კარგად რომ უნდა გვეძინოს და ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო რომ არის, უკვე არაერთმა კვლევამ დაადასტურა. რამდენად შევცვალეთ ჩვენი ძილის ჩვევები, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ კიდევ ერთ ახალ კვლევას გაგიზიარებთ, რომელიც ამაზე სულ მცირე დაგაფიქრებთ მაინც — ადამიანები, რომელთაც ღამით 6 საათზე ნაკლები სძინავთ, მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.
მკვლევრებმა UK Biobank-ის უდიდესი ბიოსამედიცინო ბაზის მონაცემები გაანალიზეს, რომლებიც ჯანმრთელობისა თუ სამედიცინო კვლევებისთვის გლობალურ წყაროს წარმოადგენს. ისინი 247 867 მოზარდს დააკვირდნენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას 10 წელზე მეტხანს ადევნებდნენ თვალს. სურდათ, ძილის ხანგრძლივობასა და შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპს შორის არსებულ კავშირებს დაკვირვებოდნენ, გაეგოთ, ჯანსაღი რაციონი ამცირებდა თუ არა ხანმოკლე ძილის ეფექტებს დიაბეტის რისკებზე.
ამიტომ, მონაწილეებს ჰკითხეს, რამდენი ხანი ეძინათ 24 საათში, 7-8 საათი ნორმალურ ძილის რეჟიმად ითვლებოდა, ხანმოკლე რეჟიმები კი 3 კატეგორიად იყო დაყოფილი — მსუბუქი: 6 საათი, ზომიერი: 5 საათი და ექსტრემალური: 3-4 საათი. თანაც მიღებული მონაცემები მკვლევრებმა მონაწილეების კვების რაციონის მიხედვით გააანალიზეს.
კვლევის პერიოდში მონაწილეთა 3.2%-ს მეორე ტიპის დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯანსაღი კვების ჩვევები უკავშირდებოდა დიაბეტის შემცირებულ რისკებს, როცა ადამიანები ჯანსაღად იკვებებოდნენ, მაგრამ დღეში 6 საათზე ნაკლები ეძინათ, მათი დიაბეტის განვითარების რისკები იზრდებოდა იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც ნორმალური ძილის რეჟიმის კატეგორიაში თავსდებოდნენ.
აღმოაჩინეს, რომ 5-საათიანი ძილი მეორე ტიპის დიაბეტის 16%-ით მაღალ რისკს უკავშირდებოდა, როცა იმ ადამიანების შემთხვევაში, რომელთაც 3-4 საათი ეძინათ, რისკი 41%-ით უფრო მაღალი იყო იმ პირებთან შედარებით, რომლებსაც 7-8 საათი ეძინათ.
და რატომ შეიძლება უკავშირდებოდეს ხანმოკლე ძილი დიაბეტის გაზრდილ რისკს?
მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანების სხეული მდგრადია ინსულინის ეფექტების მიმართ და პანკრეასში ნელ-ნელა საკმარისად წარმოების უნარს კარგავს. ინსულინი კი მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს, რომელსაც საკვებიდან ვიღებთ. მართალია, ზუსტად არ ვიცით, რა შეიძლება იყოს ზუსტი მიზეზები იმისა, თუ რატომ აქვთ მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი ადამიანებს, რომლებთაც ნაკლები სძინავთ, მაგრამ ბოლოდროინდელი კვლევები საინტერესო მოსაზრებებს გვთავაზობს.
2022 წლის კვლევის თანახმად, ხანმოკლე ძილის რეჟიმის მქონე ადამიანებს სისხლში ანთებითი ნიშნები და თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები აქვთ, რაც არღვევს ინსულინის მგრძნობელობას და ინსულინრეზისტენტულობამდე მივყავართ — სხეულს უჭირს ინსულინის იმგვარად გამოყენება, რომ სისხლში შაქრის დონე დაარეგულიროს და ამის გამო მეორე ტიპის დიაბეტის რისკიც იზრდება.
მეტიც, ადამიანები, რომელთაც დიდხანს არ სძინავთ, ცირკადული რიტმი ახასიათებთ, მარტივად რომ განვმარტოთ, ჩვეული რიტმის შეფერხებები. ეს ხელს უშლის ისეთი ჰორმონების გამოყოფას, როგორებიცაა კორტიზოლი, გლუკაგონი და ზრდის ჰორმონები… ამგვარად, ეს და სხვა ფაქტორები, შესაძლოა, მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკებს ზრდიდეს ადამიანებში, რომელთაც 6 საათზე ნაკლები სძინავთ.
და თუ წუხართ იმის გამო, რომ ხანდახან არ გაქვთ მსგავსად გამოძინების საშუალება, არ იდარდოთ, რადგან მკვლევრები ამბობენ, რომ ხანმოკლე ძილის პოტენციური ეფექტები დიაბეტის რისკზე, შესაძლოა, მაღალი ინტენსივობის მქონე ვარჯიშებმა შეამციროს.
ამ და სხვა კვლევებზე დაფუძნებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ როცა საქმე დიაბეტის განვითარების რისკებს ეხება, 7-8 საათი ძილი საუკეთესო ვარიანტია. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძილის ხანგრძლივობასა და დიაბეტის რისკებს შორის არსებულ ურთიერთობებზე სხვა ფაქტორებიც ზემოქმედებს, იქნება ეს ინდივიდუალური განსხვავებები ძილის ხარისხსა თუ ცხოვრების წესში…