ბრიტანული ბრენდი კი თავისი მაღალი სიმძლავრის მქონე მტვერსასრუტებით, ფენებითა და ჰაერის გამწმენდი ნიღბებითაა ცნობილი, მაგრამ ახლა Dyson-მა ყურსასმენების ინდუსტრიაშიც შეაბიჯა და OnTrac შესთავაზა მომხმარებლებს. იმედოვნებს, რომ მხოლოდ აუდიო პროდუქტით მუსიკის მოყვარულების გულსაც მოიგებს.
ოღონდ ისედაც გაჯერებულ ბაზარზე, დაისონს ზედმეტად ნუ ჩათვლით, რადგან მათ „აეროაკუსტიკაში 30-წლიანი გამოცდილება აქვთ, რითაც ხმის ფიზიკასაც დაეუფლნენ“…
ერთი შეხედვით, მოდურ აქსესუარს ჰგავს, საინტერესო ფერებითა და კომბინაციებით. OnTrac ოთხ ძირითად ფერში იქნება წარმოდგენილი — CNC Aluminum, Copper, Nickel და Ceramic Cinnabar. მეტი პერსონალიზაციისთვის, დაისონი საშუალებას გაძლევთ, ყურსასმენის გარე ნაწილი და შიდა ბალიშები თავადვე აარჩიოთ შემდგომი ფერებიდან: Oyster Pink, Dark Iron და Chrome Yellow. ცოტა არ გეგონოთ, თუ ბრენდს დავუჯერებთ, 2000-ზე მეტი კომბინაციის საშუალებას იძლევა…
რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, Active Noise Cancellation (ANC) ექნება ჩაშენებული, რაც საუკეთესო ტექნოლოგიას წარმოადგენს ხმის დაბლოკვისთვის. ამის მისაღწევად OnTrac 8 მიკროფონს იყენებს, რომლებიც გარე ხმაურს წამში 384 000-ჯერ მიმართავს. ხმის ხარისხზეც თავდაჯერებით საუბრობენ, ფართო სიხშირის დიაპაზონს სთავაზობენ მომხმარებლებს, რაც მოიცავს ყველაფერს ბასიდან დაწყებული, ყველაზე მაღალ ხმამდე დამთავრებული… უკეთესი გამოცდილებისთვის კი დინამიკები ყურისკენ არის დახრილი.
ალბათ, ბატარეის საკითხიც გაინტერესებთ. აქ კი შეგვიძლია გითხრათ, რომ უსადენოა და ერთი დამუხტვით 55 საათს ძლებს, როცა ANC ჩართულია… ამ ყურსასმენების ტარების კომფორტიც ცალკე ამბავია, რბილი ბალიშები აქვს, წონის თანაბარი განაწილებითაც გამოირჩევა და მსუბუქიცაა, რითაც მის ტარებას საათობით საკმაოდ მარტივად შეძლებთ.
დაბოლოს, Dyson OnTrac-ის ფასი 499.99 დოლარი იქნება. ამგვარად, იგი პრემიუმ კატეგორიაშიც თამამად შეგვიძლია მოვათავსოთ.