in ,

სტარტაპი Drop.ge – თარჯიმანთა ონლაინ ბიურო

Startauperi
Startauperi

Drop.ge თარჯიმანთა ონლაინ პლატფორმაა, სადაც მომხმარებელი თავად ათავსებს სათარგმნ მასალას, უთითებს პარამეტრებს და, მომსახურების მიღებამდე, იგებს მის ღირებულებას. დამფუძნებელი გიორგი ჩუხუას ამბობს, სტარტაპის იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც სპარსული ენიდან სპეციფიური ტექსტის თარგმნა დასჭირდა, მაგრამ, მისი თქმით, შესაფერისი სპეციალისტი ვერ ნახა.

„მე და ჩემი მეგობრები რამდენიმე თვე ვმუშაობდით, რომ იდეა დაგვეხვეწა. ასე გაჩნდა Drop.ge – პლატფორმა, რომელიც პრობლემის მარტივ გადაჭრას სთავაზობს მომხმარებლებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით“.

M: რას სთავაზობს Drop.ge მომხმარებელს?

Drop.ge  არის მთარგმნელობითი მომსახურების ონლაინ პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს თარგმნას სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად. სისტემის მეშვეობით, უთითებს სასურველი პარამეტრებს, ირჩევს ენას, დოკუმენტის თარგმნის ხარისხს, სათარგმნი დოკუმენტის სფეროს, ნოტარიული დამოწმებას და თუ სურვილი აქვს, ადგილზე მიტანის სერვისს. ამჟამად, შესაძლებელია 9 ენაზე თარგმნა: ინგლისური, რუსული, იტალიური, ფრანგული, თურქული, გერმანული, პორტუგალიური, ჩეხური და აზერბაიჯანული. ვგეგმავთ აღნიშნული სპექტრის გაფართოებას და ისეთი სპეციფიკური ენების ინტეგრირებას, როგორიც არის ჩინური, არაბული და იაპონური.

M: რა სისტემით მუშაობს Drop.ge და როგორ ხდება ანგარიშსწორება და .?

მომხმარებელი სათარგმნ ტექსტს ტვირთავს  ვებგვერდზე. ჩვენი სისტემა მომხმარებელს ავტომატურად დაუთვლის ტექსტურ ფაილში არსებულ სიმბოლოებს და მითითებული პარამეტრების შესაბამისად დაუწერს თარგმანის ფასს. შეკვეთის ბოლო ეტაპზე მომხმარებელი თანხას იხდის ბარათით ან საბანკო გადარიცხვით. შეკვეთის დაფიქსირების შემდეგ, ჩვენი გუნდის წევრები კიდევ ერთხელ გადაამოწმებენ შეკვეთის დეტალებს და ატვირთულ ფაილს, რის შემდეგაც ის იგზავნება შესაბამისი სპეციალობის თარჯიმანთან. ამასთან, მომხმარებლებს ვთავაზობთ საკუთარი შეკვეთების ონლაინ სივრცეს, საიდანაც შეუძლია თვალი ადევნოს თარგმანის განხორციელების პროცესს და გადმოტვირთოს უკვე დასრულებული ფაილი. ასევე, ნებისმიერი შეკვეთა, რომელიც ჩვენს გვერდზე ხორციელდება ინახება შეკვეთების ისტორიაში და მომხმარებელს შეუძლია ადვილად მოძებნოს ნებისმიერი მათგანი.

M: თარგმანის მაღალი ხარისხი ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია. Drop.ge-ის აქვს საამისოდ რესურსი?

ხარისხის გარანტია არის თარჯიმნების მაღალი პროფესიონალიზმი. თარჯიმნების შერჩევა ბაზრის კვლევის შედეგად მოხდა და თითოეულ მათგანს, ამ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.  გარდა ამისა, თითოეული ნათარგმნი ტექსტი გადის ორმაგ შემოწმებას, რათა ხარისხი გარანტირებული იყოს. Drop.ge მომხმარებელს ურჩევს სისტემაში სწორად შეარჩიოს პარამეტრები რათა ავტომატურად განისაზღვროს სათარგმნი დოკუმენტის კლასიფიკაცია. მაგალითად, თუ სათარგმნი ტექსტი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტია, სტანდარტული პაკეტის მაგივრად შემკვეთმა უნდა აირჩიოს კატეგორია „ექსპერტი” და ა.შ.

