საუკუნეების განმავლობაში, ფერმერები, ბრინჯის პლანტაციების მოსავლელად ხშირად იყენებდნენ იხვებს, როგორც პესტიციდების ნატურალურ ალტერნატივას. ბრინჯი წყლით დაფარულ ნიადაგზე მოჰყავთ, შესაბამისად, იხვები პლანტაციებზე ცურვისას მას სარეველებს აცლიდნენ, მეტიც ჭამდნენ მწერებს, რომლებსაც შესაძლოა გარკვეული ზიანი მოეტანა მოსავლისთვის. ეს პრაქტიკა 21-ე საუკუნეში არც ისე აქტუალურია, თუმცა, ახალ ტექნოლოგიებს ამის შეცვლა შეუძლიათ.
ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Nissan-ის იაპონელმა ინჟინერმა შექმნა რობოტი იხვი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში მიღებული პრაქტიკის გათანამედროვება შეუძლია. რობოტის პროტოტიპს ახლა ჩრდილო-აღმოსავლეთ იაპონიაში ცდიან. ჯერჯერობით, მის შემქმნელს იდეის კომერციალიზაციისთვის გეგმები არ აქვს.
რობოტ იხვს Aigamo ჰქვია, ისევე, როგორც იმ იხვის ჯიშს, რომელსაც იაპონელი ფერმერები, საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ბრინჯის პლანტაციებში. რობოტი 1.5 კილოგრამს იწონის და მტვერსასრუტის ზომისაა. მას აქვს ორი რეზინის ჯაგრისი, რომელიც იხვის ფეხების პროტოტიპია, „აიგამოს“ გადაადგილებისას კი წყლალში ჟანგბადის მოძრაობას, შესაბამისად კი, პლანტაციის გაჯანსაღებას უწყობს ხელს. რთულია, ზუსტად ვთქვათ, როგორ მუშაობს ეს პროტოტიპი, რადგან გავრცელებული ინფორმაცია, მათ შორის, ქვემოთ მოცემული ვიდეოც იაპონურ ენაზეა. თუმცა ცხადია, რომ მსგავსი პროექტი მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, მით უფრო, იაპონიაში, სადაც ბრინჯის ინდუსტრია გარკვეული საფრთხეების წინაშე დგას. რობოტიქსის გამოყენება სოფლის მეურნეობაში სულ უფრო აქტუალურია, შესაბამისად, იაპონელი ინჟინრების მსგავსად, იქნებ ჩვენც უნდა ვიფიქროთ, როგორ შეგვიძლია გავამარტივოთ და გავაუმჯობესოთ სხვადასხვა პროცესი სოფლის მეურნეობაში.