აქ რაღაც თეორიაზე კი არ გესაუბრებით, არამედ უკვე პრაქტიკაში გამოცდილ ინოვაციურ მეთოდზე, რომელიც კანადის შემდეგ ახალ ზელანდიაშიც დაამკვიდრეს. „ორმაგი თანმიმდევრული გარეგანი დეფიბრილაციის“ (DSED) სახელითაა ცნობილი და, როგორც ამბობენ, იგი პირველადი სასწრაფო დახმარების სტრატეგიასაც შეცვლის. შესაბამისად, ზოგიერთი პაციენტის გადარჩენის მაჩვენებლებსაც გააუმჯობესებს.
გულის გაჩერებისგან გადარჩენა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ეფექტურ რეანიმაციის პროცესზე. როცა გული ნორმალურად მუშაობს, ელექტრული პულსები მის კუნთოვან კედლებში გადის და რეგულარულ, კოორდინირებულ შეკუმშვებს იწვევს. თუმცა თუ ეს ელექტრული რიტმები შეფერხებულია, გულისცემაც აღარ არის კოორდინირებული და აღარც ეფექტური. შესაბამისად, გულის გაჩერებამდე მივდივართ. დეფიბრილაცია კი აქ მთავარია — გულს ძლიერ ელექტრო შოკებს აწვდის, რათა ჩვეული რიტმი აღადგინოს. ხოლო წარმატება გულის დისფუნქციურ რიტმსა და დეფიბრილაციის ე. წ. პადების სწორ განლაგებაზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება ახალ ინოვაციურ მეთოდს, სწორედ იმ ვარიანტისთვის შეიქმნა, როცა ჩვეულებრივი პოზიციონირება არაეფექტურია — ანუ პაციენტების 20%-ისთვის, რომლებშიც გულის გაჩერება ე. წ. პარკუჭების ფიბრილაციით ან ტაქიკარდიითაა გამოწვეული. DSED სულ ახალი მეთოდია, რომელიც პროცესში ორ დეფიბრილატორს იყენებს, ხოლო პადები სხვადასხვა ადგილზეა მოთავსებული, ერთი მკერდის წინ და გვერდით მხარეს, ხოლო მეორე წინ და უკან. ოპერატორი ამ დეფიბრილატორებს თანმიმდევრობით ააქტიურებს… თანაც კანადაში ჩატარებული ცდის საფუძველზე გვეუბნებიან, რომ შესაძლოა, ამ მიდგომამ იმ პაციენტების გადარჩენის შანსი გააორმაგოს, რომლებიც სტანდარტულ შოკებზე არ რეაგირებენ.
ახალი ზელანდიის 2020-2023 წლების მონაცემებით სულ 1390 ადამიანი გამოვლინდა, რომლებიც პოტენციურად ამ ახალი დეფიბრილაციის მეთოდით ისარგებლებენ. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კონკრეტულ ჯგუფს გადარჩენის მხოლოდ 14%-იანი მაჩვენებელი აქვს…
აღსანიშნავია ისიც, რომ National Ambulance Sector Clinical Working Group-მა უკვე განაახლა პირველადი დახმარების სახელმძღვანელო წესები სამედიცინო პერსონალისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ სტანდარტული დეფიბრილაციის მეთოდი 2 შოკის შემდეგ არ იმუშავებს, DSED მეთოდი უნდა გამოიყენონ. აქ ორი დეფიბრილატორია საჭირო და პერსონალის გადამზადებაც.