30
Apr
2019

ძალაუფლების პარადოქსი – რევაზ კოპალაძის #აზრები

30 Apr 2019

M2


ამჯერად ავირჩიე, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე საჭირბოროტო საკითხი – ძალაუფლება, უფრო სწორად, ძალაუფლების პარადოქსი. ვგულისხმობ იმას, რაზეც ალბათ ყველას გიფიქრიათ – რატომ არის, რომ ადამიანები, რომლებსაც ძალაუფლებას გადავცემთ, როგორც წესი, სრულიად კარგავენ იმ თვისებებს, რომელთა გამოც მათ ეს პრივილეგია მივანიჭეთ. ეს ეხება მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროს, სადაც შეიძლება იყოს რეალიზებული ძალაუფლება – პოლიტიკა, სამუშაო ადგილი, ბიზნესი და ა.შ. როგორც წესი, ადამიანები ლიდერები ხდებიან თავიანთი სოციალური უნარების – ენთუზიაზმის, თანაგრძნობის, გუნდური მუშაობის, თავაზიანობისა და სხვათა წყალობით, მაგრამ ძალიან მალე ტრანსფორმირდებიან სოციოპათებად, განსაკუთრებით – პოლიტიკური ძალაუფლების შემთხვევაში.

ვიდრე მთავარ სათქმელზე გადავიდოდე, ნება მომეცით, გავიხსენო ერთი ამბავი უახლესი ისტორიიდან.

2010 წლის 17 დეკემბერს პოლიციამ ტუნისელ გარემოვაჭრეს, მუჰამედ ბუაზიზს, ქუჩაში გასაყიდად გამოტანილი ბოსტნეული ჩამოართვა. ოფიციალური მიზეზი იყო ვაჭრობის უფლების დამადასტურებელი საბუთის უქონლობა. მუჰამედ ბუაზიზი, მისი ოჯახის თქმით, საჯაროდ შეურაცხყო ქალმა პოლიციელმა ფაიდა ჰამდიმ, რომელმაც, ელექტრონული სასწორის ჩამორთმევასთან ერთად, მოვაჭრეს სილა გააწნა და სახეში შეაფურთხა.

სამართლის საძიებლად ბუაზიზი გამგებლის ოფისისკენ გაემართა, სადაც ელექტრონული სასწორის დაბრუნებას ელოდა, მაგრამ გამგებელმა მისი მიღება არ ისურვა. ამის შემდეგ ბუაზიზმა ბენზინი გადაისხა და ცეცხლი მოიკიდა. „როგორ გინდა, ვიცხოვრო?“ – ყვიროდა ის.

ეს ამბავი ტყის ხანძარივით მოედო არაბულ სამყაროს და გამოიწვია ის, რასაც შემდგომ არაბული გაზაფხული უწოდეს. გარემოვაჭრის თავის დაწვის პირდაპირი შედეგი იყო ტუნისის უცვლელი დიქტატორის, ზინ ალის, გადადგომა და ქვეყნიდან გაქცევა ერთთვიანი მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ. მასობრივი პროტესტი მოედო სხვა არაბულ ქალაქებსაც, უპირველეს ყოვლისა – მეზობელ ეგვიპტეში. 2011 წლის თებერვალში გადააყენეს ჰოსნი მუბარაქი, რომელიც სამი ათეული წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. ამბოხება მოედო ლიბიას, იემენს, ბაჰრეინსა და სირიას, სადაც მოსახლეობამ საკუთარი ძალისა ირწმუნა და ავტორიტარ ლიდერებს დაუპირისპირდა. სხვადასხვა ქვეყნის ხალხებს ერთი რამ აერთიანებდა – ისინი თავს ხელისუფალთა მიერ შეურაცხყოფილებად და უგულებელყოფილებად გრძნობდნენ.

