ბოლო პერიოდში მიწისძვრა საკმაოდ აქტუალურ თემად იქცა, ყოველ შემთხვევაში საქართველოში მაინც… ამ მოვლენის გახშირებულმა შემთხვევებმა ბევრი კითხვა გააჩინა — რა იწვევს მიწისძვრას? რა თქმა უნდა, მის გამომწვევ მიზეზად ძალიან ბევრი რამის დასახელება შეიძლება, თუმცა დღეს ერთ-ერთ მათგანზე ვისაუბრებთ.
როგორც მეცნიერი შიმონ ვდოვინსკი აღნიშნავს, მან გასულ წელს კავშირი შენიშნა შტორმებსა და მიწისძვრებს შორის. მისი თქმით, შესაძლოა, ძლიერმა წვიმამ მიწისძვრის გამოწვევას შეუწყოს ხელი. მაგალითისთვის, შიმონი ორ ფაქტს იხსენებს: 2010 წლის 7,0 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრა ჰაიტიზე, რომელიც რამდენიმე ქარიშხლისა და ტროპიკული შტორმიდან 18 თვის შემდეგ მოხდა; და 2009 წელს ტაიფუნ მორაკოტის შემდეგ რამდენიმე თვეში მომხდარი 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა ტაივანზე.
ეროზიით გამოწვეული მიწისძვრები
წვიმასა და მიწისძვრებს შრის კავშირის შესამოწმებლად, ვდოვინსკიმ ტაივანის მიწისძვრებისა და ამინდის ბოლო 50 წლის ჩანაწერები მიმოიხილა. მან აღმოაჩინა, რომ 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა 1999 წელს, ტაიფუნ ჰერბადან სამი წლის შემდეგ მოხდა. ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, არამედ მთლიანობაში მისმა ანალიზმა ხუთზე მეტი მსგავსი ფაქტი დააფიქსირა — თითოეული მათგანი ქარიშხლიდან და მისგან გამოწვეული წვიმისგან მაქსიმუმ 4 წლის ვადაში ხდებოდა.
ცხადია, წყალი პირდაპირ არ იწვევს მიწისძვრას… არამედ საქმე ეხება ეროზიას და მეწყერს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტაიფუნები მიწისძვრებს იწვევს იმ რეგიონებში, სადაც ის სხვაგვარად არ მოხდებოდა. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ის უბრალოდ ხელისშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს. „ტაიფუნი უბრალოდ განსაზღვრავს მიწისძვრის დროს. ამ სტიქიური მოვლენის ძირითადი მიზეზი კი ფირფიტების ტექტონიკაა“, — ამბობს ვდოვინსკი.
სხვა მეცნიერები მსგავს ეფექტებს პოულობენ ჰიმალაის მთებში, სადაც ზაფხულის მუსონებს დიდი გავლენა აქვს მიწისძვრაზე. ასევე, აზიაში უშუალოდ წვიმების სეზონზე მიწისძვრების რისკი მცირდება. ხოლო ზამთარში, დაბლობების გაშრობის შედეგად, ეფექტი იცვლება, რაც ფირფიტების ჩამოშლას და მოვლენის სიხშირის ზრდას იწვევს.
სამწუხაროდ, დღემდე არ არსებობს გზა, რომ ეს კვლევა მიწისძვრების პროგნოზირებისთვის გამოვიყენოთ.