6
Nov
2017

ქართველმა სტუდენტმა სადაზვერვო ჯავშანმანქანა DUST-ის დიზაინი შექმნა!

6 Nov 2017

სამრეწველო დიზაინი საქართველოში არც ისე პოპულარული მიმართულებაა და ახალგაზრდებიც იშვიათად ირჩევენ ამ პროფესიას. ქვეყანაში მისი საჭიროების გასაზრდელად, ასევე, ამ პროფესიის მქონე ადამიანების მომიჯნავე სფეროებში „მიგრაციის“ თავიდან ასარიდებლად, საჭიროა არსებობდეს საწარმოები, განვითარებული იყოს მრეწველობის დარგი. თუმცა, მანამ, სანამ ეს ასე არ არის, ქართველი სტუდენტები ეუფლებიან სამრეწველო დიზაინერის პროფესიას და ქმნიან სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტს. 2016 წელს, სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულმა, თამაზ არუნაშვილმა სადიპლომო ნაშრომი DUST წარმოადგინა, რომელიც სადაზვერვო ჯავშანმანქანის ფუნქციურად მრავალფეროვან მოდელს მოიცავს. სადაზვერვო, სადესანტო და სამედიცინო დანიშნულებების გაერთიანებამ და სხვა ფაქტორებმა ნამუშევარი საინტერესო გახადა, თუმცა, რამდენად არის საქართველოში მსგავსი პროექტების განხორციელების სურვილი, რესურსი და მზაობა? DUST-ის შექნის დეტალებსა და გამოწვევებზე მარკეტერს თამაზ არუნაშვილი ესაუბრა:

M: როგორ დაინტერესდით სამრეწველო დიზაინით?
ყოველთვის მიზიდავდა ხელოვნებაც და მეცნიერებაც. ამ ორის სინთეზი, ყველაზე უკეთ, არქიტექტურასა და სამრეწველო დიზაინშია. თავიდან, არქიტექტორობა მინდოდა, მაგრამ აკადემიაში სამრეწველო დიზაინზე მოვხვდი, ხატვაში დაბალი ქულის გამო და მანდ გავიგე რას წარმოადგენდა ეს მიმართულება. შემეძლო მეკეთებინა ნივთების დიზაინი, რასაც ადამიანი მოიხმარს. სკამიდან დაწყებული, კოსმოსური ხომალდით დამთავრებული. ამიტომ, ვარჩიე ჩემი პროფესია არქიტექტურას, რომელსაც დიდ პატივ ვცემ, ისევე, როგორც ქანდაკებას.

M: როგორია თქვენი გამოცდილება სამრეწველო დიზაინის მიმართულებით? რა ნამუშევრები გაქვთ შექმნილი?
დავამთავრე დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრატურა. მყავდა კარგი ლექტორები, კათედრის ხელმძღვანელი, ბატონი ჯუმბერ ბეჭვაია, კომპოზიციის ლექტორი და დიზაინერი – კახა ბოჭორიშვილი. მათგან ბევრი რამ ვისწავლე. ყველა ლექტორის ჩამოთვლას ვერ მოვახერხებ, მაგრამ სტუდენტი ვერაფერს მიაღწევს, თუ მხოლოდ ლექტრების და სწავლების სისტემის იმედად იქნება. აუცილებელია, შენ თავზე დამოუკიდებლად იმუშაო და ყოველი თეორია პრაქტიკით გაამყარო. პირველად დავაპროექტე უთო, შემდეგ ავეჯზე ვმუშაობდი, შექმნილი მაქვს იარაღების დიზაინი, სამხედრო მანქანები, გადახდის ტერმინალი და ამჟამად, ვმუშაობ სათამაშოების დიზაინზე, ჩემს მეგობარ მარიამ ამაშუკელთან ერთად. სათამაშოები ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პროექტია.

M: რატომ გადაწყვიტეთ სადაზვერვო ჯავშანმანქანის შექმნაზე მუშაობა და რატომ შეარქვით მას DUST?
ბავშვობიდან მიზიდავდა სამხედრო ტექნიკა, მიყვარდა ისტორია და ხშირად ვკითხულობდი და ვკითხულობ სტატიებს ისტორიასა და მხედართმთავრებზე. მომწონს სამხედრო თემის ესთეტიკა და არა ომი. სამხედრო თემაზე მუშაობას მეტი სირთულეები აქვს, მეტი რამაა გასათვალისწინებელი. სადიპლომო თემად ავიღე, სწორედ, სამხედრო სადაზვერვო ჯავშანმანქანა. დავარქვი DUST, იმიტომ რომ, ვფიქრობ, კარგი სახელია, ასევე, მტვერი და დაზვერვა ერთად მომწონს. გარდა ამისა, პატივს ვცემ ლეგენდარულ ბავშვობის კომპიუტერულ თამაშს – CS 1.6 .