სერიალ „ექიმ ჰაუსის“ ერთ-ერთ სერიაში მოთხრობილია ამბავი ადამიანისა, რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტვინის გარკვეული უბანი დაუზიანდა და პატიოსანი, ზრდილობიანი, კანონმორჩილი მოქალაქე გადაიქცა იმპულსურ, უხეშ არსებად, რომელიც მხოლოდ თავისი ეგოისტური მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად ცხოვრობს – ეფლირტავება ქალებს მეუღლის თვალწინ, შეურაცხყოფს ექიმებს და პაციენტებს, იპარავს ნივთებს… მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი საავადმყოფოში ხდება და ჩვენ ვიცით, რომ პერსონაჟი ავადაა. ძალაუფლებისგან თავბრუს დახვევაც ზუსტად იმავეს იწვევს, თუმცა ძალაუფლებისგან ტვინნაღრძობ ადამიანებს არავინ მკურნალობს. უფრო მეტიც: ისინი მოითხოვენ, აღიარონ და დააფასონ.

ბერკლის უნივერსიტეტში ჩაატარეს ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი, რომელიც მიზნად ისახავდა კვების მანერაზე ძალაუფლების გავლენის შესწავლას. მეცნიერებმა შექმნეს სამკაციანი ჯგუფები, რომლებსაც ხელმძღვანელები შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე დაუნიშნეს. გუნდები ასრულებდნენ რაღაც ფორმალურ სამუშაოს, რომლის დროსაც ექსპერიმენტატორს მათთან ხუთი ცალი ორცხობილა შეჰქონდა. მოგეხსენებათ, ზრდილობიანი ხალხი ბოლო ლუკმას არ იღებს. ექსპერიმენტატორებს აინტერესებდათ, ვინ გადაიღებდა მეორე ულუფას ანუ სამკაციანი ჯგუფის რომელი წევრი გადასანსლავდა მეოთხე ორცხობილას (ბერკლის უნივერსტეტის სტუდენტები, რა თქმა უნდა, ზრდილობიანი ხალხია და მეხუთესკენ არავინ გაიწევდა). ათიდან ათივე შემთხვევაში ორცხობილა ჯგუფის შემთხვევით შერჩეულმა ხელმძღვანელმა აიღო.

ძალაუფლება არ არის მხოლოდ სხვაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა: ის, უპირველეს ყოვლისა, სულიერი მდგომარეობაა. საკუთარი ძალის აღქმა სიამოვნების განცდას და თავდაჯერებას ბადებს. ძალაუფლება მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის ორგანიზმში ნეიროჰორმონ დოფამინის (სიამოვნების ჰორმონი) მაღალ დონესთან, რომელმაც სხვა ნეირომედიატორებთან ურთიერთქმედებით შეიძლება ადამიანი ვნებათა დაკმაყოფილების მანქანად აქციოს. ძალაუფლების შეგრძნება ჩნდება ყოველდღიურ ურთიერთობებში, რასაც ყოველთვის მივყავართ გზაგასაყართან, სადაც უნდა გავაკეთოთ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული არჩევანი – ძალაუფლების სასიამოვნო შეგრძნებით მოტივირებულებმა, ვიბრძოლოთ ჩვენი გარემოს გასაუმჯობესებლად და ამით მოვიპოვოთ ადამიანების პატივისცემა და მადლიერება თუ დავემორჩილოთ ჩვენს ეგოისტურ ინსტინქტებს, რომელთა დაკმაყოფილების საშუალებასაც გვაძლევს ძალაუფლება.

