ხანდახან ისეც ხდება, რომ ცოტა საქმე გვაქვს… თავისუფალი დროც გვრჩება, რის გამოც, რაც უნდა გამოცდილები ვიყოთ, შფოთვა გვიპყრობს. გვგონია, რომ არაფრის კეთებით ვერაფერს მივაღწევთ, ამიტომ, ცუდ შემოთავაზებებსაც კი ვთანხმდებით. უფრო ნაკლებად ვხედავთ ამ დროში შესაძლებლობას, ვაკეთოთ ის, რაც პიროვნულ და პროფესიულ ზრდაში დაგვეხმარება, შთაგონებას მოგვცემს და ამ დროის პროდუქტიულად ათვისებაშიც დაგვეხმარება. თეორიულად, შესაძლოა, ბევრჯერ გსმენიათ, მაგრამ როგორ ხდება ეს პრაქტიკაში? ახლა ზუსტად ამ ხრიკებს გაზიარებთ:
1. შეცვალეთ თქვენი აზროვნება
თავისუფალი დრო რომ უნდა გამოვიყენოთ, ეს კი ვიცით, მაგრამ მოტივაცია გვჭირდება, რომელიც რეალური რაღაცების გაკეთებისკენ გვიბიძგებს. ფსიქოლოგებისთვის რომ გვეკითხა, მედიტაციასა და თერაპიას კი გვირჩევდნენ, მაგრამ ამას დრო დასჭირდება… ამიტომ, უკეთესი იქნება, თუ თავს შემოუძახებთ და თვითმოტივაციას მიმართავთ.
სათქმელად მარტივიაო, ალბათ, ფიქრობთ, მაგრამ თუ ეს არ მუშაობს თქვენ შემთხვევაში, საკუთარ თავს ერთი კითხვა დაუსვით: „რა უნდა გავაკეთო დღეს იმისათვის, რომ მომავალში საკუთარი თავის მადლიერი დავრჩე?“. მას შემდეგ, რაც იმ სიამოვნების ვიზუალიზაციას დაიწყებთ, რომელსაც მომავალში შეიგრძნობთ კონკრეტული რაღაცების თავისუფალ დროს კეთების შედეგად, თქვენთვის ნაბიჯების გადადგმა გამარტივდება.
2. განახორციელეთ პერსონალური პროექტები
თავისუფალი დროის გამოყენების საუკეთესო გზად იმ პერსონალური პროექტების წამოწყება მიაჩნიათ, რომლებიც აქამდე დიდი ხნის მანძილზე გვერდით გქონდათ გადადებული… შესაძლოა, იმდენად დაკავებულიც იყავით, რომ პერსონალურ პროექტებზე ფიქრისთვის ვერ მოიცალეთ, თუმცა მაინც იარსებებს რაღაც, რასაც სიამოვნებით გააკეთებთ. უბრალოდ დაფიქრდით, რა შეიძლება იყოს ის. ექსპერტები აქ პერსონალური პროექტების სიის შედგენას გირჩევენ, ისეთი საკითხები ჩამოწერას, რაც განვითარებაში დაგეხმარებათ, არ აქვს მნიშვნელობა, წარმატებული იქნება თუ არა, მთავარია, პროცესში სიამოვნება მიიღოთ.
3. გახდით ორგანიზებული და ხელახლა მოახდინეთ ფოკუსირება
ხშირად იმდენად დატვირთულები ვართ, რომ არ გვაქვს დრო, დავაკვირდეთ, როგორ ვითარდება ჩვენი კარიერა, აქ კი მშვიდი პერიოდები შესანიშნავ შესაძლებლობას გვთავაზობს. საშუალებას გვაძლევს, გრძელვადიან მიზნებზე დავფიქრდეთ და ფრთხილად დავგეგმოთ.
მარკეტერ ნინა კლერს თუ დავუჯერებთ, „მკაცრი ყოველდღიური განრიგი უნდა შეადგინოთ, 3-ნაწილიანი გასაკეთებელი საქმეების სია, რომელთაგანაც პირველი იქნება ის, რაც გააკეთეთ, მეორე ის, რისი გაკეთებაც გჭირდებათ და ისიც, თუ როგორ აპირებთ ამას, დაბოლოს, მესამე — რისი გაკეთებაც გჭირდებათ, მაგრამ არ იცით, როგორ გააკეთოთ. ეს გონების გამოთავისუფლებაში დაგეხმარებათ და თქვენს შემოქმედებითობასაც გაზრდის“.
