in

შეცდომები, რომლებიც არ უნდა დავუშვათ E-mail კამპანიების დროს

ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის, რა არის E-mail მარკეტინგი, მაგრამ მოდი, ორიოდე სიტყვით მაინც განვმარტოთ – ის მარკეტინგის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ბიზნესის პროდუქტებისა და სერვისების პოპულარიზაციისთვის გამოიყენება. მას როგორც დიდი, ისე მცირე და საშუალო ბიზნესიც აქტიურად იყენებს ახალი მომხმარებლის მოსაზიდად ან უკვე ძველისთვის სიახლეების შესათავაზებლად. 

ის საკმაოდ მოსახერხებელი ინსტრუმენტია, რადგან მეილს მილიონობით კომპანია და ადამიანი იყენებს. ის ჩანს შემოსულ შეტყობინებებში მანამ, სანამ არ წავიკითხავთ ან წავშლით და გვაცნობს ინფორმაციას ახალი ბრენდის ან რომელიმე კომპანიის შეთავაზების შესახებ. 

თუმცა, E-mail მარკეტინგი რამდენადაც ეფექტური მეთოდია, იცოდით, რომ მნიშვნელოვნად არის გასათვალისწინებელი მისი წესების დაცვა? ყველამ ნამდვილად არ იცის, როგორ აწარმოოს კარგი მარკეტინგი ელ. ფოსტის მეშვეობით, ამიტომ ეს საქმე კომპანიებმა გამოცდილ ადამიანს უნდა მიანდონ, რათა თქვენი სარეკლამო მეილი პირდაპირ სპამში ან ნაგვის ურნაში არ აღმოჩნდეს. გასათვალისწინებელია ყველა დეტალი: მეილის ვიზუალური მხარე, რას ვწერთ subject-ის ველში, რა არის პირველი მესიჯი, რადგან მან უნდა უბიძგოს ადრესატს სრული ფოსტის წაკითხვისკენ; ასევე მარკეტერმა სწორად უნდა განსაზღვროს დრო. მხოლოდ ერთხელ თუ აგზავნით მეილს, ესეც არ არის სწორი და არც ყოველდღე უნდა შეაწუხოთ ადრესატი ერთი და იგივე მესიჯით. ოქროს შუალედი საუკეთესო გამოსავალია ამ შემთხვევაში. 

ასევე, შეგვიძლია, გირჩიოთ, რომ აუცილებლად განსაზღვროთ სეგმენტი. ნუ გაუგზავნით მეილებს უკლებლივ ყველას, არამედ ჯერ მოიკვლიეთ ბაზარი და კარგად აწონ-დაწონეთ, დააინტერესებს თუ არა ადრესატს თქვენი შეთავაზება. ასევე ყურადღება მიაქციეთ მეილის სტრუქტურასაც და გაითვალისწინეთ, რომელი მოწყობილობით გახსნის ადამიანი თქვენს მეილს. ბევრ მარკეტერს ეშლება ის, რომ აქვს იდეალურად აწყობილი ელ.ფოსტა კომპიუტერისთვის, მაგრამ არაა ნაფიქრი რესფონსიულ განლაგებაზე, ანუ იმაზე, რომ მეილის მიღებისას ვიღაც შეიძლება სმარტფონით ხსნიდეს მას. 

ამ ზოგადი რჩევების გარდა, რომელიც წესით, გამოგადგებათ E-mail მარკეტინგში, ჩვენს რესპონდენტთან, Cryptal-ის ციფრულ მარკეტერ, დათო ჭელიძესთან ერთად, სამ ძირითად შეცდომასაც გამოვყოფთ, რომელიც არ უნდა დაუშვათ ამ საქმეში:

„პერსონალიზაციის ნაკლებობა – თანამედროვე ციფრულ სამყაროში რთულია მომხმარებლის ყურადღების მიპყრობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენი კონკურენტები უამრავ რესურსს ხარჯავენ იმისათვის, რომ თავიანთი ბრენდის სათქმელი მომხმარებლებთან შენზე ეფექტურად მიიტანონ. 