საბოლოო ჯამში, ძალაუფლების პრობლემა ჩემთვის სწორედ ამ კითხვაზე გადის. ჩვენი ფიზიოლოგიაც ასეთი არჩევანის შესაძლებლობას გვკარნახობს – ნეიროჰორმონი დოფამინი, გარდა სიამოვნებისა, ცნობისმოყვარეობასაც აღძრავს. სწორედ მის ამგვარ მოქმედებას უკავშირებენ ნარკოდამოკიდებულებას – დაწყებული ნარკოტიკის გასინჯვით (რაც ცნობისმოყვარეობის შედეგია), დამთავრებული ფიზიოლოგიური აბსტინენციით ან, უფრო გავრცელებულ სიტყვას თუ გამოვიყენებთ, ლომკით (რაც, არსებითად, სხვა არაფერია თუ არა სიამოვნების მოთხოვნილება). თუმცა, დოფამინი ასევე იწვევს სწავლისა და თვითგანვითარებისკენ სწრაფვას, ანუ მას აქვს როგორც ბნელი, ისე ნათელი მხარე. ყველაფერი ადამიანის არჩევანზეა დამოკიდებული. მოგეხსენებათ რომ ქრისტიანული ხედვა მორალური არჩევანის გაკეთების უნარის გარშემო ჩამოყალიბდა. ადამიანებს ძალუძთ კეთილისა და ბოროტის გარჩევა; მათ ყოველთვის შეუძლიათ სიკეთის გზის არჩევა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად, ადამისა და ევას მსგავსად, მცდარ არჩევანს აკეთებენ.

ალბათ ოცი წლით მაინც დავაგვიანე უილიამ გოლდინგის „ბუზთა ბატონის“ წაკითხვა. ამ ნაწარმოებს საფუძვლად უდევს აზრობრივი ექსპერიმენტი, რომელსაც უწოდებენ ექსპერიმენტს ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობის შესახებ: როგორ მოიქცევიან ადამიანები ცივილიზაციის, უფრო ზუსტად, მის მიერ დაწესებული შეზღუდვების გარეშე? როგორ მოიქცევიან ბავშვები მშობლების, სკოლის, პოლიციის, კანონის და, საზოგადოდ, ზედამხედველობის გარეშე? გოლდინგის აზრით, უსასტიკესად. მათი სისასტიკე ჩემი მრავლისმნახველი საშუალო ასაკისთვისაც კი შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. არადა, ამ ნაწარმოებს ამერიკაში სკოლის დამამთავრებელ კლასებში ასწავლიან.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ძალიან მომეწონა, არ მინდა დავიჯერო, რომ ძალადობისა და ძალმომრეობისკენ ადამიანის მიდრეკილება იმდენად ძლიერია და ბუნებრივი, მხოლოდ ცივილიზაცია აკავებს ჩვენს ველურობას. თუმცა, როგორც ყველა კარგ ნაწარმოებში, აქაც არაფერია ერთმნიშვნელოვანი.

ნაწარმოები არჩევანის შესაძლებლობით იწყება: უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილმა ბავშვებმა ლიდერად უნდა აირჩიონ ან რალფი – ავტორიტეტული, მშვიდი და სიმპათიური მოზარდი, ან ჯეკი, რომელიც ცნობილია იარაღისა და ხორცის სიყვარულით და თავს ღორებზე ნადირობით ირთობს. ბავშვები რალფს აირჩევენ და იწყება ისეთი საზოგადოების მშენებლობა, სადაც გათვალისწინებულია ყველას ინტერესები და მოსაზრებები, განაწილებულია ვალდებულებები და ა.შ., მაგრამ ძალიან მალე ჯეკი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას მოახერხებს. მისი ძალაუფლება ემყარება ძალადობას და ბავშვების დაშინებას საზარელი ურჩხულით, რომელიც თითქოსდა აქვე, მახლობლად, ტყეში ბინადრობს. წიგნის ბოლოს ჯეკი და მისი დამქაშები მოსაკლავად მისდევენ რალფს, მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდებიან უფროსები – სამხედროები ანუ „ცივილიზაცია“, რომელიც კუნძულზე აშკარად ომმა და ძალაუფლების წყურვილმა მოიყვანა.