M: მოგვიყევით თქვენ მიერ შექმნილი სადაზვერვო ჯავშანმანქანის ფუნქციური და ფიზიკური მახასიათებლების შესახებ..
წარმოდგენილი ჯავშანმანქანის მთავარი ფუნქცია დაზვერვაა და ასევე, შესაძლებელია მისი სხვადასხვა მოდიფიკაცია: სამედიცინო, სადესანტო და სხვა. ეკიპაჟი სამკაციანია: მძღოლი, მეთაური და ოპერატორი. მანქანაზე დამონტაჟებული ლოკატორი ეხმარება დაზვერვაში, ის, დაახლოებით, 2 მეტრამდე იწევა. მანქანის სიმაღლე 2 მეტრია და ლოკატორის მაქსიმალურ გაშლასთან ერთად ჯამში 4 მეტრი გამოდის. აქვს 2 კარი და ზემოდან საძრომი (ლუკი). ჯავშანმანქანის ფანჯრები ისეა განაწილებული, რომ ეკიპაჟმა მაქსიმალურად შეძლოს არეალის გაკონტროლება. ლუკის გვერდებზე არსებული 2 ფანჯარა, კიდევ უფრო ზრდის ხედვის არეალს. ჯავშანმანქანას უკანა მხარეს აქვს გადმოსაშლელი პლატფორმა, საიდანაც აფრინდება უპილოტო საფრენი აპარატი (დრონი),  რომელიც დაეხმარება მზვერავებს.

M: როგორი იყო DUST-ზე მუშაობის პროცესი?
DUST-ზე მუშაობა ნახაზებით და მაკეტირებით დავიწყე, შემდეგ კი, 3D გრაფიკული მოდელი დავასრულე. მაკეტირება რამოდენიმე თვეს გაგრძელდა. მუშაობის პროცესში ვსწავლობდი ბევრ რამეს და ხშირად ვცვლიდი დიზაინს. მინიმუმ 6-ჯერ გადავაკეთე მანქანა. ბევრი მეუბნებოდა „რით ვერ დაამთავრეო“. ხოლო ვისაც ეს პროცესი გამოვლილი ჰქონდა, ან მათ, ვინც ჩვენთან სახელოსნოში ხშირად იყვნენ მსგავსი კითხვები არ დაუსვამთ. რამდენიმეთვიან პროცესს მოკლედ ასე აღვწერდი: ჩანახატები, ნახაზები, პლასტელინში მოდელი, მასალაში ჩამოსხმა, აწყობა და 3D მაქსის მოდელი.

M: როგორც ვიცით, სადიპლომო ნამუშევარი 2016 წელს დაასრულეთ.. თუ დაინტერესდნენ თქვენ მიერ შესრულებული დიზაინის განხორციელებით? რა პერსპექტივა აქვს ამ მხრივ თქვენს პროექტს?
საქართველოში დაინტერესება არის ხოლმე, ოღონდ მოსწონთ და მერე მეტი არაფერი. ეს მძიმეა და შესაძლოა, მოტივაცია დაკარგო თუ სხვა, ახალი რამ არ გააკეთე. ეს იციან სტუდენტებმა, ვინც სწავლობს ამ განხრით. აქვე, არ შემიძლია არ აღვნიშნო armada.ge, რომელიც დამეხმარა ჩემი პროექტის საიტზე განთავსებითა და მხარდაჭერით. ახლა კი უკვე მარკეტერი მიწევს დიდი სამსახურს.

M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები სამრეწველო დიზაინის მიმართულებით?
ახალ პროექტებზე ვმუშაობ, ერთ-ერთია სტარტაპი TOYEASY და ვაგრძელებ მუშაობას სამხედრო თემებზე. პირველ რიგში, მინდა, რომ ყოველი ახალი პროექტის განხორციელება ჯერ საქართველოში შევძლო, ხოლო შემდეგ, მის გარეთ.

განხილვა