in ,

Anastasia Dstar (Anastasia Fedorova)

ანასტასია

“მოდით და იცეკვეთ, ჩვენთან არ არსებობს შეზღუდვები”, მარკეტერის ინტერვიუ  ” D-star agency ” – სა და  “D-star dance school”–ის დამაარსებელთან – Anastasia Fedorova–სთან.

ანასტასია

რამდენი ხანია რაც ცეკვით ხართ დაკავებული?

4 წლის ვიყავი პირველად ცეკვა რომ დავიწყე. მაშინ ბალეტზე დავდიოდი, ხოლო შემდეგ გადავედი უკვე თანამედროვე სტილის ცეკვების სტუდიაში, რომელიც რუსეთში ერთ–ერთი პროფესიონალური სტუდია იყო. იქ ვისწავლე, მივიღე განათლება კლასიკური ცეკვების კუთხით.

როდის მიხვდით, რომ ცეკვა შეიძლებოდა გამხდარიყო თქვენი ცხოვრების ნაწილი?

anastasia dstarპატარა როცა ვიყავი, ნამდვილად არ ვფიქრობდი იმაზე, რომ ერთ დღეს პროფესიონალი მოცეკვავე გავხდებოდი და მექნებოდა ბიზნესი საცეკვაო ინდუსტრიაში. მაშინ ხოლოდ მსიამოვნებდა ცეკვა და იმიტომ ვაკეთებდი ამას, მიყვარდა და მინდოდა მეჩვენებინა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ცეკვა. 18 წლიდან უკვე სერიოზულად ჩავები საქმიანობასა და საცეკვაო ინდუსტრიის ცოხვრებაში.

თქვენი სააგენტო D-star agency კავკასიის სხვადასხვა რეგიონში არსებობს. როდის დაარსდა D-star agency  და როგორ დაიბადა მისი დაარსების იდეა?

ვმოგზაურობდი მსოფლიოს გარშემო და ვხვდებოდი სხვადასხვა პროფესიონალ მოცეკვავეებს, ვესწრებოდი ვორქშოპებს და ა.შ. კიდევ ერთხელ გავაანალიზე, რომ ძალიან მიყვარდა ის, რასაც ვაკეთებდი. მივხვდი, მინდოდა ეს სიყვარული სხვებისთვისაც გამეზიარებინა, მინდოდა დამენახებინა ადამიანებისთვის რამდენად საინტერესო, სასიამოვნო, კარგი და სასარგებლოა ცეკვა მათი ცხოვრებისათვის და ჯანმრთელობისთვის. მინდოდა მეპოვნა ის გასაღები, რომლითაც მათ ამ სურვილს გავუღვიძებდი და მივახვედრებდი, რომ ამით შეეძლოთ ცხოვრების შეცვლა, გახალისება და სიამოვნების მიღება.

როდესაც ამ რეგიონში ჩამოვედი, ბევრს ვფიქრობდი რა უნდა გამეკეთებინა აქ მცხოვრებთათვის, რომ დამეინტერესებინა ჩემი საქმიანობით და გამეზიარებინა ჩემი ცოდნა და ცეკვისადმი სიყვარული. დასაწყისში ეს ძალიან რთული აღმოჩნდა. საბოლოოდ, რამდენიმე წლის წინ, ჩამოვაყალიბეთ სააგენტო. ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი, ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები ცეკვისადმი თავის სიყვარულს ერთმანეთს უზიარებენ.

როგორ მოხვდით საქართველოში? რატომ გადაწყვიტეთ აქ ჩამოსვლა?

ბევრ ქართველთან მქონდა ურთიერთობა და ერთხელაც ჩამოვედი საქართველოში. შემდეგ გადავწყვიტე თქვენ ქვეყანაშიც გამეკეთებინა ცეკვის სტუდია. ეს იყო 6 წლის წინ. დავაარსე პატარა სტუდია, რომელიც საბურთალოზე გვქონდა. მაშინ ხალხში დიდი გაოცება გამოიწვია, რადგან უცხო იყო იმ დროისთვის მსგავსი ცეკვის სტუდიების არსებობა. მაგრამ ჩვენ ადამიანებს ვეუბნებოდით: რატომაც არა? თქვენ ეს შეგიძლიათ, მთავარია სურვილი და მონდომება….. დროთა განმავლობაში საზოგადოება შეეგუა და ჩვენი გამოჩენა სწორად მიიღო.

გაამართლა თუ არა D-star agency–ს ჩამოყალიბების იდეამ და მიიღეთ თუ არა ის შედეგი, რომელსაც ელოდით?

D-star agency  არის პროფესიონალი მოცეკვავეებისთვის, ანუ ეხმარება მათ კარიერულ ზრდაში (შოუბიზნესის წარმომადგენლებს), მათ ვეხმარებით, რომ ბევრს მიაღწიონ და გაიზარდონ ამ კუთხით. გვყავს პროფესიონალი მასწავლებლები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში დადიან და უფრო და უფრო მეტ, ახალ პროდუქტს გვთავაზობენ. fedorovaვფიქრობ, იდეამ გაამართლა, რადგან შედეგით კმაყოფილები ვართ, საზოგადოებამ გაიგო სააგენტოს არსებობის შინაარსი. რაც შეეხება  D-star dance school–ს, აქ მოყვარულები და დამწყები მოცეკვავეები დადიან.