გოლდინგის ნაწარმოებში იკვეთება ძალაუფლების მოპოვების ორი ძირითადი ალტერნატივა – კონსენსუსი (რალფი) და ძალაუფლების მიტაცება (ჯეკი). ჩვენს კულტურაში ძალაუფლების გაგება დიდი ხნით განსაზღვრა ერთმა ადამიანმა – ნიკოლო მაკიაველიმ, რომელმაც თავისი მაგნუმ ოპუსი, „მთავარი“, მე-16 საუკუნის ფლორენციაში დაწერა. მისი აზრით ძალაუფლება არის შეუბრალებლობა, ძალადობა და ტყუილი. ეს შეხედულებები ფართოდ გავრცელდა და ჩვენს დრომდეც მოაღწია, როცა პოლიტიკოსების უმრავლესობა მაკიაველის წაკითხვის გარეშეც ახერხებს გაიზიაროს მისი თვალთახედვა. ძალაუფლების მაკიაველისტური იდეა ბატონობს  ცხოვრების ყველა სფეროში, სამსახურში, სახლში და ურთიერთობებში.

ნუ ვიფიქრებთ, რომ ძალაუფლება მხოლოდ პოლიტიკოსების ხვედრია (სხვათა შორის, სწორედ ასე ფიქრობდა მაკიაველი). სინამდვილეში ძალაუფლება აქვს ყველას და არის ყველგან. ოჯახური ძალადობა, დისკრიმინაცია, ბულინგი ძალაუფლების რეალიზაციის ნეგატიური მაგალითებია.

აღორძინების ეპოქიდან, როდესაც მაკიაველი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, დღემდე ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის – საზოგადოებაც, და ძალაუფლების ცნებაც მოითხოვს განახლებას. სხვათა შორის, დიდი ფრანგი ფილოსოფოსი მიშელ ფუკო მიიჩნევდა, რომ მაკიაველის შემდეგ თუ რამე შეიცვალა – ცალსახად უარესობისკენ. დღევანდელ ტოტალურ კონტროლსა და ზედამხედველობას, რომელიც თვალთვალს და მიყურადებას ემყარება და ადამიანის ცხოვრების ყველა კუთხე-კუნჭულს სწვდება, ფუკო დასჯის შუასაუკუნეობრივ მეთოდებს ამჯობინებდა. მისი აზრით, პანოპტიკუმში ცხოვრებას – პანოპტიკუმი არის ციხის იმგვარი არქიტექტურა, სადაც პატიმარს გამუდმებით უთვალთვალებენ, მაგრამ თავად ამას ვერ ხედავს – სჯობია, მაგალითად, ცეცხლზე დაგწვან და ამით ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს. რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო აზრია, მაგრამ ჩემი წერილი უფრო გამოსავლის ძებნაზეა, ვიდრე ყველაფრის უფრო მეტად გართულებაზე.

ძალაუფლების პარადოქსის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ მის შესახებ ჩვენი წარმოდგენების გაფართოების გზით, რაც იმის ცოდნამდე მიგვიყვანს, რომ ძალაუფლება სხვა არაფერია, თუ არა გარემოს უკეთესობისკენ შეცვლის შესაძლებლობა სხვა ადამიანებზე გავლენის მოხდენის საშუალებით. ძალაუფლების ასეთი დეფინიცია ნიშნავს, რომ ის არ არის კონცენტრირებული ცალკეულ ინდივიდუმებში – დიქტატორებში, მაღალი რანგის პოლიტიკოსებში ან მდიდარ ადამიანებში; ძალაუფლება არ არის მხოლოდ პარლამენტის შენობაში ან კომპანიის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე. გაგიკვირდებათ, მაგრამ უფრო პირიქითაა. ძალაუფლების გამოვლინება შეგვიძლია დავინახოთ ყოველდღიურ ურთიერთობებში. როდესაც ბავშვს ბროკოლის სუპს ვაძალებთ, ესეც ძალაუფლებაა; ადამიანისთვის შანსის ან მეგობრისთვის კარგი რჩევის მიცემა, გაღიზიანებული კოლეგის დამშვიდება ან იმ ახალგაზრდის დახმარება, რომელიც ცხოვრებაში ადგილის დამკვიდრებას ცდილობს – ყველაფერი ეს სინამდვილეში ძალაუფლების გამოვლენაა. ძალაუფლება საშუალებაა, რომლითაც ერთმანეთთან ვურთიერთობთ და სწორედ ამიტომ აქვს გარემოს გაუმჯობესების დიდი პოტენციალი.

