თუ ერთი სული გაქვთ, როდის ჩაუჯდებით თქვენი საყვარელი სერიალის ახალ სეზონს ან ფილმს, სასუსნავებსა და სასმელსაც იმარაგებთ, მაგრამ ეს პროცესი ჩაძინებით მთავრდება… აი, რა უნდა გააკეთოთ:
სასმელი შემდგომი საღამოსთვის შემოინახეთ
თუ ფილმის ყურება გსურთ, სასმელებმა კიდევ ერთი დღე უნდა გაატარონ თაროზე… წინააღმდეგ შემთხვევაში, რთულია ერთი ჭიქა ღვინით ან, თუნდაც, ლუდით, კომფორტულ გარემოში არ ჩაგეძინოთ. ბუნებრივია, თუ საშიში ფილმების ყურება არ გაქვთ გადაწყვეტილი…
საჭმლის გამოძახების ნაცვლად, სასუსნავები მოიმარაგეთ
თუ ფილმის ყურება და პიცის ჭამა თქვენთვის დიდი სიამოვნებაა, გეტყვით, რომ ასე პირველი პროცესი საკმაოდ დიდხანს გაგიგრძელდებათ. ამიტომ, უმჯობესია, რაღაც უფრო მსუბუქი აირჩიოთ, მაგალითად, სასუსნავები.
პრობლემა: თქვენი სავარძელი შეიძლება ძალიან მყუდრო იყოს
თუ იმ ტახტზე ხშირად გეძინებათ, რომელზეც ახლა ფილმის ყურებას აპირებთ, თქვენი სხეული ამ ლოკაციას ამოიცნობს და „გაითიშება“. გამოსავალი მეგობრის ან პარტნიორის სახლში ფილმის ყურება შეიძლება იყოს, ან თუ არსად გსურთ წასვლა, სახლში არსებული ნაკლებად კომფორტული სავარძლით უნდა ისარგებლოთ.
პრობლემა: თქვენი საწოლი ძალიან მყუდრო შეიძლება იყოს
მართალია, ლოგინში ფილმების ყურება ყველაზე მაცდუნებელი რამეა, მაგრამ ყველაზე ცუდი ადგილია ფილმების საყურებლად. იმის გამო, რომ ეს ადგილი ძილისთვის არის, თქვენი სხეული იბნევა… მსგავსად, ძილის პრობლემები შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს.
გაუმკლავდით ძილის დეფიციტს
თუ ადამიანის ძილის რეჟიმი დარღვეულია და მას ღამით ფილმების ყურება სურს, შესაძლოა, 30 წუთიც კი ვერ გაძლოს… გამოსავალი წინა ღამით დასვენებაა ისევე, როგორც ძილის ნაკლებობის გამომწვევ მიზეზებთან გამკლავება.
პულტი ახლოს გქონდეთ, რათა სასურველ დროს დააპაუზოთ
ფილმის დროს დასვენებაც უნდა ცადოთ და მხოლოდ მაშინ არა, როცა საპირფარეშოში გასვლა მოგინდებათ. თუ ყურებისას იგრძნობთ, რომ გეძინებათ, უნდა დააპაუზოთ, ადგეთ, ცოტა პოპკორნი მიირთვათ და ცოტაც იმოძრაოთ.
მიეცით თავს ძილის საშუალება
მიეცით თქვენს ორგანიზმს ის, რაც სჭირდება. თუ დამღლელი კვირა გქონდათ, ფილმის საღამოს ადრე დამთავრება ჯანსაღი გადაწყვეტილებაა.
კვლავ გრძელდება? იფიქრეთ ექიმთან გასაუბრებაზე
ფილმების ყურებისას ჩაძინება თქვენთვის ჩვეულებრივი ამბავი შეიძლება იყოს, მაგრამ ექსპერტების თქმით, ეს არადიაგნოსტირებული ძილის აპნოეს მანიშნებელია ხოლმე. თუ მუდმივად ხდება, დღისითაც კი, მაშინ სჯობს, სპეციალისტს მიმართოთ.
წყარო: Wired