კომპანიებმა, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესს ვებ დეველოპმენტის კუთხით მომსახურებას უწევენ, ბოლო დროს, ერთგვარი მაშველი რგოლის სტატუსი მოირგეს. იმის გათვალისწინებით, რომ ელექტრონული კომერციის მნიშვნელობა დღითი დღე უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ახალბედა სტარტაპებს კი, დაკვალიანება სჭირდებათ, ონლაინ მაღაზიის ასაწყობად, რომელ კომპანიას მიმართონ და ამ მომსახურებაში რამდენი გადაიხადონ, აგრეთვე, გაიგონ მიმდინარე შეღავათებისა და შეთავაზებების შესახებ, გადავწყვიტეთ, ამ საკითხების გარშემო არსებულ კითხვებზე მოგვეძიებინა პასუხები.
თუმცა მანამდე, სასარგებლოდ მიმაჩნია, გაგიზიაროთ კომპანია B2C-ს დამფუძნებელ ქეთი ვაჩიბერიძის მოსაზრება, დღეს, ონლაინ მაღაზიების როლსა და დანიშნულებაზე და ელექტრონული კომერციის ხელსაყრელ ფაქტორებზე სტარტაპებისთვის:
ქეთი ვაჩიბერიძე: „პანდემიის დაწყების მომენტიდან, აბსოლუტურად შეიცვალა ონლაინ მაღაზიების როლი და დანიშნულება. გასულ წელს, მნიშვნელოვნად გაზრდილი ვიზიტების მიუხედავად, საბოლოო მომხმარებელი ონლაინ მაღაზიას აღიქვამდა, ძირითადად, როგორც პროდუქტების კატალოგს, სადაც არჩევდა სასურველ ნივთს და რომლის შესაძენადაც, მაინც ობიექტზე ახორციელებდა ვიზიტს. ბოლო სამი თვის განმავლობაში კი, ისეთი ვიზიტების წილი, რომლებიც ელექტრონული ანგარიშსწორებით დასრულდა, 10-ჯერ არის გაზრდილი. მომხმარებელმა ბოლომდე გაითავისა ის კომფორტი, რაც სახლიდან გაუსვლელად, სასურველი ნივთის მიღებას უკავშირდება და ამის შემდეგ, გაუჭირდება ამ კომფორტზე უარის თქმა, პანდემიის დასრულების შემდეგაც.
ანალოგიურად იცვლება ბიზნესის ქცევაც, ისინიც ხედავენ, რომ ონლაინ მაღაზია აღარ არის მხოლოდ მათი პროდუქტების კატალოგი ონლაინ სივრცეში, არამედ ეს უკვე შემოსავლების მიღების მნიშვნელოვანი არხია. ეს ნებისმიერი ზომისა და სტრუქტურის ბიზნესს ეხება, თუმცა ვფიქრობ, ელ-კომერცია განსაკუთრებით მნიშნველოვანი და ხელსაყრელია სტარტაპებისთვის და რამდენიმე ფაქტორს ჩამოვთვლი:
- არანაირი საწყისი ინვესტიციის აუცილებლობა, რასაც გვერდს ვერ აუქცევდა ტრადიციული გაყიდვების არხების გამოყენებისას (იჯარა, ინვენტარი, ხელფასი და სხვ. ხარჯები);
- შეუზღუდავი წვდომა მომხმარებელზე – თუ ოფლაინ ბიზნესის შემთხვევაში შეზღუდულია მეწარმე მდებარეობით და დამოკიდებულია ტრაფიკზე კონკრეტულ ქუჩაზე ან სავაჭრო ცენტრში, ონლაინ ვაჭრობისას საშუალება აქვს, მკაფიოდ განსაზღვროს მისი აუდიტორია სხვადასხვა კრიტერიუმით და მათ მოზიდვაზე დახარჯოს ძალისხმევა, რაც ნამდვილად ღირებული ინვესტიციაა;
- ციფრული მარკეტინგი უკვე იმდენად მრავალფეროვანია და უამრავ შესაძლებლობებს გვთავაზობს, რომ მათი გამოყენებით, ბევრად მარტივია მომხმარებლების ლოიალურობის მოპოვება, მათი მოთხოვნების სწორად იდენტიფიცირება, საკუთარი პროდუქციისა თუ მომსახურების სრულად ადაპტირება, რაც დღევანდელ კონკურენტულ სამყაროში აუცილებლობას წარმოადგენს“, – განმარტავს ქეთი ვაჩიბერიძე.
ახლა კი, გთავაზობთ იმ კომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც სტარტაპებს და არამხოლოდ, ონლაინ მაღაზიის აწყობით უზრუნველყოფენ:
Desk.ge
ონლაინ პლატფორმა, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, პროფესიონალური ვებგვერდის, ონლაინ მაღაზიის, ლენდინგისა და პრომოგვერდის შექმნა სულ რამდენიმე საათში შეგიძლიათ. ამისთვის საჭიროა პორტალზე დარეგისტრირება და ინსტრუქციებს მიყოლა.
საშუალებას გაძლევთ, 5 წუთში შექმნათ საკუთარი ინტერნეტ მაღაზია, მომხმარებელი კი შეძლებს, ონლაინ დაათვალიეროს თქვენი პროდუქტები და სერვისები მისთვის სასურველ ენაზე. 1 ივნისამდე ვინც დარეგიტრირდება, ინტერნეტ მაღაზიას უფასოდ მიიღებს.