M: ამ სფეროში საკმაოდ დიდი კონკურენციაა. მათ შორის, მრავლადაა თარჯიმანთა ონლაინ ბიუროები. თქვენი უპირატესობა რა არის, რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა Drop.ge?

ბაზარზე შესვლამდე გავაანალიზეთ კონკურენტი პროდუქტები. აღმოჩნდა, მათი სერვისი და სისტემა ბოლომდე გამართული არ არის. ძირითადად,  იყენებენ ძალიან პრიმიტიულ სქემას, ერთგვარი ელექტრონული ფოსტის მსგავსს სერვისს, სადაც ხდება ფაილის გაგზავნა და შემდეგ თანხაზე და პირობებზე მოლაპარაკება მიმდინარეობს სატელეფონო ზარის საშუალებით; სერვისი არ მოიცავს ელექტრონულ და საბარათე გადახდას. გარდა ამისა, მათი საფასო პოლიტიკა თავდაპირველად გამოიყურება, როგორც ძალიან სტანდარტული მაგრამ, პირობები უმეტეს შემთხვევაში იცვლება. მაგალითად, როდესაც ტექსტს გადახედავს თარჯიმანი და რთული ან დიდი მოეჩვენება, იცვლება ფასი და შესაბამისად პირობებიც. ასევე, სიტყვა „ერთი გვერდის“ სტანდარტულად მიღებული დეფინიცია არ არის შესაფერისი საზომი ერთეული, რადგან ერთ გვერდად შეიძლება ჩაითვალოს  როგორც ძალიან დიდი, ასევე, ძალიან პატარა მოცულობის ტექსტი. შესაბამისად, მომხმარებელი, ხშირ შემთხვევაში, არაპროპორციულად იხდის მომსახურების თანხას. ჩვენთან ეს ყველაფერი ავტომატურად ითვლება და ფასწარმოქმნა თავიდანვე გამჭვირვალეა მომხმარებლისთვის.

M: როგორც ბიზნესი, თუ არის მომგებიანი?  

გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, Drop.ge უნდა გახდეს მომგებიანი ბიზნესი. თუმცა, საწყის ეტაპზე, ჩვენი მიზანია ფეხი ავუწყოთ ბიზნესის სწრაფ განვითარებას. შესაბამისად, პირველ ეტაპზე ჩვენი მთავარი საზრუნავია მომხმარებლამდე მივიტანოთ Drop.ge დადებითი ასპექტები და მაქსიმალურად დავხვეწოთ სერვისი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც კი რაიმე ტექსტი ექნება სათარგმნი მომხმარებელს, არც კი იფიქროს სად ათარგმნინოს დოკუმენტი, უბრალოდ შევიდეს Drop.ge-ზე და მიიღოს სერვისი სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად სწრაფად და ხარისხის გარანტიით.

M: როგორ აპირებთ ამ სტარტაპის განვითარებას?

საქართველო და თბილისი იმდენად პატარაა, რომ პირად კონტაქტებს დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც სერვისზეა საუბარი, ყველაზე მთავარი არის კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობა და მათი რეკომენდაცია. „მე ვიცი, სად ჰყავთ კარგი თარჯიმნები – Drop.ge” – აი, ეს არის ჩვენი განვითარების სტრატეგია. გვინდა, განვითარების მთავარი ლოკომოტივი იყოს კმაყოფილი მომხმარებლის მიერ გაზიარებული ინფორმაცია.

M: ამ ყველაფერს როგორ უნდა მიაღწიოთ, კონკრეტულად, რას გეგმავთ?

გვინდა, შევქმნათ ისეთი პლატფორმა, რომელზეც მომხმარებელი თავად დაუკავშირდება სერვისის მიმწოდებელს და ჩვენი როლი მათ ურთიერთობაში იქნება მინიმალური. ეს სისტემა საშუალებას მისცემს ყველა თარჯიმანს, ან თუნდაც სხვა სპეციალობის ადამიანს, რომელიც კარგად ფლობს ენას, თავად გამოიმუშაოს შემოსავალი ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით. შედეგად, მივიღებთ უამრავ სერვისის მიმწოდებელს, რომლებიც თავად განსაზღვრავენ, რა ფასად გაყიდონ მომსახურება და როდის აიღონ შეკვეთა.

Cool startups wanted in Brno! The longest running Czech accelerator calls for participants

გამაგრილებელი სასმელი ყინულის გარეშე! – WWF-ის საინტერესო ექსპერიმენტი მნიშვნელოვანი გზავნილით