22
Apr
2019

Dudey-ის ახალი მინიალბომი თბილისურ მელანქოლიაზე

22 Apr 2019

ქართველმა მუსიკოსმა Dudey-მ ახალი მინიალბომი, „Music To Dance To With Eyes Closed“-ს გამოუშვა. ალბომი 4 სხვადასხვა თემატიკის, თუმცა, ერთი ჟღერადობრივი ხაზის კომპოზიციას აერთიანებს. მისი მოსმენა/შეძენა კი რამდენიმე პლატფორმაზე არის შესაძლებელი.

M: რამდენი ხნის განმავლობაში მუშაობდი ალბომზე?

ჯერ კიდევ წინა ალბომ Hiraeth-ზე მუშაობისას გადავწყვიტე, რომ მასში აუცილებლად უნდა დამემატებინა ტრეკი თბილისზე, თბილისისთვის მიძღვნილი. ირონიულად, ტრეკის სახელი (Tales Of The Bittersweet) და ზოგადი იდეა ამერიკაში მოგზაურობისას მოვიფიქრე და მასზე მუშაობა იქვე დავიწყე. თუმცა, როდესაც იდეიდან უშუალოდ ინსტრუმენტალურ ნაწილზე გადავედი და მთავარი pad pattern დავწერე, მივხვდი, რომ Hiraeth-ის ტრეკებისგან განსხვავებით, ეს სულ სხვა ჟღერადობა იყო, რომელიც იმდენად მომეწონა, რომ მომინდა ეს ტრეკი ცალკე EP-ში შესულიყო. საქართველოში დაბრუნების მერე, ნოემბერში დავწერე So Damn Precious, რომელსაც მოჰყვა რამდენიმე დღეში უჩვეულოდ სწრაფად და ადვილად აწყობილი I’m Always Tired But Never Of You და ბოლო Please Hold, The Line Is Busy, რომელმაც, ტრადიციულად, საკმაოდ დიდი ხანი მაწვალა – რეალურად, სანამ ალბომის უკანასკნელმა ტრეკმა საბოლოო სახე მიიღო, ორი სხვა სიმღერა “შემომეწერა”. შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი ნაწილი თებერვლის ბოლოს დამთავრებული იყო, ხოლო შემდეგი რამდენიმე კვირა პატარა, სხვებისთვის შეუმჩნეველი დეტალების გასწორებისა და საბოლოო მიქსინგისთვის დამჭირდა.

M: რამდენი ტრეკი შედის ახალ ალბომში და იყო თუ არა კოლაბორაცია სხვა მუსიკოსებთან?

ალბომში სულ 4 ტრეკი შედის, 4-ვე ტრეკი ჩემი სოლო ნამუშევარია. სიმართლე გითხრათ, ამ ალბომზე მუშაობისას კოლაბორაციას არ განვიხილავდი, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ვცადო მუშაობა რომელიმე ადგილობრივ მუსიკოსთან, ვისი მუსიკაც გამორჩეულად მომწონს. ასევე ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება, ვინმემ ჩემი ტრეკების რემიქსი გააკეთოს.

M: რა თემატიკის ირგვლივ ტრიალებს ალბომში შესული კომპოზიციები?

A constant state of melancholy – ეს არის ის ფრაზა, რის მეშვეობითაც აღვწერ ჩემს მუსიკას. ამიტომ, ყველა სიმღერა ამ მელანქოლიას გამოხატავს, ეს “თბილი სევდა” ან “ტკბილი სინანული” არის ის მთავარი იდეა და ხასიათი, რომელიც 4-ვე ტრეკს აერთიანებს, მიუხედავად იმისა, რომ თემატურად საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ზოგადად, სახელიდან გამომდინარე – Music To Dance To With Eyes Closed – ეს ალბომი არის დაწერილი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჰაუს მუსიკა მოსწონს და ცეკვის დროს კონკრეტული ემოციის გრძნობის არ ეშინია. ხომ არსებობს ის ფანტასტიური ტრეკები, რომლებსაც უბრალოდ ბედნიერება და კარგი ხასიათი მოაქვს? ჩემი მუსიკა ამის ზუსტი ანტიპოდია- მიუხედავად იმისა, რომ ყველა ტრეკი სტანდარტულ საცეკვაო 4/4 ბითზეა აწყობილი. ლირიკის და ვოკალის მთავარი მიზანი არის რაღაც მომენტში შეგაჩეროს, რაღაც გაგახსენოს, რაღაცაზე დაგაფიქროს: “რას გრძნობ? რას გაურბიხარ? რას არ აღიარებ? რატომ?”. ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, ამ შეკითხვებზე პასუხი არარელევანტურია – ეს ყველას პირადი საქმეა, ჩემი მიზანი მსმენელში ამ კითხვების გამოწვევაა მხოლოდ.

M: სად შეეძლებათ მომხმარებლებს ალბომის შეძენა და იქნება თუ არა ფიზიკურ მედიუმზე რელიზი?

ამ მომენტში ალბომი ციფრულ ფორმატში ყველა მთავარ მუსიკალურ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი:

Youtube: https://bit.ly/2TXZpnz
Soundcloud: https://bit.ly/2TU1a57
Spotify: https://spoti.fi/2OkIuFA
iTunes/Apple Music: https://apple.co/2umAs5O
Bandcamp: https://bit.ly/2Wlf8d4

რაც შეეხება ფიზიკურ რელიზს, მინდა გამოვუშვა ლიმიტირებული რაოდენობის CD, და ამაზე უკვე აქტიურად ვმუშაობ. მომავალში აუცილებლად მინდა, რელიზი ვინილზეც გამოვიდეს, თუმცა, ეს უფრო რთული და პრობლემატური საქმეა, ამიტომ არამგონია საქართველოს პირობებში უახლოვეს მომავალში მოხერხდეს.

განხილვა