Geopay.ge (CS-Cart)
ვლადიმერ კანდელაკი, დამფუძნებლი , IT დირექტორი: „მოგეხსენებათ, ონლაინ მაღაზიის 5 წუთში აწყობა არ არის რეალური და მრავალი ტექნიკური დეტალის გათვალისწინებაა აუცილებელი, შესაბამისად, განფასება და პროექტის შესრულების ვადები დამოკიდებულია პროექტის მოცულობაზე.
ფუქნციონალის თვალსაზრისით, დიდი უპირატესობა აქვს Cscart ონლაინ მაღაზიის პლატფორმას, რომელსაც ვთავაზობთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებს და რომლის ავტორიზებული წარმომადგენლებიც ვართ საქართველოში 2014 წლიდან. Cscart პლატფორმის არსებული ფუნქციონალის გათვალისწინებით, მინიმალურ ტარიფში იღებთ მრავალფუნქციურ პლატფორმას, რომელიც აუცილებელია, როგორც სტარტაპ, ასევე საშუალო და მსხვილი ონლაინ მაღაზიისთვის. შესაბამისად, Cscart ონლაინ მაღაზია ხელმისაწვდომია ყველასთვის, რაშიც ჩვენს მიერ 100-ზე მეტი შესრულებული ონლაინ მაღაზიის პროექტი …დაგარწმუნებთ. ჩვენ ვზრუნავთ ტექნიკურ მხარეზე, ისინი კი ყიდიან ონლაინ!“ (იხ. სრულად)
Procervice
ინტერნეტ მაღაზია 2 საათში, თვეში 100 ლარიდან. კომპანიაში აცხადებენ, რომ ნებისმიერი საქმიანობის მქონე ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, პირველი 2 თვე ონლაინ მაღაზიით უფასოდ ისარგებლოს. ხელშეკრულების გაფორმების მინიმალური ვადაა 1 წელი, რაც ნიშნავს, რომ მინიმალური ფუნქციების მქონე ონლაინ მაღაზიის აწყობა, მინიმუმ, 1200 ლარად შეგიძლიათ. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ბმულს.
Goodweb.ge
საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანსა თუ ბიზნესს, პროფესიონალური ბიზნეს ვებგვერდი ან ინტერნეტ მაღაზია შექმნას. მომსახურება პაკეტებშია თავმოყრილი და სერვისით სარგებლობა ყოველთვიური გადახდის პრინციპითაა შესაძლებელი. სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა რეგისტრაციის გავლა და შემდეგ ინსტრუქციას მიყოლა.
სტარტაპებისთვის, ალბათ, ნაკლებადაა ხელმისაწვდომი SOFTX, თუმცა მაინც გიზიარებთ კომპანიის მომსახურების ღირებულებას: „ჩვენთან ონლაინ მაღაზიის მინიმალური ფასი 50 000 ლარიდან იწყება და შემდეგ უკვე გააჩნია კლიენტის ნება-სურვილებს. სხვადასხვა ინტეგრაციისა და სირთულეების დამატება-მოთხოვნით, შეიძლება 500 000 ლარამდეც კი ავიდეს. ფიქსირებული ფასის თქმა შეუძლებელია, ვინაიდან ბევრი რამ კლიენტის მოთხოვნაზეა დამოკიდებული. კომპანია 13 წელია, საქმიანობს“.
შეთავაზება თიბისისა და VISA-სგან „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“: თიბისისა და VISA-ს მხარდაჭერით, კომპანიებს შეუძლიათ შექმნან საკუთარი, სრულად გამართული ონლაინ მაღაზია, რომლის საშუალებითაც, პროდუქციის გაყიდვასა და მომხმარებლისთვის მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელებენ.
შეთავაზება მოიცავს პლატფორმას, რომლის საშუალებითაც ბიზნესებს შეუძლიათ, მოკლე დროში მარტივად შექმნან ონლაინ მაღაზია, უფასოდ მიიღონ ფოტოგრაფის მომსახურება, რომელიც დაასურათებს ვებგვერდზე განსათავსებელ პროდუქციას, ვებგვერდში ჩააშენონ თიბისის ონლაინ გადახდის სისტემა, სფეისის ციფრული განვადება და მიტანის სერვისი.
პროექტი მიზნად ისახავს, დაეხმაროს ბიზნესებს ციფრულ ტრანსფორმაციასა და შექმნილ გამოწვევებთან გამკლავებაში. ონლაინ მაღაზიების შექმნით ისინი შეძლებენ გაყიდვების ახალი არხის ათვისებას, რაც დისტანციურად დააკავშირებთ მათ მომხმარებლებთან. 200 ბიზნესს ონლაინ მაღაზიის შექმნას თიბისი და VISA სრულად დაუფინანსებენ. აგრეთვე ბიზნესები 6 თვით თავისუფლდებიან ვებ-გვერდის ყოველთვიური მომსახურების გადასახადისგან და ისინი თიბისის E-commerce-ით 2 თვით საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ.
სტატიის მიზანია, მცირე, საშუალო თუ დიდი ბიზნესის წარმომადგენლებს, კიდევ ერთხელ დაანახოს ელექტრონულ კომერციაზე გადასვლის გარდაუვალი მნიშვნელობა და ის გზაც აჩვენოს, საით შეიძლება წასვლა და იქ რას უნდა ელოდონ.