ყველაფერი წლების წინ, საჩუქრად ნაყიდი აკვარელის საღებავებით დაიწყო… ახლა კი ნატო სირბილაძის რეტროსპექტიულ გამოფენაზე — „ძველი მეხსიერების სურათები“, 80-იანი წლებიდან დღემდე, ყველა მნიშვნელოვან პერიოდს იხილავთ.
მან ხატვა 31 წლის ასაკში დაიწყო და იმ დროიდან მოყოლებული, ფუნჯი ხელიდან არ გაუშვია. „დღესაც კი მახსოვს 1986 წლის 24 სექტემბერი იყო. ძალიან სწრაფად განვითარდა მოვლენები. მე გაუჩერებლად ვხატავდი და პირველი გამოფენა საჯარო ბიბლიოთეკაში მოვაწყვე, სადაც ადრე ვმუშაობდი კიდეც. პროფესიით ბიბლიოთეკათმცოდნე-ბიბლიოგრაფი ვარ, მაგრამ უკვე 36 წელია ვხატავ და ჩემს თავს მხატვრად მოვიაზრებ. 2005 წელს წიგნი „ფიროსმანი — მხატვართა მუზა“ გამოიცა, სადაც ისეთი დიდი მხატვრების გვერდით მოვხვდი, როგორებიც არიან ლადო გუდიაშვილი, კირილი ზდანევიჩი და მრავალი სხვა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო“, — ამბობს მხატვარი.

M: როგორია გამოფენის „ძველი მეხსიერების სურათები“ კონცეფცია?
ჩემი შემოქმედება ორ ნაწილად იყოფა, მაშინ, როცა მე უბრალოდ სპონტანურად ვხატავდი და ბოლო 22 წელი, როდესაც ეს უკვე გაცოცხლებული მეხსიერებიდან გადმოტანილი სურათებია, ჩვენში ხომ ათასწლეულებია… ამ გამოფენას რეტროსპექტიულიც შეგვიძლია დავარქვათ, სადაც თავმოყრილია ჩემი შემოქმედების ყველა მნიშვნელოვანი პერიოდი. მე და ჩემმა კურატორმა, კონსტანტინე ბოლქვაძემ, რამდენიმე თვე ვიმუშავეთ ამ გამოფენაზე, განვიხილავდით რამდენიმე ვარიანტს და ბოლოს როდესაც მან ეს ვარიანტი შემომთავაზა, მივხვდი, რომ ის ჩემს არსს ჩასწვდა…
M: ძველი მეხსიერების სურათები, თითქოს შავ-თეთრ გამოსახულებებს გვახსენებს, ეს ნამუშევრები კი მრავალი ფერით არის შესრულებული… რას გადმოსცემთ ფერებით თქვენს ნახატებში?
ჩემი ნამუშევრები გაცოცხლებული ცნობიერებიდან მომდინარეობს და ის ჩემთვის ფერადია. როცა გაცოცხლებული ცნობიერებიდან აკვირდები სამყაროს, იქ წარსული, აწმყო და მომავალი ერთიანდება, შესაბამისად, ზღვარიც არ არსებობს. ფერი კი ჩემს ნამუშევრებში ძირითადია, ფერით ვესაუბრები სამყაროს და შემდეგ უკვე სხვა დანარჩენი…

M: ნახატებში თითქოს რეალობა და ფანტაზია ერთმანეთთანაა შერწყმული… რის გადმოცემაში გეხმარებათ ეს?
მართალი გითხრათ, ეს იმდენად სპონტანური პროცესია, გააზრებასაც ვერ ახერხებ… უკვე გამზადებული სურათ-ხატები სულიერი სამყაროდან გამოგაქვს, მაგრამ ხანდახან ისეც ხდება — რაღაც მოვლენა განსაკუთრებით მოქმედებს შენზე და სწორედ მაშინ ხდება რეალობისა და ფანტაზიის შერწყმა.
M: ხშირად ვხედავთ ანგელოზებს თქვენს ნამუშევრებში, რა დატვირთვა აქვს ამას თქვენთვის?
ანგელოზები ჩემს შემოქმედებაში მოგვიანებით, 1990-იანი წლების მიწურულს შემოვიდნენ. ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა ქალებმა ფრთები გამოისხეს და ანგელოზებად გადაიქცნენ. პირველი პერიოდის ანგელოზები მუქ ლურჯ ფონზე თეთრი ტანით აღიმართნენ, ეს საოცარი შეგრძნება იყო… სრულიად ახალი „ანგელოზური“ ეტაპი ჩემს შემოქმედებაში, რომელიც დღემდე გრძელდება.

M: გამოფენა უკრაინელ ხალხს მიუძღვენით… რას ფიქრობთ ხელოვანთა როლზე ამ სიტუაციაში?
დიახ, გამოფენა უკრაინელ ხალხს მივუძღვენით. ასეთ სიტუაციაში ხელოვანის როლი უდიდესია, ფაქტობრივად, ის სამყაროში დადებით ბალანსს ამრავლებს… მაშინ როცა მუზეუმის გარეთ უკრაინის მხარდამჭერი მრავალათასიანი მიტინგი მიმდინარეობდა, მუზეუმის შიგნით გამოფენა არსებულ რეალობას უპირისპირდებოდა და სამყაროს წონასწორობასაც აღადგენდა.







ავტორი: მაკუნა ჯუღელი










