in

კვლევა — ძაღლებს საშუალოდ 89 უნიკალური სიტყვა და ფრაზა ესმით

ექსპერიმენტში 165 ძაღლი მონაწილეობდა

შთამბეჭდავია, როგორ ისწავლეს ძაღლებმა ადამიანის ენის ნიუანსების გაგება მაშინ, როცა თავად არ შეუძლიათ არც ერთი სიტყვის თქმა… ძაღლებს შეუძლიათ, წინასწარ განსაზღვრონ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ იმაზე, რის თქმასაც ვცდილობთ — გარკვეულწილად, ჩვენი ხმის ტემბრის აღქმაც კი შეუძლიათ.

M2
M2

მიუხედავად იმისა, რომ ძაღლის ლექსიკა არ არის ისეთი დიდი, როგორც ჩვენი, ახალი კვლევის თანახმად, მას 89 სიტყვის თუ ფრაზის გაგება შეუძლია. მათგან თითქმის ნახევარი ბრძანებებს მოიცავს — მაგალითად, “დაჯექი”, “დაწექი”, “დარჩი” და ა. შ. ზოგიერთი ჩვეულებრივი სიტყვაა, როგორიცაა “მოიცადე”.

როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ჭკვიანი მაწანწალა ძაღლები 200-ზე მეტ კონკრეტულ სიტყვას “პასუხობენ”… ეს კი ორი წლის ადამიანის ბავშვის ლექსიკას შეესაბამება. ცხადია, ამ სიტყვებზე ძაღლები ბავშვებისგან განსხვავებით რეაგირებენ, თუმცა მათ ერთგვარი თანმიმდევრული გზა აქვთ გამომუშავებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ენის გაგების გარკვეული დონე გააჩნიათ.

დასკვნები შესაბამის საკონტროლო სიას ეფუძნება, რომელსაც მშობლები ჩვილის ლექსიკის შესაფასებლად იყენებენ. ექსპერიმენტში 165 ძაღლი მონაწილეობდა — მათ შორის, სხვადასხვა ჯიშის და ასაკის. საგულისხმოა, რომ ჯიში და სტატუს (მაგ., პოლიციის ძაღლი) მნიშვნელოვნად მოქმედებდა ძაღლის ლექსიკის მასშტაბზე. თუმცა ამაზე გავლენა არ ჰქონია ასაკსა და მფლობელის მახასიათებლებს.

“ამრიგად, ძაღლები განსხვავდებიან არა მხოლოდ ჯიშით, ტიპით, ვიზუალით თუ დანიშნულებით განსხვავდებიან, არამედ იმ სიტყვების მარაგითაც, რომლებსაც ეხმიანებიან” — წერენ მკვლევრები.

ამ მოსაზრებას ანმტკიცებს წარსულში ჩატარებული კვლევებიც, რომლებიც ადასტურებს, როგორ შეუძლიათ ძაღლებს უამრავ ადამიანურ სიტყვაზე რეაგირება (თუ ინტენსიური ვარჯიშის ქვეშ იმყოფებიან). მაგალითად, 2004 წელს საზოგადოებამ სასაზღვრო კოლი იხილა, სახელად რიკო, რომელმაც 200-ზე მეტი სიტყვის აღქმა შეძლო. 2011-ში კი, სამწლიანი ვარჯიშის შემდეგ, კიდევ ერთმა კოლიმ შეძლო 1000-ზე მეტი სიტყვის სწავლა. მთლიანობაში, პროფესიონალ ძაღლებს, ჯარში, პოლიციაში ან სამძებრო-სამაშველო სამსახურში გაწვრთნილ ცხოველებს, 1.5-ჯერ მეტი ლექსიკა აქვთ, ვიდრე “ჩვეულებრივს”.

ეს მონაცემები განსაკუთრებით “ინტელექტუალ” ძაღლებს ეხება, მაგრამ საინტერესოა, რა ხდება ჩვენ სახლში მოკალათებული ოთხფეხა მეგობრების შემთხვევაში? ამის გასაგებად, კვლევის ავტორებმა ძაღლების მფლობელებს სთხოვეს, დაკვირვებოდნენ, როგორ რეაგირებდა მათი შინაური ცხოველი 172 სიტყვასა და ფრაზაზე. თითოეულ სიტყვაზე საპასუხო რეაქცია 0-დან 5-მდე მასშტაბით ფასდებოდა. 0 ქულა ნიშნავს, რომ ძაღლი არასდროს ავლენდა საპასუხო რეაქციას, 5-ის დროს კი რეაგირება სხვადასხვა ტონალობისა და ადგილის შემთხვევაშიც ფიქსირდებოდა.

საერთო ჯამში, არსებობს ათი სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ყველა ძაღლის 90 პროცენტზე მეტი ცნობს. ეს ჩვეულებრივი სიტყვები და ფრაზები მოიცავდა ძაღლის სახელს, “დაჯექი” და “მოდი” ბრძანებებს და ა. შ. ამის საპირისპიროდ, მხოლოდ რამდენიმე ძაღლს შეუძლია თანმიმდევრული და კონკრეტული ფრაზებისა და სიტყვების საპასუხოდ რეაგირება, როგორიცაა “თათები გაიწმინდე”, “ჩუმად”, “ხმამაღლა”.

სამწუხაროდ, კვლევის ავტორებს თითოეული ჯიშის იმ რაოდენობის ძაღლი არ ჰყავდათ, რომ ზუსტად გაერკვიათ, რომელი მათგანი რეაგირებდა უკეთ. თუმცა უფრო ზოგადი ჯიშის ტიპები, როგორიცაა მწყემსი ძაღლები, სათამაშო კომპანიონები და ტერირები, მნიშვნელოვან განსხვავებებს აჩვენებენ სიტყვების სწავლის უნარში.

გასათვალისწინებელია ძაღლის ქცევისა და გაგების სუბიექტური ინტერპრეტაცია. ყოველთვის არის შანსი, რომ გამოკითხვაში მონაწილე ძაღლებმა ადამიანური ჟესტები და სხვა კონტექსტური ინფორმაცია გარკვეული სიტყვების გასაგებად გამოიყენონ. ამასთან, შესაძლებელია, რომ სრულიად გაუწვრთნელ ძაღლებს 89-ზე ნაკლები სიტყვის მარაგი ჰქონდეს. თუმცა აშკარაა, კვლევა პირველი ნაბიჯია მეცნიერებისთვის, რათა განისაზღვროს, როგორ რეაგირებენ ძაღლები ჩვენს ენაზე.

“დამატებითი ძიების საშუალებით, ეს შეიძლება მძლავრი, ეფექტური და ეკონომიკური კვლევის ინსტრუმენტი გახდეს, რათა მათი ზოგიერთი კომპეტენცია გამოავლინოს. ასევე, შესაძლებელია, ძაღლების ინდივიდუალური პოტენციალის წინასწარ განსაზღვრაში დაგვეხმაროს” — ასკვნიან ავტორები.

ქეთი ნიკოლეიშვილი – #პირველისამსახური

„იუჯითიმ“, მონაცემთა ცენტრისა და ქლაუდ სერვისებისთვის, ISO სერტიფიკატი მიიღო