in

როგორ ვესაუბროთ „ძლევამოსილ“ ადამიანებს თავდაჯერებულად?

ყველა ჩვენგანს უწევს ე. წ. „ძლიერ“ ადამიანებთან საუბარი, როგორცაა, მაგალითად, მენეჯერი. ზოგჯერ კი ეს შეხვედრები იმდენად მნიშვნელოვანია კარიერისთვის, რომ განსაკუთრებულად ვღელავთ, რამაც შეიძლება პირიქით ხელი შეგვიშალოს. ამიტომაც, სტატიაში რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, რათა მსგავსი შემთხვევები უფრო წარმატებულ გამოცდილებად აქციოთ.

ჩაატარეთ კვლევა

დასაწყისისთვის, ნებისმიერ შეხვედრაზე კარგად მომზადებული მიდით. ჯეიმი დიმონი, JP Morgan Chase-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს, რომ ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ის კანდიდატები ტოვებენ მასზე, ვისაც გარკვეული მოკვლევა აქვს ჩატარებული კომპანიის შესახებ.

ამის გათვალისწინებით, აუცილებლად გაეცანით სათანადო მასალას; შეისწავლეთ ყველაფერი, რაც ხელმისაწვდომია: წლიური ანგარიშები, მედიაში გაშუქება, გამოსვლები, ინდუსტრიის დოკუმენტები, სამუშაოს აღწერილობები და ა. შ.

გამოიჩინეთ პატივისცემა

თუ გსურთ, ძლევამოსილმა ადამიანმა სერიოზულად აღგიქვათ, გულწრფელად გამოავლინეთ მისადმი პატივისცემა. ამ ჟესტით აქცენტს გააკეთებთ, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობთ. რეალურად, პატივისცემის გამოხატვას თავისი „ხელოვნება“ სჭირდება — ყალბად კი არ უნდა გააკეთოთ ეს, არამედ ნამდვილი მიზეზები იპოვოთ.

პატივისცემის გამოვლენის ერთ-ერთი შესანიშნავი მომენტი შეხვედრის დასაწყისია, მაგალითად: „ვაფასებ თქვენს აზრს და სწორედ ამიტომ მინდოდა შეხვედრა“; „მოუთმენლად ველოდი ამ შეხვედრას, რათა მეტი გამეგო თქვენი შეხედულებების შესახებ“.

ისაუბრეთ მთავარ საკითხზე

ბევრს სჩვევია თემიდან თემაზე გადახტომა, არაპროფესიული ამბების გაზიარება და საუბრის განზოგადება. თუკი მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდით, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეთ — პირდაპირ გადადით საკითხზე, რომლისთვისაც მოცემული შეხვედრა ჩაინიშნა.

გამოიყენეთ ძლიერი სიტყვები

სიტყვებს რომ უდიდესი ძალა აქვს და ემოციური ინტელექტის ერთ-ერთი აშკარა გამოხატულებაა, კარგად ვიცით. ამიტომაც, შეხვედრისას გამოიყენეთ ძლიერი და დადებითი სიტყვები: „ვიცი“, „მჯერა“, „მე ვხედავ“, „მე ვიქნები“…

სანაცვლოდ, მოერიდეთ: „ვფიქრობ“, „ვგრძნობ“, „ვეჭვობ“, „მაინტერესებს“, „წარმომიდგენია“ და ა. შ. ამავდროულად, ეცადეთ, თავიდან აირიდოთ: „მომწონს“, „იცით“, „მმ“, „ჰმმ“… მოერიდეთ მობოდიშებას და გამაფრთხილებელ ფრაზებსაც, როდესაც თითქოს დარწმუნებული არ ხართ საკუთარ თავში.

შეხედეთ თვალებში

ნუ დაიწყებთ თვალების ცეცებას, რადგან ასე ნაკლებად თავდაჯერებული გამოჩნდებით. ხოლო თვალის კონტაქტი ყველაფერს მეტ პირდაპირობას შესძენს. თანაც კვლევების მიხედვით, მაღალი სტატუსის მქონე ადამიანები უფრო მეტად მიმართავენ თვალის კონტაქტს.

როსტომ ტალახაძე – #პირველისამსახური

IKEA-მ, ენ ლიბოვიცთან ერთად, პარიზში გამოფენა მოაწყო