ჰელსინკის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ძაღლების აგრესიული ქცევა შიშით არის განპირობებული. მკვლევრებმა 9000-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის, ასაკისა და განსხვავებული შიშის დონის მქონე ძაღლები შეისწავლეს. შედეგად მიღებული დასკვნები კი, შესაძლოა, აგრესიული ქმედების უკეთ გააზრებისა და პრევენციის წინაპირობად იქცეს.
აგრესიული ქცევა ვლინდება ღრენაში, ყეფაში, კბენასა თუ დაღრღნაში. ეს ჟესტები ძაღლების კომუნიკაციის სრულიად ნორმალური ნაწილია… თუმცა ისინი არააგრესიულ სიტუაციებშიც ვლინდება, მაგალითად, თამაშის დროს. ამასთან, აგრესიული ქცევა შესაძლოა, გადაჭარბებულიც კი იყოს, რის გამოც, კონკრეტული ძაღლი ადამიანისა და სხვა ცხოველის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.
“აგრესიული ქცევის ფაქტორების გააზრება მნიშვნელოვანია. საინტერესოა, რა ვითარებაში ვლინდება აგრესიული ქცევა და რა არის ძაღლის მოტივი ამ დროს? თავის მხრივ, ჩვეულებრივ ოჯახის ძაღლებში მსგავსი ქმედების გამოვლინება არასასურველია… ამის პარალელურად ზოგიერთი მათგანისგან, კონკრეტული დანიშნულების მიხედვით, სწორედ აგრესიულ ქცევის უნარს ითხოვენ. ასევე, რიგ შემთხვევებში, აგრესიული ქმედება შეიძლება, ქრონიკული ტკივილით იყოს გამოწვეული” – ამბობს მკვლევარი სალა მიკკოლა.
ჰელსინკის უნივერსიტეტში ძაღლების გენის კვლევითმა ჯგუფმა შეისწავლა კავშირები აგრესიულ ქცევასა და რამდენიმე პოტენციურ რისკ ფაქტორს შორის. როგორც აღმოჩნდა, 9000-ზე მეტი ძაღლიდან რამდენიმე მათგანი აგრესიას ავლენდა როგორც თავისი პატრონის, ისე სხვა უცნობი ადამიანების მიმართ, რაც უმეტესად ღრენაში და კბენის მცდელობაში გამოიხატებოდა.
“ძაღლების შიშს ძლიერი კავშირი ჰქონდა აგრესიულ ქცევასთან” – ამბობენ მკვლევრები. ძაღლები, რომლებსაც შიშის მაღალი დონე აქვთ, ბევრად უფრო აგრესიულად იქცევიან. თანაც, მსგავსი ქმედება უმეტესად ხანდაზმულ ძაღლებში ვლინდება – ამის ერთ-ერთი პოტენციური მიზეზი შესაძლოა, სხვადასხვა დაავადებებით გამოწვეული ტკივილი იყოს. ამასთან ერთად, ხშირ შემთხვევაში აგრესიულ ქცევას ადამიანების მოულოდნელი მიახლობა იწვევს.
გარდა ამისა, სტატისტიკურად მამრი ძაღლები უფრო აგრესიულები არიან, ვიდრე მდედრი. ზომასაც თუ შევეხებით, პატარა ძაღლები დიდებზე მეტ აგრესიას ავლენენ, თუმცა მსუბუქად რომ ვთქვათ, “მათი არავის ეშინია”…
კვლევის ფარგლებში აღმოჩნდა, რომ იმ პატრონების ძაღლები, რომელთაც მანამდე ძაღლის ყოლის გამოცდილება არ ჰქონიათ, ბევრად აგრესიულები იყვნენ, ვიდრე მათი, ვისაც ადრეც ჰყავდა ეს შინაური ცხოველი. ასევე, სხვა ძაღლებთან მცხოვრებნი ნაკლებად ავლენენ ისეთ ქცევებს, როგორიცაა ყეფა, ღრენა თუ კბენა… ეს ფენომენი წინა კვლევებშიც აშკარა იყო, თუმცა ახლაც კი დაუდგენელია მიზეზობრივი კავშირი.
ძაღლის ჯიშებს შორის აგრესიული ქცევის გამოვლენის საყურადღებო განსხვავებები
განსხვავებულ ძაღლის ჯიშებს შორის აგრესიულობის დონის სხვადასხვაობა შესაძლოა, გენეტიკურ ფაქტორებზე იყოს დამოკიდებული.
“ჩვენს მონაცემთა ბაზაში ყველაზე გრძელბალნიანი კოლი, პუდელი და მინიატურული შნაუცერი ყველაზე აგრესიული ჯიშებია. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ კოლის შიშის მაღალი დონე აქვს, დანარჩენი ორი კი აგრესიას ძირითადად უცნობების მიმართ გამოხატავენ. ადამიანები, რომლებიც ძაღლის ყოლას აპირებენ, აუცილებლად უნდა გაეცნონ ჯიშის წარმომავლობასა და საჭიროებებს” – ამბობს პროფესორი ჰანეს ლოჰი ჰელსინკის უნივერსიტეტიდან.
ასე რომ, სელექციონერებმაც უნდა გაითვალისწინონ – შიში და აგრესიული ქცევა მემკვიდრეობით გადაეცემა და მარტივად რომ ვთქვათ, ჯიშების ქაოტურ არევას თავი უნდა აარიდონ.