in ,

„ძე-გვის“ სოციალური კამპანია და 90-იანებში შექმნილი „ორიგინალები“, ანუ რა უნდა ვიცოდეთ „ძე“ ბრენდზე

2 დღის წინ, Dze-Georgian Project – ახალი ქართული ტანსაცმლის ბრენდის ხმაურიან დასაწყისზე ვწერდით: „აქ რაღაც სხვა ენერგიაა, როგორც ჩანს, პროექტის ავტორებს დიდი ამბიციები და გეგმები აქვთ“. თუმცა, გარდა ვიდეორგოლისა და ქალაქში გამოჩენილი პოსტერებისა, სხვა დეტალები ცნობილი არ იყო, რადგან როგორც ამბობდნენ: „ბრენდი „ძე“ საზოგადოებას სოციალურ პასუხისმგებლობაზე, ქველმოქმედებაზე თანამედროვე მოდის ენაზე ესაუბრება. საქართველოში პირველად სწორედ თბილისის „მერსედეს-ბენცის“ მოდის კვირეულზე, 3 მაისს მოხდება, ერთი შეხედვით, განსხვავებული სამყაროების, მოდისა და ქველმოქმედების ორგანულად დაკავშირებაო“.

„ძე – ქართული პროექტი“ –საქართველოს ამერიკელი მეგობრების“, WINDFOR’S-ისა და „მერსედეს-ბენცის“ მოდის კვირეულის სოციალური კამპანიაა, რომლის ავტორიც, სააგენტო WINDFOR’S-ია. კამპანიის ფარგლებში შექმნილ კონცეპტუალურ ვიდეორგოლში ძეგვის თავშესაფარში მცხოვრები ახალგაზრდებიც მონაწილეობენ. 

BOG
BOG

ნინო გორდელაძე, Windfors-ის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი: დღეს ყველა საუბრობს ე.წ. „ქუჩის მოდაზე“ – ოთხმოცდაათიანების ქურთუკები, მაისურები, კედები ისევ აქტუალურია. ადამიანებს, რომელთაც თანამედროვე დიზაინერების მიერ შექმნილი ძვირადღირებული ტანისამოსი აცვიათ, მუდმივად ვხვდებით სარეკლამო ბროშურებსა და მუსიკალურ ვიდეორგოლებში. თუმცა, არიან სხვებიც – მსგავსი, ზოგჯერ იდენტური ჩაცმულობით; ისინი ძეგვის თავშესაფარში ცხოვრობენ და ტანსაცმელი, რომელიც მათ აცვიათ, არა ტრენდული რეპლიკა, არამედ ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიანებში შექმნილი „ორიგინალებია“. მათი სოციალური მდგომარეობა მთლიანადაა დამოკიდებული საზოგადოების ჩართულობასა და სოციალურ სოლიდარობაზე. კონცეპტუალური ვიდეორგოლი ძეგვის თავშესაფარში მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობით შეიქმნა

ლენა კილაძე, საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ აღმასრულებელი დირექტორი: „ძეს“ მსგავსი კრეატიული კამპანიები სოციალური პრობლემების მოგვარების განსხვავებული გზაა, რომელიც უფრო მეტ ადამიანს დააფიქრებს და ქველმოქმედებაში ჩართვის სურვილს გაუჩენს. საქართველოს ამერიკელი მეგობრები 25 წელიწადზე მეტია, რაც საქართველოში ფილანთროპიის იდეის პოპულარიზაციას ეწევა და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებს. ძეგვის თავშესაფარი (სადაც 80-მდე ბენეფიციარია), ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი ფოკუს პროექტია. ამ კამპანიის ფარგლებში ჩვენი, Windfor’s-ის და „მერსედეს-ბენცის“ მოდის კვირეულის უპრეცედენტო პარტნიორობა სწორედ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქცევს ადამიანებს, რომელთაც ჩვენი თანადგომა ესაჭიროება. ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი, შევცვალოთ მათი ცხოვრების ხარისხი უკეთესობისაკენ. აქციის მხარდაჭერა შესაძლებელია „ძეს“ ვებგვერდის https://dzeproject.ge/ მეშვეობით.

ძეგვის თავშესაფარი
ძეგვის თავშესაფარი ე. წ. „ქუჩის ბავშვების“ გადასარჩენად თბილისთან ახლოს, არმაზის ხეობაში 1995 წელს დაარსდა. 2010 წლიდან, ძეგვის ბავშვთა თავშესაფარი სხვადასხვა მიზეზით, უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანთა შერეულ თავშესაფრად იქცა. ამჟამად, ძეგვში ყოფილი ქუჩის ბავშვები, ფიზიკური და მენტალური შეზღუდული უნარების მქონე ბავშვები, მოზარდები და მოხუცები, სოციალურად დაუცველი ადამიანები, მიტოვებული მარტოხელა დედები და მათი შვილები ცხოვრობენ. დღეს ძეგვის თავშესაფარს 80 ბენეფიციარი ჰყავს.„საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ ინკ. წარმომადგენლობა საქართველოში
„საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ AFG არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც 1994 წლიდან ახორციელებს ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო, სოციალურ და გარემოსდაცვით პროექტებს საქართველოში; AFG, რომლის დევიზია: „მხოლოდ ერთად შევძლებთ, შევცვალოთ მომავალი უკეთესობისაკენ“ – ეხმარება მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებს: მიუსაფარ ბავშვებსა და მოხუცებს, მარტოხელა დედებს, ტერმინალური დაავადების მქონე პაციენტებს, სიმსივნითა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, შრომის უუნარო მოხუცებს. 

Coca – Cola-ს ახალი სასმელი სპეციალურად კოქტეილისთვის

საქართველოს ბანკმა CSR-ის ფარგლებში შექმნილი განათლების პლატფორმისთვის „CSR ჯილდო 2019“ მიიღო