in

ძაღლებმა იციან, როდის ატყუებენ მათ ადამიანები

მათ ე. წ. “გონების თეორია” გააჩნიათ

ახალი კვლევის თანახმად, ძაღლებს შეუძლიათ ამოიცნონ, როდის ატყუებენ მათ ადამიანები. კერძოდ, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ძაღლები განსხვავებულად რეაგირებენ ცრუ ინფორმაციაზე – მათ ე. წ. “გონების თეორია” გააჩნიათ, რომელსაც იმის გასაგებად იყენებენ, თუ რას აკეთებენ მფლობელები. ეს უნარი, ჩვეულებრივ, 4 წლამდე ასაკის ბავშვებში ვითარდება.

ვენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა და კვლევის ავტორებმა ლუდვიგ ჰუბერმა, ლუკრეცია ლონარდომ სხვა თანაავტორებთან ერთად აღნიშნეს, რომ კვლევას უნდა დაედგინა, რამდენად მარტივად ხვდებიან ძაღლები, როდესაც მათ ადამიანი ატყუებს. ცხადია, ბევრ მეცნიერს გასჩენია კითხვა, ადამიანის გარდა სხვა არსებებს შეუძლიათ თუ არა ე. წ. “გონების კითხვა”, რომელიც აუცილებელია სიცრუის დასადგენად.

ამის გასარკვევად მკვლევრებმა მარტივი ექსპერიმენტი ჩაატარეს სხვადასხვა ჯიშის 260 ძაღლთან. მათ ვედროში დამალული საკვები უნდა ეპოვათ. კვლევამ აჩვენა, რომ ძაღლებს შეეძლოთ, საკუთარ ინტუიციას მიჰყოლოდნენ – მაშინაც კი, როცა მცდარ ინფორმაციას აწვდიდნენ. ძაღლებს ორი გაუმჭვირვალე შეკვრა აჩვენეს და უცნობი ადამიანის რჩევის მინდობა ასწავლეს, რის მიხედვითაც საკვებს მიიღებდნენ. მიუხედავად სიცრუეში შემყვანი მინიშნებებისა და ჟესტიკულაციებისა, ძაღლების უმეტესობა ხვდებოდა, სად იყო საკვები.

მეორე ეტაპზე, კომუნიკატორმა ოთახი დატოვა, სხვა მონაწილემ კი საკვებს ადგილი შეუცვალა. თუმცა კომუნიკატორმა გასვლამდე ძაღლებს მიუთითა, რომელი ვედროდან უნდა მიეღოთ საჭმელი. ძაღლების უმეტესობამ ის ვედრო აირჩია, რომელშიც რეალურად იდო საკვები. ამასთან, უფრო მეტი ძაღლი ანიჭებდა უპირატესობას იმ ვედროს, რომელზეც კომუნიკატორმა მიუთითა, როდესაც ოთახში მარტონი რჩებოდნენ.

“ვინაიდან ძაღლების უმეტესობამ უარი თქვა ადამიანის რჩევაზე, ვფიქრობთ, მათ იმის მიხვედრის უნარი აქვთ, რომ მთავარი წინადადება “მოტყუებაა”. ამასთან, ცხოველებმა, შესაძლოა, კომუნიკატორის არასწორი რჩევა “კეთილი ნების” შეცდომად აღიქვეს” – ნათქვამია კვლევაში.

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ძაღლებისგან საპირისპირო შედეგს ელოდნენ. მაგალითად, ქმედება ინტერესის დონეზე რომ დავიყვანოთ, ოთხფეხა მეგობრები შეიძლება დაინტერესებულიყვნენ, რატომ აძლევდა ადამიანი არასწორ რჩევას. თანაც, საგულისხმოა, რომ წინა კვლევებში პრიმატები და მცირეწლოვანი ბავშვები უფრო მეტად ენდობოდნენ ცრუ რჩევებს, მიუხედავად საკუთარი დაკვირვებისა იმაზე, თუ სად იყო საკვები.

და მაინც, ჯერჯერობით დაუდგენელია, ზოგიერთი ძაღლი რატომ ენდობა კომუნიკატორს, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ თვალებს დაუჯეროს. შესაძლოა, ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ ექსპერიმენტის პირველ ნაწილში კომუნიკატორი ყოველთვის სიმართლეს ამბობდა, რათა ნდობა განემტკიცებინა. ან, იქნებ ასეთი ქმედების მიზეზი სულ სხვაგვარია? – მაგალითად, ტერიერის ჯიში უფრო მეტად აიგნორებდა ადამიანის ცრუ რჩევას, ვიდრე სხვა დანარჩენი. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდის დონეზე არსებობს ყველა მოსაზრება.

იქიდან გამომდინარე, რომ ექსპერიმენტმა ბევრი საინტერესო კითხვა წარმოშვა, მკვლევრები შემდგომ კვლევას გეგმავენ. ამის მთავარი მიზანი იმის გაგებაა, თუ როგორ შეუძლიათ ძაღლებს ადამიანის მენტალური მდგომარეობის დადგენა.

გრილი და ნისლიანი რაჭის მაგია ბილი ბილიხოძის ობიექტივში!

„არემჯის“ სტიპენდიატების პროგრამა ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდასაჭერად