in

დუბაიში მეცნიერებს ხელოვნურად გამოწვეული წვიმის სანაცვლოდ აფინანსებენ

ჩვენ ყველანი უფრო ცხელი მომავლის წინაშე ვიმყოფებით…

ალბათ, შეხსენება არც გჭირდებათ, თუ რამდენად ცხელი ზაფხულია… პრობლემა გლობალურია – ჩვენ ყველანი უფრო ცხელი მომავლის წინაშე ვიმყოფებით. ამას ემატება ზოგიერთ რეგიონში წყლის წყაროების შემცირება, რისი პრევენციისთვისაც დუბაიში ხელოვნურ წვიმას იყენებენ.

ამ კვირაში არაბთა გაერთიანებული საემიროების მეტეოროლოგიურმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ხელოვნურად გამოწვეული თავსხმა წვიმაა ასახული. ამისათვის სახელმწიფო დრონებს იყენებს, რომელთა მეშვეობითაც ღრუბლებში ელექტრულ მუხტებს უშვებენ და იქ არსებულ წყლის წვეთებს ხმელეთისკენ მიმართავენ.

იდეა დიდ ბრიტანეთში მდებარე რედინგის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებს ეკუთვნით. ზემოთ ხსენებული დრონები სპეციალური სენსორებითა და ხელსაწყოებითაა აღჭურვილი, რომელთა საშუალებითაც ღრუბლების შემადგენელ მოლეკულებს ელექტრული მუხტები გადაეცემა. შედეგად, ჰერში არსებული უმცირესი ზომის წყლის წვეთები თავს ერთად იყრის და წვიმის წვეთებად იქცევა, რომლებიც შემდგომ ხმელეთამდე აღწევს. ამასთან, დრონის სენსორები ფრენის დროს ღრუბლებში ტემპერატურას, ტენიანობასა და ელექტრულ მუხტს ზომავს.

საგულისხმოა, რომ რედინგის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, მეტეოროლოგისა და მკვლევრის კერი ნიკოლის ხელმძღვანელობით, ჯერ კიდევ 2017 წელს მიიღო არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებისგან 15 მილიონი აშშ დოლარი. ამ დრომდე კი სრულყოფილი შედეგის მისაღებად დაახლოებით ცხრა კვლევა ჩატარდა.

სამწუხაროდ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში წყლის დიდი პრობლემა არსებობს. CIA-ს მონაცემებით, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 4 მილიარდ კუბურ მეტრ წყალს იყენებს, მაგრამ მოსახლეობას განახლებადი რესურსის მხოლოდ 4%-ზე აქვს წვდომა. თანაც, როგორც წესი, საამიროებში წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე წვიმს.  “აქ წყლის კალაპოტი მკვეთრად ეცემა და ამ პროექტის მიზანი ნალექიანობის გაზრდაა” – ამბობს მეტეოროლოგი მარტინ ამბა.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ინოვაციების ხელშეწყობას ცდილობს, რათა ნალექიანობის ნაკლებობის პრობლემის გადასაჭრელად საუკეთესო გზა მოიძებნოს. დრონები კი ამ ინოვაციების ერთ-ერთი წარმატებული ნაწილი აღმოჩნდა.

Oculus-ის განახლება – ნაკლებად მარტოსული ვირტუალური რეალობა!

Ammolitlab – ადგილი, სადაც შეგიძლია, მიმართულება მისცე შენს ხედვებს ხელოვნებაში