მეტისმეტად გულუბრყვილო რომ არ მოგეჩვენოთ და უფრო გასაგები გავხადო, რაზე ვსაუბრობთ, მაგალითს მოვიყვან. მე-18 საუკუნეში დედამიწის მოსახლეობის ორი მესამედი მონა იყო და ევროპის ეკონომიკის უდიდესი წილი მონებით ვაჭრობასა და მათ ექსპლუატაციაზე მოდიოდა. რამ მისცა პირველი ბიძგი ამ კონსტრუქციის ნგრევას? რა თქმა უნდა, ცოდნამ. ერთხელაც კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტმა თომას კლარკსონმა დაწერა სადიპლომო ნაშრომი მონობის სისასტიკისა და არაადამიანურობის შესახებ. ნაშრომმა ბევრის ყურადღება მიიქცია და მოხვდა კვაკერების ხელში, რომლებმაც კლარკსონი მონობის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართეს. თომასმა მოიარა ინგლისის ყველა კუთხე-კუნჭული, ჩაიწერა მონებთან საუბარი და აღწერა მათი ყოფა. მისი პუბლიკაციები ისეთი შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ საბოლოო ჯამში, სწორედ თომას კლარკსონის მოღვაწეობის გავლენით გაუქმდა მონობა ინგლისში 1807 წელს.

თომასს არ ჰქონია არაფერი, რაც, ტრადიციულად, ძალაუფლებასთან ასოცირდება – ფული, გავლენა, სტატუსი… მაგრამ უდიდესი როლი შეასრულა კაცობრიობის ისტორიაში ერთადერთი თვისების – ემპათიის, იმავე თანაგრძნობის წყალობით. თომას კლარკსონის ძალაუფლება აღიარეს, რადგან მისი ძალისხმევა გულწრფელი, უანგარო და სხვა ადამიანების გასაჭირზე ორიენტირებული იყო.

ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ჰოლანდიელი მეცნიერის ფრანც დე ვაალის წიგნი „შიმპანზეს პოლიტიკა“, რომელიც ჰოლანდიის ერთ-ერთი ზოოპარკის ბინადრებზე ერთწლიანი დაკვირვების შედეგად დაიწერა. დაკვირვების დასაწყისში შიმპანზეების ჯგუფის ლიდერი იყო პრიმატი, სახელად იერუნი – მას ერგებოდა საუკეთესო საკვები, ხანგრძლივი გრუმინგი და შეუზღუდავი სექსი ნებისმიერ სექსუალურად აქტიურ მდედრთან. გარკვეული ხნის შემდეგ ჯგუფის ლიდერს გაუჩნდა კონკურენტი, სახელად ლეიტი, რომელმაც ექვსი თვის შემდეგ დაიკავა კიდეც ალფა მამრის პოზიცია. მიზნის მისაღწევად ლეიტმა უცნაური პოლიტიკა აირჩია – მან უარი თქვა აგრესიაზე. ლეიტთან ათასობით კონტაქტიდან მხოლოდ სამი დასრულდა ჩხუბით. ლეიტი თავაზიანობით და მზრუნველობით გამოირჩეოდა – სხვა შიმპანზეებს ბეწვს უსუფთავებდა, ეხუტებოდა და ამხნევებდა, უნაწილებდა მის ხელთ არსებულ რესურსებს და ცდილობდა, ჯგუფში სიმშვიდე შეენარჩუნებინა. სანაცვლოდ მიიღო ფასდაუდებელი ჯილდო – ჯგუფის წევრების მადლიერება, აღიარება და სტატუსი.

