დრონებით ფოტოების გადაღება უკვე აღარავის უკვირს, მაგრამ ფოტოგრაფი ბრედ უოლსი დრონების მხატვრული გამოყენებით მაინც გამორჩეულია. უნდა ვაღიაროთ, რთულია იმ ფოტოებისთვის თვალის მოწყვეტა, რომლებიც ყველაფერს სულ სხვა „კუთხიდან“ გაჩვენებს…
ამჯერად კი ფოტოგრაფმა დრონებით ტრადიციული ბალეტის გადაღება გადაწყვიტა, თანაც ისე, როგორც „ცაში მცხოვრები არსებები ხედავენ“… თუ ჩვეულებრივ კონკრეტულ მოცეკვავეზე არიან ორიენტირებულნი, უოლსი გუნდურობას უსვამს ხაზს. მიზნის მისაღწევად კი ინგლისის ეროვნული ბალეტის 6 მოცეკვავესთან დაიწყო თანამშრომლობა.
თუმცა არ გეგონოთ, რომ ბალერინებმა უბრალოდ იცეკვეს და ფოტოგრაფმა ჰაერში დრონი აუშვა… იგი კვირების მანძილზე აკვირდებოდა ამ პროცესს, რათა თითოეული კადრისთვის სასურველი ფორმა მოეძებნა. ხოლო იმისათვის, რომ ბალერინების მოძრაობები კარგად გამოკვეთილი ყოფილიყო და მათი სილამაზის აღქმაც მეტად შეგვძლებოდა, ნეიტრალური ფონი შეარჩია. თუ დააკვირდებით, მარტივად შეამჩნევთ, რომ კომპოზიციებში გეომეტრიული და სიმეტრიული შტრიხები ჭარბობს… უნდა ვაღიაროთ, ასე ბალეტის სამყაროს სრულიად ახალ ხედვას ვეზიარებით.
ბუნებრივია, ეს ბალერინებისთვისაც საინტერესო გამოცდილება იყო, რადგან ცეკვის გადასაღებად ჩვეულებრივ დრონები არ გამოიყენება…
„ბალეტს ზემოდან არ უყურებენ. მახსოვს, როგორ მოძრაობდა დრონი ჩვენს თავზე და ვფიქრობდი: ღმერთო, როგორი იქნება ნეტავ ამ კუთხიდან“, — ამბობს ანნა-ბაბეტ უინკლერი, მოცეკვავე.