ ვრცელი სურვილების ჩამოწერად აღიქვამენ, რომელთა ჩატევასაც ერთ დღეში ან კვირაში იმედოვნებენ, რაც რეალობის მიღმაა.
მარტივი სია გეგმა არაა. სია მონაცემთა ერთობლიობაა, რომელიც დღის რეალურ განრიგში პრიორიტეტების მიხედვით უნდა გადანაწილდეს. თუ სამუშაო დღის განმავლობაში შეხვედრებს მიღმა მხოლოდ სამი საათია თავისუფალი და აქედან ერთი საათი მიმოწერას ეთმობა, სხვა საქმეებისთვის მხოლოდ ორი საათი რჩება. დაგეგმვისას სწორედ ამ ორ საათში რეალურად შესასრულებელი ამოცანები უნდა შეირჩეს, დანარჩენი კი უნდა გადაიდოს ან დელეგირდეს.
დროის სიმცირის გაცნობიერება შესაძლოა უსიამოვნო იყოს, თუმცა ეს სიმკაცრე ადამიანს აიძულებს მკაფიოდ გაარჩიოს, რა მოითხოვს სწრაფ ჩარევას და რა შეიძლება მოიცადოს. დღის ბოლოს შეუსრულებელი საქმეების არსებობა პიროვნული მარცხი კი არა, დროის შეზღუდულობაზე საუბრობს. წარმატებული მართვის საიდუმლო ყოველთვის მეტის მოთხოვნა არაა. ზოგჯერ მოლოდინების გონივრული შემცირება სწორედ ის ნაბიჯია, რაც სიმშვიდის, მდგრადობისა და საქმის თანმიმდევრული კეთების შესაძლებლობას იძლევა.
წყარო: Fastcompany











