in

Duolingo მოდის ბრენდების სახელების წარმოთქმას მხიარული კოლექციით გვასწავლის

Duolingo-ს ახალი კამპანია New York Fashion Week-ს ეხმიანება და მოდის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე ნაცნობ პრობლემას, ბრენდების სახელების არასწორად წარმოთქმას, იუმორით უყურებს.

ენების სასწავლო აპმა The Phonetic Collection შექმნა – კოლექცია, რომელიც გამოთქმის გაკვეთილებს მოდის დიზაინად გარდაქმნის. კოლექციის თითოეულ ნივთზე ცნობილი მოდის ბრენდის სახელის ფონეტიკური ჩანაწერია დატანილი, რათა მომხმარებელმა ერთი შეხედვით გაიგოს, როგორ უნდა წარმოთქვას ის.

კოლექციის მხარდასაჭერი გარე სარეკლამო კამპანია ამ კვირიდან ნიუ-იორკის სხვადასხვა ადგილას გამოჩნდება.

Duolingo-ს თქმით, ენა ადამიანების უამრავ ინტერესსა და ყოველდღიურ გამოცდილებას უკავშირდება, რაც ბრენდს აუდიტორიასთან კომუნიკაციის მრავალ შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ასეთ შესაძლებლობად იქცა Fashion Week-იც, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მოდის ინდუსტრიაში ბევრი ყველაზე ცნობილი ბრენდის სახელის სწორად წარმოთქმა საკმაოდ რთულია.

Duolingo-ს მიზანია, მოდის კვირეულის გარშემო არსებული ინტერესის გამოყენებით, ადამიანებს ენის სწავლა კიდევ ერთხელ შეახსენოს. იდეა მარტივია: თუ მომხმარებელი რეკლამაში ნაცნობ ბრენდს და მის სწორ გამოთქმას დაინახავს, შესაძლოა, აპლიკაციის გადმოწერით ენის სწავლაც განაგრძოს.

კვლევის მიხედვით, Gen Z-ის წარმომადგენლები მოდის ბრენდების სახელების სწორად წარმოთქმაში Millennials-ზე, Gen X-სა და Baby Boomers-ზე სამჯერ მეტ უპირატესობას აჩვენებენ, თუმცა სწორი პასუხის თქმა მათგანაც 10-დან 3-ზე ნაკლებს შეუძლია.

Duolingo-ში მიიჩნევენ, რომ უცნობი ან რთულად წარმოსათქმელი სიტყვის თავიდან არიდება ძალიან ადამიანური ქცევაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანს ეშინია, რომ სახელს არასწორად იტყვის. ბრენდის მიზანი კი სწორედ ამ უხერხულობის მოხსნაა – იუმორის, აქტუალობისა და პრაქტიკული სარგებლის კომბინაციით.

Duolingo უკვე ცნობილია თავისი თამამი და სახალისო მარკეტინგული კამპანიებით, რომელთა მთავარი გმირი, როგორც წესი, ბრენდის მწვანე ბუ Duo-ა. სოციალურ მედიაში პერსონაჟის ირონიულმა და ოდნავ ცინიკურმა ტონმა ბრენდის კომუნიკაციის სტილი კიდევ უფრო გამოკვეთა.

ახალი კოლექციის პრეზენტაცია YouTube-ზე გამოქვეყნებული runway ვიდეოთი დაიწყო. მომდევნო დღეებში კი მისი ნახვა უკვე ნიუ-იორკის ბუტიკსა და გალერეაში, Null Object-ში, ორდღიან pop-up ღონისძიებაზე იყო შესაძლებელი. სტუმრებს კოლექციის ნივთების მოსაგებად Duolingo-ში დაგროვილი streak-ის გამოყენება შეეძლოთ.

კამპანია კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ბრენდს საკუთარი პროდუქტის მთავარი ფუნქცია ისეთ კულტურულ მოვლენას დაუკავშიროს, რომელსაც აუდიტორია ისედაც აქტიურად ადევნებს თვალს.

როგორ გახდა მარკეტერი დაჩი მაისურაძე მსოფლიო ბრენდების მეწილე $30-ით

როგორ ცვლის AI აგენტები სამუშაოს წესებს?