იმეილ მარკეტინგში პერსონალიზაცია უდიდეს როლს ასრულებს, რასაც Hubspot-ის მიერ ჩატარებული კვლევებიც ცხადჰყოფს. გადატვირთულ Inbox-ში პერსონალიზირებული თემის სათაურის (subject line) დანახვა მნიშვნელოვნად ზრდის მომხმარებლის მიერ იმეილის გახსნის შანსს.

მიუხედავად მონაცემთა მოგროვების პროცესში არსებული გამოწვევებისა, კვლევები აჩვენებს, რომ მომხმარებლები მზად არიან გაუზიარონ პირადი ინფორმაცია (სახელი, დაბადების თარიღი) კომპანიებს, თუკი სანაცვლოდ მნიშვნელოვანი ბენეფიტის მიღებას შეძლებენ (საჩუქარი, ვაუჩერი). 

იმეილ მარკეტერების ეფექტური ტაქტიკა შესაძლოა იყოს ამ აპრობირებული  პრაქტიკების იმპლემენტაცია საკუთარი კომპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიებში, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება მომხმარებლებსა და კომპანიას შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

არასეგმენტირებული კომუნიკაცია

საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვისას, არასეგმენტირებული კომუნიკაცია იმეილ მარკეტერების მხრიდან დაშვებული შეცდომებიდან ერთ-ერთია. 

ლოგიკურია, რომ ტარგეტირებული იმეილ კამპანიები გაცილებით ეფექტურია, რაც ასევე ამცირებს იმ გამომწერების რაოდენობას, რომლებიც გამოწერას აუქმებენ, თუმცა მომხმარებლების განმასხვავებელი ინფორმაცია ხშირად მარკეტერებისთვის არ არის ხელმისაწვდომი. 

საწყისს ეტაპზე შეგვიძლია მომხმარებლები ასაკის, გენდერის ან თუნდაც იმ ინტერესის მიხედვით დავასეგმენტოთ, რომელიც ჩვენი პროდუქციის მიმართ აქვს გამოხატული. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება მომხმარებელების ქცევაზე დაფუძნებულ სეგმენტაციას მივმართოთ, რითიც გავზრდით შანსს, რომ სამომავლოდ მათი ყურადღება მარტივად მივიპყროთ. 

მობაილ-იუზერების უგულებელყოფა

წლიდან წლამდე მობილურით „გახსნების“ წილი ჯამურ Open Rate-ში მნიშვნელოვნად იზრდება. შესაბამისად, სხვადასხვა დევაისებისთვის იმეილ მარკეტერების მხრიდან კონტენტის ოპტიმიზაციას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. 

იმეილ თემფლეითების ტესტირებისას ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ კონტენტი როგორ გამოიყურება სხვადასხვა დევაისზე. სწორად არის თუ არა შერჩეული ფონტის ზომა? რამდენად მარტივად აღქმადია გრაფიკები? ჩანს თუ არა ტექსტი ღილაკზე გარკვევით?, – დათო ჭელიძე – ციფრული მარკეტერი.

არ უგულებელყოთ ეს შეცდომები საკუთარი იმეილ კამპანიის დაგეგმვისას. ცუდად განხორციელებული მარკეტინგი თქვენს კომპანიას დააზარალებს და დროსა და რესურსებსაც სულ ტყუილად დახარჯავთ. ეცადეთ, მომხმარებელს პირდაპირ არ შესთავაზოთ პროდუქტის ყიდვა, არამედ გაიგეთ მისი საჭიროებები და ტექსტში ისეთი ფრაზა ჩაურთეთ, რომელიც მის გულს მოიგებს. ჰო, კიდევ ერთი – მეილის ტექსტი არ უნდა იყოს უზომოდ დიდი და ის ყველაფერს ერთად არ უნდა მოიცავდეს: იყავით ლაკონიური, თქვით მოკლედ, მაგრამ გასაგებად და გამოყავით მთავარი სათქმელი.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით The New York Times-ის გამოცემა “The Big Ideas”- ის წარდგენა გაიმართა

შვედურმა კომპანიამ „ანტი-ნაბახუსევის“ აბები შექმნა