ანდემიამ თავის დასაცავად პირბადეებისა თუ სხვა აქსესუარების ტარება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახადა. ცხოვრების ამ ტემპს Dyson-იც შეუერთდა და ახალ პროდუქტზე დაიწყო მუშაობა. ეს Dyson Zone — ჰაერის გამწმენდი ყურსასმენია, რომელიც, მართალია, კორონა ვირუსისგან თავის დაცვაშიც დაგეხმარებათ, მაგრამ, თავდაპირველად, ჰაერის დაბინძურების გამო შეიქმნა.

Dyson-ის ჰაერის გამწმენდის ტარებას ჩვეულებრივ შეძლებთ. ყურსასმენებში ჩამონტაჟებული ტექნოლოგიით ჰაერი იწმინდება, ხმაურსაც ახშობს და საშუალებას გაძლევთ მოუსმინოთ მუსიკას ან უპასუხოთ სატელეფონო ზარებს. ის ნაწილაკების 99%-ს 0,1 მიკრონიმდე წმენდს, რაც ნიშნავს იმას, რომ მას ბაქტერიებისა და მტვრის ნაწილაკების გაფილტვრაც შეუძლია.

“ეს საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა, თუმცა ჩვენ მაინც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ჩვენ ეს პროდუქტი კორონა ვირუსისგან თავის დასაცავად არ შეგვიქმნია”, — ამბობს ტომ ბენეტი, პროდუქტის განვითარების ხელმძღვანელი.
საინტერესოა ის, რომ წლების მანძილზე ტომ ბენეტის ინტერესი ჰაერის დაბინძურება იყო. ჯერ კიდევ 1998 წელს, მაშინ, როცა ჩინეთში ქალაქები მუდმივად ნისლით იყო დაფარული, Dyson-მა ციკლონის ფილტრი გამოუშვა, რომელსაც გამონაბოლქვის ნაწილაკების 95%-ის დაჭერა შეეძლო, თუმცა მტვერსასრუტის მსგავსად მუშაობდა და პერიოდულად უნდა გაწმენდილიყო. ამის შემდეგ 700 მილიონი დოლარი ელექტრომობილების შესაქმნელად დახარჯა, თუმცა ესეც მისთვის ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა. ამჯერად კი ფიქრი იმაზე დაიწყო, თუ როგორ უნდა გვეცხოვრა ურბანული დაბინძურების მზარდ ეკოსისტემაში. დიახ, ახლა იგი პრობლემის მოგვარების ნაცვლად, მასთან შეგუების გზას გვთავაზობს.

„ჩვენ ყველა ვარიანტი განვიხილეთ, იქნებოდა ეს მხარზე დამაგრებული მოწყობილობა, ყელზე თუ თავზე, მაგრამ არჩევანი ყურსასმენებზე, მისი ტარების არსებული პრაქტიკის გამო, შევაჩერეთ. თანაც, იგი წონის განაწილებითა და სიმძიმის ცენტრითაც დაბალანსებულია“, — აცხადებს ბენეტი.
Dyson Zone სტატიკურ ელექტროენერგიას ფილტრაციის გასაუმჯობესებლად იყენებს. დამატებითი ნახშირბადის ფილტრი კი ისეთ აირებს იჭერს, როგორიცაა CO2 და ოზონი. თუმცა თქვენ ყურსასმენები დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ ატაროთ და მუსიკას მოუსმინოთ, ხოლო როცა მასზე ვიზორს დაამაგრებთ, იგი ჰაერის გაფილტვრას დაიწყებს. სპეციალური ბადით კი ჰაერის დინება ბევრად უფრო რბილი ხდება და ამ მოწყობილობას გამოსაყენებლად მეტად კომფორტულს ხდის.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც კომპანიამ არჩევანი ყურსასმენებზე შეაჩერა, იმ ტექნოლოგიების ხმაურის ჩახშობა იყო, რომელიც ჰაერის გამწმენდს სჭირდებოდა. ყურსასმენებით მათ ეს პრობლემა გადაჭრეს და ზარების მიღებაც კი შეძლეს. ამისთვის Dyson Zone-ში 5 პროცესორი და შესაბამისი მიკროფონები ჩაამონტაჟეს — იგი თქვენს საუბარს აანალიზებს, გარედან შემომავალ ხმაურს ახშობს და საშუალებას გაძლევთ უპასუხოთ ზარებს მაშინაც კი, როცა ჰაერის ფილტრი მუშაობს.
„ჩვენი ახალი პროდუქტი საკმაოდ გაბედულია და თამამი განცხადების გაკეთების საშუალებასაც გაძლევთ, რომ ტკბებით თქვენი ქალაქით და თავს იცავთ იმ დაბინძურებისგან, რომელიც თქვენ გარშემოა. ჩვენი მიზანიც ის იყო, რაც გავაკეთეთ — ვიპოვეთ პრობლემა და გამოსავალი. ვფიქრობ, ამას ხალხიც მარტივად მიიღებს“, — განმარტავს ბენეტი.











