ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 225 წელს გიზას დიდი პირამიდა ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთად იქნა აღიარებული. ბიზანტიელი ფილოს სიაში ასევე ალექსანდრიის შუქურა და ბაბილონის დაკიდული ბაღებიც შედიოდა. თუმცა ამ ორი უძველესი საოცრებისგან განსხვავებით, რომლებიც დროისა და გარემოებების ზემოქმედებით განადგურდა, პირამიდები დღემდე შემორჩა. უკრაინელი მოგზაური ფოტოგრაფის, ალექსანდერ ლადანოვსკის მიერ დრონით გადაღებული ფოტოების მეშვეობით კი, ახლა ყველას შეუძლია ამ საოცრების “ჩიტის თვალით” დანახვა.
ლადანოვსკი მოგზაურობისას უნიკალურ პეიზაჟებს იღებს. გარდა იმისა, რომ მისი კადრები ნებისმიერ ჩვენგანში მოგზაურობის სურვილს აღძრავს, ყოველი კადრი განსხვავავებული პერსპექტივით წარმოგვიდგენს ობიექტებს. სწორედ ასეთი გიზის პირამიდის ფოტოებიც, რომელთა გადასაღებადაც ფოტოგრაფი ეგვიპტის ტურიზმის სამინისტროსთან თანამშრომლობდა.
დიდი პირამიდა დაახლოებით 4600 წლისაა. იგი ფარაონ ხეოფსისთვის აშენდა, რომელიც ძველი ეგვიპტის სამეფოს მართავდა. 3000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეს ადამიანის ხელით შექმნილი ყველაზე მაღალი შენობა იყო, ვიდრე ინგლისში 1311 წელს ლინკოლნის ტაძარი აშენდებოდა.