Duolingo-ზე პირველი ენების სწავლა კი გვახსენდება, მაგრამ ახლა პლატფორმა ახალ სამყაროში აბიჯებს და აპირებს, მომხმარებლებს ჭადრაკიც შეასწავლოს. არ აქვს მნიშვნელობა, დამწყები ხართ თუ მოყვარული, ნებისმიერ შემთხვევაში დუოლინგოს სურს, უკეთეს მოთამაშედ გაქციოთ. თუმცა, აქცენტი მაინც ახალი მოთამაშეების მოზიდვაზე აქვს, მათ შორის იმ პირებზე, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჭადრაკი რთულია შესასწავლად…
„უმეტეს შემთხვევაში ჭადრაკის პროდუქტები პროფესიონალ მომხმარებლებზეა მორგებული, იმ ადამიანებზე, რომლებიც კარგად იცნობენ ჭადრაკს და ცდილობენ შედეგები გააუმჯობესონ. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, სამიზნე სეგმენტად დამწყები პირები აგვერჩია, რითაც ვფიქრობთ, ბაზრის იმ ნაწილს შევთავაზებთ პროდუქტს, რომელზეც მანამდე არავის უფიქრია“, — განმარტავს ედვინ ბოჯი, დუოლინგოს პროდუქტის მენეჯერი.
ამგვარად, ახლა მომხმარებლები შეისწავლიან, როგორ მოძრაობს თითოეული ფიგურა, რა ტაქტიკური სვლები არსებობს და როგორ უნდა ჩამოაყალიბონ სტრატეგია. შემდგომ ამ გაკვეთილების შედეგების მინი მატჩებში გამოცდაც შეეძლებათ, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება. პროცესში ბოტი დააკვირდება, რამდენი მატჩი მოიგო ან წააგო მომხმარებელმა და თამაშის სირთულესაც შედეგების მიხედვით განსაზღვრავს.
საინტერესოა, რომ ჭადრაკის გაკვეთილების ჩაშვებამდე დუოლინგომ გასულ წლებში მომხმარებლებს აპლიკაციით მათემატიკისა და მუსიკის სწავლაც შესთავაზა. თავად Duolingo კი პირველად 2012 წელს ჩაეშვა და დღემდე 37 მილიონი ყოველდღიურად აქტიური მომხმარებელი შემოიკრიბა…
კომპანიის თქმით, ჭადრაკის კურსი ყველაზე სწრაფია არსებულთა შორის, რაც AI-ის დამსახურებაა. ამ ეტაპზე მომხმარებელთა ვიწრო ჯგუფში იტესტება, მომდევნო კვირებში კი დუოლინგოს ჭადრაკის კურსი iOS-ზე ინგლისურ ენაზე დაემატება.