რამდენიმე წლის წინ მეცნიერებმა შეისწავლეს 323 ოპოზიციური მოძრაობა, რომლებიც 1900-დან 2006 წლის ჩათვლით არსებობდა მსოფლიოში და მოიცვა ქვეყნების უმრავლესობა, მათ შორის – საქართველოც. ამ მოძრაობათა ნაწილი აწარმოებდა ძალადობრივ პოლიტიკას – აწყობდა აფეთქებებს, თავდასხმებს, მკვლელობებს და ა.შ. ნაწილი კი ორიენტირებული იყო მშვიდობიან პროტესტზე – მიტინგებზე, პიკეტებზე, პეტიციებსა და ბოიკოტებზე. კვლევამ ცხადყო, რომ იმ ოპოზიურ მოძრაობათა წარმატება, რომლებიც პროტესტის მშვიდობიან ფორმებს იყენებდნენ, ორჯერ აღემატებოდა ძალადობრივი მოძრაობებისას – 53 პროცენტი 26-ის წინააღმდეგ. ამასთანავე, პრაქტიკულად ყველა ხელისუფლება მაშინ მიმართავს ძალადობრივ მეთოდებს, როცა გრძნობს, რომ ძალაუფლებას კარგავს. პირად ცხოვრებაში მეუღლესა ან პარტნიორზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობაც, უგამონაკლისოდ, მოძალადის უსუსურობით არის გამოწვეული.

მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ძალაუფლებისკენ სწრაფვას საფუძვლად უდევს ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება, დაინახონ, აღიარონ და დააფასონ. შესაბამისად, ნამდვილი და არა ყალბი ძალაუფლების მიღება და მისით ტკბობა შესაძლებელია მხოლოდ კონსენსუსის საფუძველზე, სადაც ხალხია მისი ლეგიტიმურობის წყარო და ძალაუფლებისგან სიამოვნების მიღება უკავშირდება ადამიანებზე გავლენის მოხდენის გზით გარემოს უკეთესობისკენ შეცვლას, ხოლო ძალაუფლების შენარჩუნება პირდაპირ კავშირშია თანაგრძნობის უნარის შენარჩუნებასთან. თომას კლარკსონმა მე-19 საუკუნის დასაწყისში ყოველგვარი ფორმალური ძალაუფლების გარეშე მოახერხა, ხელი შეეწყო მონობის გაუქმებისთვის. ინფორმაციის გავრცელებისა და ადამიანებზე გავლენის მოხდენის თანამედროვე შესაძლებლობები ბევრად აღემატება მე-19 საუკუნისას, ამიტომაც არის, რომ ფორმალური ძალაუფლების მქონე ბევრი ადამიანი არ ფლობს ძალაუფლებას იმ პარადიგმაში, რომელსაც ჩვენ დავარქვით აღიარება და მადლიერება გარემოს უკეთესობისკენ შეცვლის სურვილის გამო. მაგალითად 27 წლის გ.ხ.-ს ბევრად უფრო მეტი მიმდევარი ჰყავს სოციალურ მედიაში და ბევრად უფრო დიდი და დადებითი გავლენა აქვს ადამიანებზე, ვიდრე ფორმალური ძალაუფლების მქონე რომელიმე ხელისუფალს, რომელსაც ზემოხსენებული გ.ხ. ხანდახან ძილსაც კი უფრთხობს. გამოდის, რომ გ.ხ., ადამიანის ფიზიოლოგიიდან გამომდინარე, დოფამინის მომატებული დონის წყალობით გაცილებით მეტ სიამოვნებას იღებს, ვიდრე ფორმალური ძალაუფლების მქონე ადამიანი, რომელსაც ძალაუფლების მხოლოდ მარგინალური ფორმებით გამოვლენა შეუძლია – მანქანები, ნაშები და ფეხზე მდგარი ციკანი. სხვათა შორის, ნაშებს გ.ხ უფრო მოსწონთ, ამბობენ, რომ ძალიან საყვარელია.

