ეს უცნაური ფორმის ავეჯი დივანია, სახელად Dune. ის ფრანგმა დიზაინერმა პიერ პოლენმა შექმნა. თუმცა, დივანს ლანდშაფტის ფორმა აქვს ჰგავს და ზომითაც უზარმაზარია. Dune სახელს ამართლებს და 3 მეტრზე მეტი სიგრძისა და სიგანის ნაწილებისგან შედგება. საზურგეები ტოპოგრაფიულ იერს ქმნის, ხოლო ჩაშენებული მაგიდები პატარა ოაზისებივით მოჩანს. პოლენმა Dune ისე შექმნა, რომ ცხოვრების სხვადასხვანაირ სტილს მორგებოდა.
Dune არის მოდულური ავეჯის სერიის ნაწილი, რომელიც მოიცავდა დასაჯდომებს, წიგნების თაროებსა და მაგიდებს. პოლენმა ეს კოლექცია 1968-1972 წლებში შექმნა იმ იმედით, რომ Herman Miller-ი მათ წარმოებას დაიწყებდა. თუმცა, პროექტი არასდროს განხორციელებულა. ათწლეულების განმავლობაში პოლენის მიერ წარმოდგენილი ექსპერიმენტული ცხოვრების სტილით სარგებლობა მხოლოდ მის ოჯახს შეეძლო – დიზაინერმა საკუთარი სახლი პროტოტიპებით გააფორმა. დღეს, ეს ნამუშევრები, იშვიათი შემთხვევის წყალობით, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია გამოფენაზე “Pierre Paulin: Action House” Judd Foundation-ში (ნიუ-იორკში), 15 თებერვლამდე.

2009 წელს, პოლენის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ავანგარდულმა „ლანდშაფტმა“ თანდათან მოიპოვა აღიარება. პოლენის ოჯახმა გადაწყვიტა, გაეგრძელებინა მისი საქმე და დიზაინების წარმოება დაეწყო. მას შემდეგ, Dune ავეჯის სამყაროში Birkin ჩანთის ეკვივალენტად იქცა – სტატუსის სიმბოლოდ, რომლის შეძენაც ნებისმიერს არ შეუძლია. საინტერესოა, რომ Dune-ს ხშირად „ფრენკ ოუშენის დივანსაც“ უწოდებენ, მას შემდეგ, რაც მუსიკოსმა 2019 წელს, მასზე გადაღებული საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა.
„უტოპიური“ დიზაინი, რომლის მასობრივი წარმოებაც რთული იყო
პოლენს მოქანდაკის განათლება ჰქონდა. ალბათ, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მისი ავეჯი 360 გრადუსით პრეზენტაბელური უნდა ყოფილიყო. პოლენი შეპყრობილი იყო სავარძელში ნებისმიერი ნაკლის თავიდან აცილების იდეით, რათა ნაკეთობა ნებისმიერი კუთხიდან დაგეთვალიერებინათ, ტექნიკური დეტალების ან მცირე უსიამოვნო ელემენტების დანახვის გარეშე. მისი ინოვაცია იყო სკამის ან დივნის სტრუქტურის ჩონჩხად წარმოდგენა, რომელსაც შემდეგ ავტოინდუსტრიაში გამოყენებული ფორმირებული ქაფით ტენიდა და საცურაო კოსტიუმის ელასტიური მასალით ფარავდა, კონტურული ფორმების მისაღწევად. ტექნიკური ექსპერიმენტების გამო, პოლენს ხშირად უჭირდა მწარმოებლების პოვნა, თავისი დიზაინების დასამზადებლად.

პოლენი იკვლევდა, როგორ შეიძლებოდა საცხოვრებელი სივრცე უფრო მეტად სრულ გარემოდ წაკითხულიყო. ამ მიზნით, დასაჯდომები „იატაკის არტიკულაციად“ აქცია.
1970-იანი წლების დასაწყისში პოლენმა თავისი კონცეფციის მაკეტი Herman Miller-ის მიჩიგანის სათავო ოფისში წაიღო იმ იმედით, რომ კომპანია პროექტს წარმოებაში ჩაუშვებდა. Herman Miller-ის არქივებში ამ პროექტის შესახებ მწირი ინფორმაციაა შემორჩენილი. MillerKnoll-ის (Herman Miller-ის მშობელი კომპანიის) არქივებისა და ბრენდის მემკვიდრეობის ხელმძღვანელმა ეიმი აუშერმანმა მხოლოდ ერთი მოკლე მოხსენიება იპოვა 1973 წლის მაისის დიზაინისა და განვითარების დოკუმენტის ნაწილობრივ ასლში.
აუშერმანის თეორიით, Herman Miller დაინტერესებული იყო ევროპაში საცხოვრებელი პროდუქტების განვითარებით, ამიტომაც დაუკავშირდა პოლენს. ზუსტად უცნობია, რატომ არ განვითარდა პროექტი. თავად პოლენი თვლიდა, რომ პროექტი „ზედმეტად უტოპიური“ იყო. თუმცა, სავარაუდოდ, ბიზნესური მიზეზებიც არსებობდა. „ამ დიზაინის ისტორიის საინტერესო ნაწილი მართლაც ისაა, თუ როგორ შემოდის ან არ შემოდის ბევრი რამ სამყაროში ბიზნეს გადაწყვეტილების გამო,“ – ამბობს აუშერმანი. „მაგალითად, იმ წელს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაში იყო, ამიტომ Herman Miller-მა უბრალოდ არ განავითარა ეს იდეა“.

ოჯახური საქმე
მიუხედავად იმისა, რომ პოლენის კონცეფცია მის სიცოცხლეში არ განხორციელებულა, მან და მისმა ოჯახმა მაინც შეძლეს შეკვეთით დამზადებული პროტოტიპებით სარგებლობა. Déclive, U-ფორმის უფეხო დიზაინი, ოჯახის წევრების ერთ-ერთი საყვარელი მოდელი იყო.

მოდელის რამდენიმე პროტოტიპი და მაკეტი პომპიდუს ცენტრმა შეიძინა. პოლენის გარდაცვალების შემდეგ, მის ექსპერიმენტულ ნამუშევრებზე ინტერესი გაძლიერდა და გალერეებმა და მუზეუმებმა მისი დიზაინების გამოფენებში ჩართვა დაიწყეს.
წყარო: Fastcompany