4. დაიწყეთ ექსპერიმენტები
თავისუფალი დრო კომფორტის ზონიდან გამოსასვლელად უნდა გამოიყენოთ და ახალ შემოქმედებით ტექნიკებსა თუ მედიუმებზე ექსპერიმენტების ჩატარებას უნდა მიჰყოთ ხელი — „თავისუფალი დრო ექსპერიმენტებისთვისაა, ცადეთ რაღაც ახალი, თუნდაც გაიარეთ ახალი კურსები, ეს შემოქმედებითობის გამოცდის საშუალებას მოგცემთ, პროცესით სიამოვნებასაც მოგანიჭებთ და ახალი ტექნიკების სწავლაშიც დაგეხმარებათ დედლაინების გარეშე“.
5. დაუბრუნდით ძველ იდეებს
ექსპერიმენტების ჩატარების სურვილი გაქვთ, მაგრამ არ იცით, საიდან დაიწყოთ? იმაზე დაფიქრდით, თუ რა იდეები გქონდათ ადრე, შესაძლოა, ჩანაწერების წიგნშიც ჩაინიშნეთ ან ტელეფონის Note-ში, შესაძლოა, რაღაც წამოიწყეთ და მიატოვეთ, ახლა კი სწორედ ეს დრო გაძლევთ საშუალებას, ძველი იდეები რეალობად აქციოთ.
6. ეძიეთ ახალი გამოცდილებები
არც ის დაგავიწყდეთ, რომ სულ ერთხელ მოდიხართ ამ ქვეყნად, ამიტომ ეს დრო უინტერესოდ, ერთი და იმავე რაღაცის კეთებაში არ უნდა განვლოთ. ამისთვის საუკეთესო გზა კი განსხვავებულ გარემოებში მოხვედრა და ყველგან პატარა თავგადასავლების ძიებაა.
7. გამოიყენეთ ეს დრო ადმინისტრაციული საქმეებისთვის
დიახ, ეს დრო შეგიძლიათ იმ საქმეებსაც დაუთმოთ, რომლებიც გამუდმებით გვერდით ჰქონდათ გადადებული, აი, მაგალითად ილუსტრატორი ახალი პრინტების შექმნაზე მუშაობს თავისივე ონლაინ მაღაზიისთვის, ხოლო ვებდიზაინერი პოსტებს წინასწარ ამზადებს სოციალური მედიისთვის…
8. დაგეგმეთ მომავლისთვის
დაგეგმავთ თუ არა, მომავალი მაინც იქცევა აწმყოდ. ამიტომ, თავისუფალი დრო ამოსუნთქვის საშუალებად უნდა ჩათვალოთ, რა დროსაც ცხოვრების სწორ კურსს განსაზღვრავთ, ეს საუკეთესო დროა გეგმებისთვის და დატვირთული პერიოდისთვის მოსამზადებლად. ილუსტრატორი ალიაჰ ჰოლმსისთვის გასაკეთებელი საქმეების სიაში შემდგომი ფრაზები იკითხება: ბრენდებთან დაკავშირება, გადასახადების გადანაწილება, პორტფოლიოს განახლება, მომხმარებელთა სიის შედგენა, სამუშაო ადგილის შეცვლა, ფაილებისა და ცხრილების ორგანიზება, პერსონალური პროექტების დაწყება… როცა ასეთ ცხრილს უყურებთ, აანალიზებთ, რამდენი პოტენციალი შეიძლება ახლდეს თან თავისუფალ დროს და ეს ქმედებისკენაც გიბიძგებთ.
9. არაფერი გააკეთოთ
ამდენი კი ვილაპარაკეთ თავისუფალი დროის გამოყენებაზე, მაგრამ გვეუბნებიან, რომ აქ სულ არაფრის კეთებაც დასაშვებია. თუმცა სიზარმაცედ კი არ აღიქმება, არამედ დასვენებად და განტვირთვად, რათა თქვენსავე მომავლისთვის გააკეთოთ ინვესტირება. ასე გონებას ხეტიალის საშუალებას აძლევთ, რა დროსაც ბევრი ახალი იდეა იბადება… ასე რომ, არჩევანი თქვენზეა.