აქვე ნურც ის დაგვავიწყდება, რომ „ბუზთა ბატონში“ ბავშვებმა არჩევანი მშვიდ და თანაგრძნობით გამსჭვალულ რალფზე შეაჩერეს და არა იარაღისა და ხორცის მოყვარულ ჯეკზე.

იმის დასადგენად, თუ ვინ მოიპოვებს ძალაუფლებას, სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალისტები დიდი ხანია, იყენებენ „ლიდერის გარეშე დისკუსიის ექსპერიმენტს“. მეცნიერები ერთმანეთისთვის უცხო ადამიანებს კრებენ და ავალებენ, ერთობლივად გადაჭრან განსაზღვრული პრობლემა. გუნდში როლები წინასწარ არ არის განსაზღვრული და მის წევრებს არც რამე განსაკუთრებულ რეკომენდაციებს აძლევენ. მათ სრული თავისუფლება აქვთ მიზნის მისაღწევად მეთოდების არჩევისას. მუშაობის მთელი პროცესი ვიდეოზე იწერება.

ანალიზი ცხადყოფს, რომ ჯგუფში ძალაუფლება ძალიან მოკლე ხანში, პრაქტიკულად მყისიერად წარმოიქმნება. ადამიანები ძალაუფლებას მოიპოვებენ ჩვეულებრივი და ყოფითი მოქმედებების შედეგად: ვიღაცამ პირველმა გამოთქვა აზრი, შესთავაზა გუნდს პრობლემის გადაჭრის გზა, სტიმული მისცა მის ერთიანობასა და შემოქმედებით სულისკვეთებას… ძალაუფლება ბუნებრივად მოიპოვება ისეთი მოქმედებების შედეგად, რომლებიც აერთიანებს ადამიანებს და საზოგადო სარგებლის მაქსიმიზაციას ემსახურება.

ცვლილებები, რომლებიც ხდება მსოფლიოში, ბანალურ რაღაცებზეა დამოკიდებული: საჭირო კითხვის დასმა, უცხო ადამიანების დაკავშირება, ახალი იდეის შეთავაზება… რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ძალაუფლება სავსებით ხელმისაწვდომია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ძალაუფლების პარადოქსის დასაძლევად უნდა გვახსოვდეს, რომ ის, ვისაც სურს, მოიპოვოს და, რაც მთავარია, შეინარჩუნოს ძალაუფლება, აუცილებლად უნდა მოქმედებდეს სხვა ადამიანების ინტერესების გათვალისწინებით. თუ ჩემი აზრი გულუბრყვილო გეჩვენებათ და გგონიათ, რომ ასეთი დამოკიდებულება არათუ ძალაუფლებას ვერ მოგაპოვებინებთ, არამედ სიის ბოლოში დაგტოვებთ, გაიხსენეთ საქართველოს უახლესი ისტორია ან თქვენი სამუშაო ადგილი – დარწმუნებული ვარ, ჩემი აზრის დამადასტურებელ უამრავ მაგალითს იპოვით.

ადამიანებს ძალაუფლებას ანიჭებენ მაშინ, როცა მათში ხედავენ ენთუზიაზმს, სხვების დაცვის სურვილს, თამამ აზრებსა და წინადადებებს. ჩვენი ძალაუფლება და გავლენა იზრდება, როცა ვართ გულწრფელები, უანგაროები, თანამშრომლობის სურვილით გამსჭვალულები და პატივს ვცემთ განსხვავებულ აზრს. ხოლო ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ კეთილგანწყობით, სხვებზე ზრუნვით შეიძლება და არა აგრესიით და ძალმომრეობით.