როგორ ფიქრობთ, არის თუ არა საქართველოში კონკურენცია ამ კუთხით და ვის მოიაზრებთ კონკურენტად?

საქართველოში ბევრი საცეკვაო სტუდიაა. თუმცა აქ არის ერთი პრობლემა, მათ არა აქვთ გაცნობიერებული, რომ აუცილებელია ცოდნის გაღრმავება. ჩვენი სააგენტოს მასწავლებლები დადიან საზღვარგარეთ და ეცნობიან უფრო და უფრო მეტს, რათა არ ჩამოვრჩეთ მსოფლიოს და ხალხს ზუსტად გააგებინონ თუნდაც ჰიპ–ჰოპის ზუსტი აზრი. ეს ხომ არ არის უბრალოდ მოძრაობა.

სწორედ ესაა საქართველოში პრობლემა, რომ ისინი არ ცდილობენ განვითარებას და ზუსტი არსის გაგებას. მე მესმის, რომ ეს ფინანსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ უნდა ვთქვათ ისიც, რომ პროფესიული ზრდა აუცილებელია. ჩვენ ბევრ სტუდიასთან გვაქვს ურთიერთობა, ჩვენ მეგობრები ვართ და ერთმანეთს ვუზიარებთ კიდევაც აზრებსა და ცოდნას. არსებობენ ცეკვის სტუდიები, რომლებიც ცდილობენ განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია.

კავკასიის ქვეყნები რომ ავიღოთ, შეგიძლიათ თუ არა რომ შეადაროთ საქართველო სხვა დანარჩენ ქვეყნებს, შეგიძლიათ ძლიერ და სუსტ მხარეებზე გვესაუბროთ?

მაგალითად, აზერბაიჯანში ჩამოყალიბდა ცეკვის კულტურა, რაც ძალიან კარგია. მათ გაიგეს ამის ზუსტი შინაარსი, ცდილობენ უფრო და უფრო მეტის გაკეთებას, ძალიან მონდომებულები არიან. დადიან სხვადასხვა ქვეყნებში და ჩემპიონატებშიც იღებენ მონაწილებას, აქტიურები და უფრო მეტად დაინტერესებულები არიან.

საქართველოში, ჯერ–ჯერობით, ასე კარგად არ არის განვითარებული ეს სფერო. ასევე სომხეთშიც უფრო დაბალ საფეხურზე არიან, თუმცა რაც ყველაზე მთავარია, ისინი ცდილობენ, რომ გაიზარდონ და ისწავლონ.

D-star dance school, პირველი პროფესიონალური საცეკვაო სკოლაა თბილისში. თუ შეგიძლიათ საქართველოს მაგალითზე გვესაუბროთ…

საქართველომ დიდი ნაბიჯი გადადგა წინ და გაიზარდა ამ კუთხით. ძალიან კარგი და ნიჭიერი თაობა მოდის, პატარები უფრო მეტს შრომობენ და უფრო მონდომებულები არიან, ვიდრე უფროსები. მიხარია, როდესაც მშობლები მოდიან და კმაყოფილებას გამოთქვამენ თავიანთი შვილების პროფესიულ ზრდაზე.

D-star dance school–ში ასწავლით სხვადასხვა სახის ცეკვებს, მაგალითად: Hip- Hop, Break dance, New style, RnB-lady dance, L.A style  და ა.შ. არის თუ არა საქართველოში მასზე მოთხოვნა, და ძირითადად რა ასაკის ადამიანები მოდიან თქვენთან ცეკვის შესასწავლად?

ჩვენ გვყავს სხვადასხვა ასაკის ჯგუფები, რომელიც 4 წლის ასაკიდან იწყება და 40–45 წლის ადამიანებიც კი ცეკვავენ ჩვენთან. ასაკი შეუძღუდავია, მთავარია გინდოდეს და შეუძლებელი არაფერია. მოდით და იცეკვეთ, ჩვენთან არ არსებობს შეზღუდვები.

რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი კურსები?

ჩვენთან ფასები 75 ლარიდან იწყება. გვაქვს ბევრი შეღავათიანი შეთავაზებები, რათა ყველა ადამიანმა შეძლოს ჩვენთან მოხვედრა.

გარდა დასახელებული ცეკვებისა და მათი შესწავლისა, აქვს თუ არა თქვენს სკოლას სხვა სახის შეთავაზებები?

ჩვენ სკოლას აქვს ბევრი შეთავაზება, რათა ადამიანი კარგად გრძნობდეს თავს, ფიზიკურადაც და გონებრივადაც დაისვენოს. ჩვენთან არის იოგას კურსები, პილატესი, შეიპინგი, ყველაფერი, რაც ადამიანს საშუალებას მისცემს გაჯანსაღებაში.

თვლით, რომ წარმატებული ადამიანი ხართ და რა არის წარმატება თქვენთვის?

შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებული ადამიანი ვარ. ჩემთვის წარმატებაა, როდესაც აკეთებ იმას, რაც გიყვარს. უზიარებ შენ ცოდნასა და სიყვარულს მათ, ვისაც ეს სჭირდებათ და აინტერესებთ. ეს არის წარმატება.

როგორ აღნიშნეს თანასწორობის დღე

უფრო კომფორტული ფრენა