Dyson კიდევ ერთხელ მიუყვება ინოვაციების გზას და ამჯერად Supersonic Nural, „ყველაზე ჭკვიანი“ თმის საშრობი წარადგინა. ეს უკანასკნელი სენსორულ ტექნოლოგიაზეა აგებული, რომელიც ჯანსაღ, დატენიანებულ თმას და დაცულ სკალპს უზრუნველყოფს.
როგორც ბრენდის წარმომადგენლები განმარტავენ, მთავარ საიდუმლოს ინტენსიური კვლევების საფუძველზე მიაკვლიეს. Nural სენსორების ქსელია, რომელიც ჭკვიანი ფუნქციების კომპლექტს ააქტიურებს, განსაკუთრებით სკალპის დაცვის რეჟიმს. კონკრეტულად რომ ავხსნათ, ეს პარამეტრი ეყრდნობა სენსორს, რომელიც საშრობსა და თავს შორის მანძილს ზომავს. როგორც კი გაჯეტი ზედმეტად მიუახლოვდება სკალპს, ის ავტომატურად ამცირებს სითბოს დონეს — შესაბამისად, ხელს უშლის თმისა და კანის დაზიანებას.

„თმის ხარისხსა და ჯანმრთელ სკალპს შორის ძლიერი კავშირი არსებობს. სკალპის ქსოვილი სხვადასხვა ფენას აერთიანებს, მათ შორის ყველაზე ზედა ფენა გარე ფაქტორებზე საპასუხოდ მოქმედებს. ხოლო ჩვენი ახალი საშრობი სკალპის ტენიანობის დონის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს“, — განმარტავს Dyson-ის კვლევის ხელმძღვანელი შონ ლიმი.

გარდა ამისა, ხელსაწყო ავტომატურად იმახსოვრებს კონკრეტული მომხმარებლების ინდივიდუალურ მახასიათებლებს — მაგალითად, ბოლოს რა ტემპერატურით გაიშრეს თმა. ასე მნიშვნელოვნად გამარტივდება თავის მოვლის რუტინა.












