ცნობილი ისტორიული გემის Endurance-ის ნამსხვრევები, რომელიც 106 წლის წინ მკვლევარ ერნესტ შეკლტონის ექსპედიციის დროს ჩაიძირა, ანტარქტიდაზე იპოვეს. გემი Endurance22-მა, დრონის გამოყენებით, აღმოაჩინა.
„ისტორიაში შევედით Endurance-ის აღმოჩენით… წარმატებით დავასრულეთ მსოფლიოში ყველაზე რთულად საპოვნი ჩაძირული გემის ძიება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევა ჩავატარეთ მსოფლიოს იმ ნაწილში, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს გლობალურ კლიმატსა და გარემოზე“, — ამბობს ჯონ შირსი, ექსპედიციის ხელმძღვანელი.
დროში გაყინული
Endurance 144 ფუტის სიგრძის ხის ხომალდი იყო, რომელიც 1915 წელს ჩაიძირა. მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარი და მისი გუნდი აპირებდნენ, ისტორიაში პირველად გადაეყვანათ უბრალო ადამიანები ანტარქტიდაზე, მათი მიზნები ჩაიშალა… პრობლემა მაშინ წარმოიქმნა, როცა გემი ვედელის სქელ ყინულში გაიჭედა.
ეკიპაჟმა გემი მას შემდეგ მიატოვა, რაც გაირკვა, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. საბედნიეროდ, შეკლტონმა შეძლო თავისი გუნდის გადარჩენა და საბოლოოდ, ნავით სამხრეთ ჯორჯიის კუნძულამდე მიიყვანა.
როგორც ახლად გამოქვეყნებულ ფოტოებზე ვხედავთ, Endurance საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია შემონახული — იმის გათვალისწინებით, რომ იგი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ყინულოვანი წყლების ქვეშ იმყოფებოდა. გემი ოფიციალურად ისტორიულ ძეგლად განიხილება.