საბედნიეროდ, ჩვენი ფიზიოლოგიაც ხელს უწყობს ასეთი მსოფლმხედველობის არსებობას. სულ ახლახან ნეირობიოლოგებმა აღმოაჩინეს ე.წ სარკისებური ნეირონები, რომლებიც პასუხს აგებს ემპათიაზე, თანაგრძნობის უნარზე. ეს ნეირონები სარკისებურად ირეკლავს სხვა ადამიანების განცდებს და გრძნობებს და საშუალებას გვაძლევს, თავი მათ ადგილას წარმოვიდგინოთ. მაგალითად, როცა ჩვილს ესმის სხვა ბავშვის ტირილი, სწორედ ეს ნეირონები აიძულებს მასაც, ატირდეს, ანუ ჩვენს გენეტიკაში უკვე არსებობს იმპულსი, რომელიც გვიბიძგებს, ვიყოთ ყურადღებიანები და მზრუნველები სხვა ადამიანების მიმართ, თუმცა ზრდასთან ერთად, როგორც ჩანს, ამ თვისებას ვკარგავთ. ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს, მაგრამ რამდენიმეზე შევჩერდეთ. მაგალითად, როცა პატარა ბიჭს მშობლები ეუბნებიან, რომ ტირილი ბიჭის საქმე არ არის, ამით ღრმა კვალს ტოვებენ ზრდასრულობისას მის ემოციურ ინტელექტზე.

წერილის მომზადებისას გამახსენდა ბორხესის ერთი ნაწარმოები – ფიქცია. ის მოგვითხრობს არსებებზე, რომლებიც მონობაში იმყოფებიან, სარკეში ბინადრობენ და ჩვენს მოძრაობებს იმიტირებენ, მაგრამ ერთხელაც გამოიღვიძებენ და ჩვენ წინააღმდეგ იწყებენ ბრძოლას. ჩემი მოკრძალებული აზრით, სარკის ბინადრები იმის მეტაფორაა, რომ ბედნიერებისთვის გაცხოველებული კონკურენციის სამყაროში ჩვენ ვკარგავთ საკუთარ თავს. სარკე გვთავაზობს სუბსტიტუტს, რომელიც თავის მოტყუების საუკეთესო საშუალებაა. საკუთარი ნებისა და თავისუფლების რეალიზაციით სარკის ბინადრები საბოლოო ჯამში ადამიანებს იმონებენ. ასლი ორიგინალი ხდება.

გამოდის, რომ – სხვის ადგილას თავის წარმოდგენას ვიღა დაეძებს – ბორხესის აზრით, შეიძლება საკუთარი თავიც დავკარგოთ, მაგრამ მოდი, დასკვნების გამოტანას ნუ ვიჩქარებთ. საქმე ის არის, რომ ემპათია ადამიანის მთავარი თვისებაა, რომელიც ყოველივე არაადამიანურის ანტიდოტია და სწორედ ის გვინარჩუნებს – ძალაუფლებასთან ერთად – ადამიანობას.

საბედნიეროდ, ემპათიის გავარჯიშება შესაძლებელია. უამრავი განცხადება ქვეყნდება ემოციური ინტელექტის განმავითარებელი ტრენინგებისა და სემინარების შესახებ, რომელთა მთავარი თემა სწორედ თანაგანცდის გაცოცხლება უნდა იყოს. ინტერნეტშიც შეგიძლიათ მოიძიოთ უამრავი ინფორმაცია. თუმცა, ჩემი აზრით, თანაგრძნობის უნარის განვითარების საუკეთესო და უალტერნატივო საშუალება მაინც მხატვრული ლიტერატურის კითხვაა. მაგალითად, დოსტოევსკის აქვს პატარა მოთხრობა „ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე“ – ბიჭუნაზე, რომელიც, ავადმყოფი დედის გასათბობად შეშა რომ მოაგროვოს, ზამთრის გაყინულ ქუჩაში გამოდის… არ დაგასპოილერებთ. ამ მოთხრობის წასაკითხად 15 წუთიც არ დაგჭირდებათ, მაგრამ თქვენს ემპათიას ის რამდენიმე ხნით ნამდვილად დამუხტავს პროტეინებით და სასარგებლო ნახშირწყლებით. რამდენიმე ხნით იმიტომ, რომ თანაგრძნობის უნარსაც გამუდმებით სჭირდება მზრუნველობა.

ავტორი: რევაზ კოპალაძე

განხილვა