in

როგორ ეხმარება ძილი ტვინს ემოციების მართვაში? — კვლევა

ახალი კვლევით ის მნიშვნელოვანი გზა გამოვლინდა, რითაც ძილი ტვინს ემოციების მართვაში ეხმარება. თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტით იმასაც ფიქრობენ, რომ ეს ადამიანის ძილის საიდუმლოებების ამოხსნასაც შეუწყობს ხელს. 

M2
M2

ზოგადად კი, რა როლს ასრულებს ძილი ჩვენი ტვინის მუშაობაში, ჯერ კიდევ საიდუმლოებებითაა მოცული, მაგრამ ამასთან, არსებობს რეალური მტკიცებულება იმისა, რომ თვალის სწრაფი მოძრაობის ძილი (REM) ადამიანებს ემოციური მოგონებების კონსოლიდაციაში ეხმარება. ამის რეალურ მიზეზს კი მკვლევრები ჯერ კიდევ ადგენენ.

ხოლო ტვინის პრეფრონტალური ქერქი ის ნაწილია, რომელიც ემოციების დამუშავების პროცესშია ჩართული, მაგრამ REM ძილის დროს, მისი ზოგიერთი ნეირონი, რომელიც პირამიდული ნეირონების სახელით არის ცნობილი, უცნაურად მშვიდია. ეს პარადოქსულადაც ჟღერს — თუ ის აქტიური არ არის, რამდენად შესაძლებელია ძილის დროს ემოციების გაკონტროლებაში გვეხმარებოდეს? 

როგორც ჩანს, დუმილი აქ ძლიერი მექანიზმია. მძინარე და ფხიზელ თაგვებზე ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ REM ძილის დროს პრეფრონტალური ქერქის გაჩუმება მთელ სისტემას უწყობდა ხელს გადატვირთვაში. ეს დასკვნა სხვა კვლევების შედეგებსაც შეესაბამება, რითაც ამტკიცებენ, რომ ძილი ნეირონულ აქტივობებს აკონტროლებს. სათანადო REM ძილის გარეშე კი ტვინში არსებული ქსელები, შესაძლოა, გაჯერებული ისეთი ემოციური შეტყობინებებით გახდეს, როგორიცაა შიში. ეს, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი სიგნალების განსაზღვრასაც გაართულებს…

ახლა კი პროცესი უფრო დეტალურად განვიხილოთ — აქტიურობისა და გაღვიძების დროს თავის ტვინში ნეირონები შეტყობინებებს მათი დენდრიტებიდან, ანუ „მკლავებიდან“ იღებს, რაც შემდგომში სომას, ანუ ნეირონის უჯრედის სხეულს, გადაეცემა, ის კი ამ შეტყობინებების სხვა ნეირონებში გავრცელებაზეა პასუხისმგებელი. თუმცა, REM ძილის დროს, თაგვების პრეფრონტალურ ქერქში ნეირონები განსხვავებულად იქცევიან. მაშინ, როცა დენდრიტებში გაზრდილი აქტივობაა, სომაში იგი დაქვეითებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ნეირონები მიღებულ ინფორმაციას მხოლოდ ამუშავებს და არ აგზავნის.

ხოლო, როცა ნეირონის სხეული ბევრ შეტყობინებას აღარ აწვდის, მის დენდრიტებს მიღებული ინფორმაციის გაერთიანებისა და იმის განსაზღვრის დროც აქვს, თუ რომელი შეტყობინება გაგზავნოს და რომელი — არა. ეს ტვინს საშუალებას აძლევს, გარემოში არსებულ ცვლილებებს უკეთ უპასუხოს, ცხოველებს კი საფრთხისა და უსაფრთხოების განსაზღვრაში ეხმარება. ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ REM ძილის დროს, როცა დენდრიტების მოქმედება დათრგუნული იყო, კვლევაში მონაწილე თაგვებმა აუდიო სიგნალების განსხვავების უნარი დაკარგეს. ეს, თავის მხრივ, მათ საფრთხის აღქმაში ეხმარებოდა… ხოლო, როცა სომა არ იყო სრულად გაჩერებული, თაგვები ამ სიგნალების მიღებას უკეთ ახერხებდნენ. 

„შესაძლოა, ამან შედეგად ემოციური მდგომარეობების გადაჭარბებული კონსოლიდაცია მოგვცეს, რაც ხშირად REM ძილის დარღვევასთან დაკავშირებული პოსტტრავმული სტრესული აშლილობებისა თუ სხვა აფექტური ფსიქიატრიული დაავადებების დროს შეინიშნება“, — ვარაუდობენ მკვლევრები. 

მართალია, კონკრეტული მექანიზმი ადამიანის ნეირონებში  ჯერ არ არის შესწავლილი, მაგრამ მიღებული შედეგები მეცნიერებს დაეხმარება, გაიგონ, მაგალითად, რატომ იწვევს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ძილის დარღვევას.

38 კითხვა, რომელიც გასაუბრებისას უნდა დასვათ

სტეფანე გურგენიძე Amazon-ის გუნდს შეუერთდა!