Dunkin’ Donuts ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკული კვების კომპანიაა. ის საკვებისა და სასმელების ფართო არჩევანით არის წარმოდგენილი მთელ მსოფლიოში. 1950 წელს დაარსებულ Dunkin’ Donuts-ს აქვს 12,900-ზე მეტი მაღაზია. მისი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია დონატები, ყავა და სენდვიჩები, რომელიც მხოლოდ Dunkin’-ში შეიძლება გასინჯოთ. უკვე რამდენიმე ათწლეული გავიდა მას შემდეგ, რაც კომპანია პიედესტალიდან არ ჩამოდის და თავის კატეგორიაში, შეიძლება ითქვას, უკონკურენტოც კია. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, კომპანია ყოველწლიურად დაახლოებით ორ მილიარდ ფინჯან ყავას ყიდის და ყოველდღიურად ემსახურება სამ მილიონზე მეტ მომხმარებელს. ამიტომ საინტერესოა, როგორ მიაღწია მან ამ წარმატებას.
დამფუძნებლის შესახებ

უილიამ როზენბერგი დაიბადა ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში. მას სამი და-ძმა ჰყავდა, მამა კი სასურსათო მაღაზიის მფლობელი იყო. უილიამი საჯარო სკოლაში სწავლობდა, თუმცა დიდი დეპრესიის დროს მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა შესუსტდა და მას სკოლის მიტოვება მოუწია. იმ დროს ის მერვე კლასში იყო. სკოლის მიტოვების შემდეგ უილიამმა სამუშაოს ძებნა დაიწყო.
მან მუშაობა Western Union-ში დაიწყო, სადაც ტელეგრამის მიმწოდებელი იყო. რამდენიმე წლის შემდეგ კი ნაყინის გამყიდველად დაიწყო მუშაობა და ასე, ნელ-ნელა გაერკვია გაყიდვების სფეროში.
Open Kettle-დან Dunkin’ Donuts-მდე

მეორე მსოფლიო ომის საწყის წლებში უილიამი მუშაობისას აკვირდებოდა, როგორ იყიდებოდა საკვები გარეთ გამოტანილ პატარა დახლებზე. მათზე დაკვირვებამ იგი საკვების მიმწოდებელი კომპანიის შექმნაზე დააფიქრა და უილიამმა რამდენიმე მეორადი სატვირთო მანქანა იყიდა, რომლითაც შესვენებაზე ლანჩს აწვდიდა ბოსტონის გარეუბანში მდებარე ქარხნის მუშებს.
მისმა ჩანაფიქრმა გაამართლა და ის მალევე მიხვდა, რომ ყველაზე უკეთ ყავა და დონატი იყიდებოდა. შესაბამისად, გადაწყვიტა ყავისა და დონატების მაღაზიის გახსნა. 1948 წლის 31 მაისს უილიამმა დააარსა Open Kettle, თუმცა ამ შემთხვევაში, ობიექტის წარმატება იმდენად არ გამართლდა, როგორც ჩაფიქრებული იყო. არქიტექტორის რჩევით, უილიამმა შეცვალა თავისი მაღაზიის სახელი და დაარქვა Dunkin’ Donuts. იმ დროისთვის ტრადიციული მაღაზიები დონატის მხოლოდ 5 სახეობას ჰყიდდნენ, Dunkin’-მა კი, არც მეტი, არც ნაკლები, 52 გემოს დონატი შესთავაზა მომხმარებელს.
გზა წარმატებისკენ
1955 წელს უილიამმა გადაწყვიტა თავისი ბიზნესი ფრენჩაიზის სახით გაეყიდა. 1963 წლისთვის Dunkin’ Donuts-მა გახსნა მე-100 მაღაზია. იმავე წელს უილიამის ვაჟი ბობი გახდა Dunkin’ Donuts-ის აღმასრულებელი დირექტორი. მისი ამ პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ კომპანიაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა: მენიუს გაუკეთდა სტანდარტიზაცია, თვითმომსახურების დახლები შეიცვალა სერვისის მიწოდების დახლებით, ქაღალდის ჭიქები შეიცვალა კერამიკულით და სხვა. 1972 წელს გამოვიდა პირველი Munchkins-ებიც, ანუ დონატის ბურთები.

მისი ფრენჩაიზები კი განაგრძობდა გაფართოებას. წლების განმავლობაში კომპანიის მუშაობასა და მოგებაზე დაკვირვების შემდეგ, ექსპერტებმა ადრეული წარმატების მიზეზად სწორედ ფრენჩაიზინგი დაასახელეს.
Baskin Robbins და Dunkin Donuts

1990 წელს კომპანია შეიძინა Baskin Robbins-ის დამფუძნებელმა და ორი ქსელი გააერთიანა. ამჟამად Dunkin’ Donuts და Baskin Robbins ექვემდებარება ფრენჩაიზერ კომპანიას Dunkin’ Brands, რომელსაც აქვს 21000-ზე მეტი მაღაზია 60-ზე მეტ ქვეყანაში. ერთ-ერთი ბოლო დიდი ცვლილება, რომელიც კომპანიამ განიცადა, 2019 წელს სახელის შეცვლა იყო. Dunkin’-მა ოფიციალურად მოაშორა სახელწოდებიდან სიტყვა Donuts. ამის მიზეზი ის იყო, რომ როგორც ფინანსურმა სამსახურმა დაითვალა, კომპანიის გაყიდვების 60% ყავის შეკვეთებით მოდის. ამას გარდა, კომპანიაში დაფიქრდნენ იმაზე, რომ მსოფლიო უფრო მეტად ალაპარაკდა ჯანსაღ ცხოვრებაზე, სიტყვა „დონატი” კი პირველივე ასოციაციას არაჯანსაღი კვებისკენ იწვევს. მიუხედავად ამისა, მისი დონატები ერთ-ერთ უსაყვარლეს ტკბილეულად ითვლება მომხმარებლისთვის.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი













