ძაღლების ერთგულებაზე საუბრით, ალბათ, არავინ დაიღლება… გარდა იმისა, რომ ემოციების წაკითხვის გასაოცარი უნარი აქვთ, კიდევ უფრო ახერხებენ ჩვენს გაკვირვებას. როგორც ამბობენ, ძაღლები მაშინაც კი გვისმენენ, როცა სძინავთ!
საპილოტე კვლევა 13 ძაღლზე ჩატარდა და აჩვენა, რომ მათი ტვინი ზუსტად ისე პასუხობს ადამიანებისა და სხვა ძაღლების სიგნალებს ძილის დროს, როგორც სიფხიზლეში. ექსპერიმენტის ფარგლებში ძაღლებს განსხვავებული ხმები მოასმენინეს, რომლებიც ერთ წამს გრძელდებოდა და ხმის სიმაღლეც ყველა შემთხვევაში თანაბარი იყო. ყვირილი, ღრიალი, დაცემინება, სიცილი… ცდილობდნენ, არ გამოეყენებინათ ნეგატიური ხმები, რათა ძაღლები არ გაეღვიძებინათ.
როცა ღრმა ძილში იყვნენ, მაშინაც შეეძლოთ, განესხვავებინათ ხმა სხვა ძაღლებისგან მოდიოდა თუ ადამიანებისგან, ისიც, კი კომუნიკაციის ემოცია დადებითი იყო თუ ნეიტრალური… საინტერესოა, რომ ეს უნარი პრიმატებშიც გამოვლინდა, რომელთა შორისაც ჩვენც ვართ და ზოგიერთ არაპრიმატშიც, როგორიც მაგალითად თაგვია. აქვე თუ იმას გავიხსენებთ, რომ ძუძუმწოვრები დროის უმეტესობას ძილში ატარებენ, ჩვენს გადარჩენაში ძილის დროს სოციალური ნიშნების დამუშავების უნარს დიდი როლი უნდა ეთამაშა.
თუმცა ის, თუ რას გავიგებთ ჩაძინებისას, დამოკიდებულია როგორც ძილის სტადიაზე, ისე ხმაურის ტიპზე. მაგალითად, ძილშიც კი ჩვენი სახელები სხვა ხმებზე განსხვავებულ პასუხებს იწვევს. ჩვენ მსგავსად, ძაღლებსაც ძილი ეხმარება რაღაცების დამახსოვრებასა თუ ემოციების დამუშავებაში. მათმა მოშინაურებამ კი ის გამოიწვია, რომ ახლა იმაზე მეტად გვგვანან, ვიდრე სხვა ლაბორატორიული სახეობები… მეტიც, მათ სიბერეში ფხიზელი ძილი აწუხებთ და ხშირად ეღვიძებათ ზუსტად ისე, როგორც დემენციის მქონე ადამიანებს.
მართალია, რაღაცების ზუსტად გასაგებად ჯერ კიდევ მრავალი კვლევის ჩატარებაა საჭირო, მაგრამ მიღებული შედეგები ნამდვილად მოწმობს იმაზე, რომ ძაღლებისა და ადამიანების ძილის ქცევაში ბევრი მსგავსებაა…