რამდეჯერ გითქვამთ, რომ დრო სწრაფად გადის? და ბუნებაში გასვლისას გიგრძვნიათ, რომ თითქოს ყველაფერი შენელდა? თუ ასეა, გეტყვით, რომ არაფერი განსაკუთრებული გჭირთ, რადგან უახლესი კვლევაც ამას ადასტურებს — ბუნებას ჩვენი დროის შეგრძნების რეგულირება შეუძლია. უმეტესობა ჩვენგანს სამსახურის, სახლისა თუ ოჯახის მოვალეობები ერთდროულად აქვს შესასრულებელი, შესაბამისად, ყოველთვის არსებობს განცდა, რომ არ გვაქვს საკმარისი დრო. თანაც ამ დროის სიმწირეს ციფრული ტექნოლოგიები კიდევ უფრო აჩქარებს…
უახლესი კვლევა კი გვეუბნება, რომ დროის სიმწირის ანტიდოტი ბუნებრივ გარემოში იმალება. ფსიქოლოგი რიკარდო კორეიას თქმით, ბუნებაში ყოფნას შეუძლია, შეცვალოს ის, თუ როგორ შევიგრძნობთ დროს და, შესაძლოა, უფრო მეტი დროის განცდაც გაგვიჩინოს. თუმცა ეს რომ დარწმუნებით ეთქვა, დროსთან მიმართებით იმ ადამიანების გამოცდილებები შეადარა ერთმანეთს, რომლებიც ურბანულ და ბუნებრივ გარემოში ცხოვრობდნენ.
უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ადამიანები ბუნებაში გასეირნებას უფრო ხანგრძლივად აღიქვამენ, ვიდრე იმავე მანძილის გავლას ქალაქში. ამგვარად, მათთვის დროც უფრო ნელა მიდის, როცა საქმეებს ბუნებრივ, მწვანე გარემოში ასრულებენ და არა, ურბანულში — გამოდის, ბუნება ჩვენი დროის შეგრძნებას ანელებს და აფართოებს.
თუმცა არ გეგონოთ, რომ ეს მხოლოდ კონკრეტულ მომენტში დროის შეგრძნებას ეხება, წარსულისა და მომავლის შეგრძნებებსაც უკავშირდება. კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნა გვეხმარება, ჩვენი ფოკუსი კონკრეტული მომენტიდან ჩვენი მომავლის საჭიროებებისკენ მივმართოთ. ამგვარად, დროის მოთხოვნების სტრესზე ფოკუსირების ნაცვლად, ბუნება უფრო დიდი სურათის დანახვაში გვეხმარება. შესაბამისად, გვაძლევს საშუალებას, იმ ქმედებებს მივანიჭოთ პრიორიტეტი, რომლებიც ჩვენს გრძელვადიან მიზნებს ემსახურება. ეს კი იმიტომ, რომ ბუნებაში ყოფნა ნაკლებად იმპულსურს გვხდის და გვაძლევს შესაძლებლობას, მყისიერი ჯილდოს ნაცვლად, გრძელვადიან შედეგებს მივანიჭოთ უპირატესობა.
ბუნებაში დროის გატარება რომ დადებითად ზემოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, ეს აქამდეც ვიცოდით. სანაპიროზე, ტყეებსა თუ პარკებში ყოფნა შემცირებულ შფოთვისა და დეპრესიის მაჩვენებლებს უკავშირდება, შესაბამისად, გაუმჯობესებულია ჩვენი ძილიც, კეთილდღეობაც… გულსისხლძარღვთა დაავადებებისა თუ სიმსუქნის რისკებიც მცირდება. ზუსტად ამ სარგებელმა შეიძლება ახსნას, რატომ ცვლის ბუნებაში ყოფნა ჩვენი დროის შეგრძნებას.
ხოლო ის, თუ როგორ შევიგრძნობთ დროს, ჩვენს შიდა ბიოლოგიურ მდგომარეობაზეცაა დამოკიდებული და მოვლენებზე, რომლებიც ჩვენ გარშემო არსებულ სამყაროში ხდება. შედეგად, სტრესი, შფოთვა თუ შიში, შესაძლოა, ჩვენი დროის შეგრძნებას ამახინჯებდეს.
და თუ ბუნებაში გასვლას ვერ ვახერხებთ?
სხვა გზებიც არსებობს, რომლითაც თქვენს დროზე კონტროლი შეგიძლიათ, დაიბრუნოთ. დაიწყეთ იმაზე დაკვირვებით, თუ როგორ იყენებთ თქვენს დროს კვირის განმავლობაში. თქვენი დროის აუდიტი დაგეხმარებათ, გაიგოთ, რაში ფლანგავთ ზედმეტ დროს და ის ქმედებაც დაადგინოთ, რომელიც უფრო მეტი დროის გამოთავისუფლებაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ, გარკვეული საზღვრებიც დაუწესოთ თავს — განსაზღვროთ, როდის შეზღუდავთ წვდომას ელ.ფოსტებსა თუ სოციალურ მედიაზე ან როდის მონიშნავთ კალენდარში შესვენების დროს. ამგვარად, იმ შეგრძნებასაც მოიშორებთ თავიდან, რომელიც დროის სწრაფად გასვლას უკავშირდება…